მამა-შვილმა ალიევებმა შევარდნაძისა და სააკაშვილის შეცდომებზე ისწავლეს... - კვირის პალიტრა

მამა-შვილმა ალიევებმა შევარდნაძისა და სააკაშვილის შეცდომებზე ისწავლეს...

რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის ფონზე ყარაბაღის ბოლო, მესამე ომის 24 საათში აზერბაიჯანის სრული გამარჯვებით დამთავრება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ეს უკვე ისტორიული რეალობაა, რომელიც მამა-შვილმა ალიევებმა სამი ათეული წლის განმავლობაში შექმნეს, მათ შორის სხვების შეცდომების გაანალიზებითა და გათვალისწინებით. სხვებში კი ვგულისხმობთ საქართველოს მეორე და მესამე პრეზიდენტებს, ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს, რომელთა მმართველობის დროს დაშვებულმა სტრატეგიულმა შეცდომებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საშვილიშვილო პრობლემები შეგვიქმნა.

არადა, ყველაფერი თითქოს ერთნაირად იწყებოდა, 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირის არსებობას წყალი შეუდგა და კრემლმა სპეცსამსახურების საშუალებით პრობლემების შექმნა დაუწყო­ იმ ჯერ კიდევ საბ­ჭოთა რესპუბლიკებს, რომლებშიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ სუვერენიტეტის მოსაპოვებლად.

თუკი საქართველოსთვის ასეთ ასაფეთქებლად გამზადებულ "ბომბებად" ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი შეირჩა, აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთი ერგოთ (ისე კი კრემლს თავიდან ქვემო ქართლში სურდა ქართველებისა და აზერბაიჯანელების გადაკიდება, მაგრამ აზერბაიჯანს უფრო ძლიერი და ისტორიული მეტოქე მოუძებნა სომხეთის სახით, რომელსაც მუდამ თვალი ეჭირა“მთიან ყარაბაღზე).

eduard-1695561903.jpg
ჰეიდარ ალიევი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, თუ რა მოუტანა შევარდნაძის საქართველოს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ჩაყენებამ...

როგორც რუსეთის სამხედრო ძალა და დიპლომატია დაეხმარა ოს და აფხაზ სეპარატისტებს 1992-93 წლებში, რომ შიდა გენოციდი მოეწყოთ და ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ქართველები გამოეყარათ, ისე 1994 წლისთვის რუსეთის უდიდესი დახმარებით სომხეთმა გაიმარჯვა ყარაბაღის პირველ ომში და თავად მთიანი ყარაბაღის გარდა, კიდევ შვიდ აზერბაიჯანულ რაიონზე დაამყარა კონტროლი.

1994 წლის 12 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველ ყარაბაღის ომში, რომლის შედეგებითაც აზერბაიჯანი ფაქტობრივად წაგებული გამოდიოდა, მაგრამ ქვეყნის სათავეში ახალდაბრუნებულ ჰეიდარ ალიევს სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა, რადგან სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული მისი ქვეყანა პირწმინდად აგებდა ომს რუსი სამხედროების დახმარებით გაძლიერებულ სომხეთის არმიასა და ყარაბაღელი სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებებთან. თუმცა ამ იძულებითი ხელშეკრულების წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი თურმე დიდ ბჭობაში ყოფილა.

როგორც ჩემი კოლეგა, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი იხსენებს, 2001 წელს ის ექსკლუზიურ ინტერვიუს ამზადებდა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, რომლის დროსაც შევარდნაძემ მას შემდეგი რამ უამბო: 1994 წლის მაისის დასაწყისში, როდესაც ხელი უნდა მოეწერათ ყარაბაღის პირველ ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე, თურმე ელცინმა ჰეიდარ ალიევს ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენება შესთავაზა, ისევე როგორც 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებით ცხინვალის რეგიონში, ხოლო 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით კი აფხაზეთში. შევარდნაძის მონაყოლით, ელცინის დაჟინებულ შეთავაზებაზე, რომ ყარაბაღში რუსი ცისფერჩაფხუტიანები ჩამდგარიყვნენ, ჰეიდარ ალიევს უპასუხია, მოდი, აზერბაიჯანი არ აჩქარდება, დააკვირდება, რამდენად გაამართლებს რუსული სამშვიდობო კონტინგენტების ყოფნა საქართველოში და მერე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებასო. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ჰეიდარ ალიევმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო 2003 წლის ოქტომბრამდე, თავისი პრეზიდენტობის ბოლომდე. ეს არც მის შვილს ილჰამს გაუკეთებია 17 წლის განმავლობაში, 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის ბოლომდე, როდესაც ყარაბაღში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ჩაყენება შეიძლება პუტინისთვის ილჰამ ალიევის ერთგვარ დათმობად იქცა, რათა გაემაგრებინა ამ ომში მიღწეული გამარჯვების შედეგი, მაგრამ როგორც 2023 წლის ყარაბაღის მესამე, 24-საათიანი ომის დროს გამოჩნდა, რუს ცისფერჩაფხუტიანებს ხელიც არ გაუნძრევიათ შეტევაზე გადასული აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ, მაშინაც კი, როდესაც აზერბაიჯანულმა სპეცრაზმმა მათი სარდლის მოადგილე თანმხლებ პირებთან ერთად დაუნდობლად ჩაცხრილა მანქანაში.

ბაქოში თავის დროზე კარგად გათვალეს­ ის სტრატეგიული შეცდომა, რაც საქარ­თ­ველოში რუსი სამხედროების როგორც სამშვიდობო ძალების ჩაყენების უფლების მიცემით ჯერ შევარდნაძემ დაუშვა და შემდეგ სააკაშვილმა გააგრძელა იმით, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე ოფიციალურად არ მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გაყვანა, რასაც მაშინ ხსნიდა წინამორბედი პრეზიდენტის, შევარდნაძის შეცდომით.

misha-1695561903.jpg

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, უფრო სწორად კი მდინარე ენგურის ორივე მხარეს, გალის რაიონსა და სამეგრელოში რუსი ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის ოფიციალურად ჩაყენება ძალზე მძიმედ დაგვიბრუნდა უკან ჯერ 1998 წლის გალის მოვლენებისას, შემდეგ 2004 წლის ცხინვალის ომის დროს, ხოლო დამაგვირგვინებლად იქცა 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც კრემლმა ცხინვალში„ცისფერჩაფხუტიანების დაცვის საბაბით რუსეთის არმია საქართველოს შემოუსია, მათ შორის აფხაზეთში, სამეგრელოსა და კოდორის ხეობაში, სადაც მანამდე საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და არავინ ემუქრებოდა რუს ვითომ მშვიდობისმყოფელებს...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მამა-ალი­ევმა შევარდნაძის ეს დიდი შეცდომა,­ საქართველოში რუსი სამხედროებისთვის­ სამშვიდობო მანდატის მინიჭება, დრო­ულად­ გამოიცნო და იგივე არ დაუშვა, მაგრამ შვილი-პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, არანაკლებ გამჭრიახი გამოდგა და თავისი­ ქვეყანა გადაარჩინა იმ საშვილიშვილო პრობლემას, რაც მისმა ქართველმა კოლეგამ, ამჯერად სააკაშვილმა დაუშვა. მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საოცარი სისწრაფით გაიზარდა იმის რწმენა, რაც შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში თითქმის ჩამქრალი იყო - საქართველო ისე გაძლიერდება, რომ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, თუნდაც ძალის გამოყენებით. ამ საოცარი სახალხო აღტყინების პერიოდში რჩებოდა ერთი მთავარი კითხვა - თუკი მართლაც გავაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და რაც მთავარია, გადავაიარაღებთ და ბევრად ბრძოლისუნარიანს გავხდით ქართულ არმიას, რომ ომით დაკარგულის ომით დაბრუნება შეძლოს, რა პოზიციას დაიკავებს კრემლი, რუსეთის არმია ნეიტრალური დარჩება თუ როგორც 1992-93 წლებში ოსი და აფხაზი სეპარატისტების მხარეს იბრძოლებს?

ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა­ ენიჭებოდა, რადგან თუკი კრემლი და პირადად პუტინი (რომელიც 2008 წელს აღარ იყო რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან მაინც მართავდა მთელ რუსეთს, რადგან პრეზიდენტი მედვედევი მხოლოდ ნომინალურ ფიგურას წარმოადგენდა) ხელს არ შეგვიშლიდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალის გამოყენებით აღდგენის დასაწყისში, მაშინ დიდი იმედი ჩნდებოდა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა (თუმცა ნურავინ იფიქრებს, რომ გინდა ცხინვალელი ოსები ან მით უმეტეს, სოხუმელი აფხაზები, ხელწამოსაკრავი ძალა იყვნენ, მით უმეტეს, თუკი პარტიზანული ომი გაჩაღდებოდა).

azer-1695562186.jpg
აზერბაიჯანის არმიამ ომით წაგებული ყარაბაღი ომში მოგებით დაიბრუნა, მაგრამ თავისი ჯარისკაცების შეტევაზე გაშვების წინ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავი დაიზღვია და პუტინისგან ამ ომში რუსეთის არ ჩარევის გარანტიები მიიღო...

ომის წინ პირადად ამ სტატიის ავტორს საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მეთაურობის ძალიან მაღალი დონის ჩინოვნიკები არაოფიციალურ საუბრებში არწმუნებდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა დიდი ეჭვი მაინც მქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, დამიდასტურდა, როდესაც 8 აგვისტოს შუადღისას ერგნეთში სახლის სახურავზე ასულს 30-40 მეტრ სიმაღლეზე ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა გადამიფრინა. ერთი მათგანის მთელ კილზე (კუდის შვეულ ფრთასხმულობაზე) რუსული სამფეროვანი დროშა ეხატა - ესე იგი, რუსეთი ჩაება ომში საქართველოს წინააღმდეგ - ანუ საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილის თამადობით ვერ გათვალა, რუსეთი ჩაერთვებოდა თუ არა იმ პროცესში, რომელიც რეალურად მზადდებოდა - საქართველოს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობილების აღდგენაში, რასაც თავიდან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც მიესალმებოდა, ყოველ შემთხვევაში, დაწყების პირველ დღეს მაინც, სანამ...აგვისტოს ომის შედეგი, რომელიც ფატალური აღმოჩნდა საქართველოსთვის, მსოფლიოსა და პირველ რიგში ნატოს წევრი ქვეყნებისთვის გაკვეთილად ვერ იქცა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ვერ "გამოიღვიძა"“და შედეგად მიიღო ჯერ 2014 წლის ყირიმის ანექსია, ბოლოს კი 2022 წლის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. მაგრამ ბიუროკრატიაში ჩაძირული დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უდიდესი შეცდომიდან (კრემლის რეალური მიზნის უგულებელყოფა) გაკვეთილი ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა მიიღომისი იმდროინდელი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახით.საქმე ის არის, რომ თავად ილჰამ ალიევი აპირებდა 2008-2009 წლებში გადამწყვეტი ბრძოლების გამართვას ჯერ სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ხუთი რაიონის გასათავისუფლებლად, და თუ წარმატებას მიაღწევდა, კიდევ ორი რაიონის დაბრუნებას ყარაბაღთან ერთად.

2008 წლის აპრილში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ისედაც ყველაზე დიდი აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც 1,3 მლრდ დოლარს შეადგენდა, აუცილებელი იყო სასწრაფოდ 2 მლრდ დოლარამდე გაეზარდათ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ ქვეყანა მთიანი ყარაბაღის ძალისმიერი გზით დასაბრუნებლად გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ამ ვარაუდს ამყარებს Aაზერბაიჯანის 2007-2008 წლებში სამხედრო შესყიდვების გრძელი სიაც თავისი არმიის თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით გადასაიარაღებლად.ყველაფერი მიუთითებდა, რომ პრეზიდენტი ალიევი ემზადებოდა გადამწყვეტი ნაბიჯისთვის, მთიანი ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოსაგვარებლად... და უცებ მას სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა "დაასწრო"... კრემლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ, დაეწყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო აგრესია, ბევრი გააოგნა, რადგან ბევრი დასავლელი ლიდერი თვლიდა, რომ მოსკოვი ასეთ ღია სამხედრო აგრესიას არ მოინდომებდა.ეს გაფრთხილებად იქცა ოფიციალური ბაქოსთვის, რადგან აზერბაიჯანის დაზვერვამ დაადგინა, რომ ორი მიმართულებიდან საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული რუსული სამხედრო აგრესიის გარდა, მომზადებული იყო საქართველოზე შეტევის მესამე მიმართულებაც - კერძოდ, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან გამოსული რუსული ჯავშანკოლონა მიადგა სომხეთ-საქართველოს საზღვარს და ელოდა ბრძანებას მის გადასალახავად. მაშინ მოსკოვს ამ ბრძანების გაცემა აღარ დასჭირდა, რადგან ორიოდე დღეც საკმარისი აღმოჩნდა როგორც ცხინვალის, ისე კოდორის ხეობისა და სამეგრელოს მიმართულებით სრული რუსული სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. ამასთან, აღარ გაართულა სომხეთის პოზიციაც, რადგან ამ ქვეყნის საზღვრიდან შეჭრილი თუნდაც რუსული სამხედრო ძალა საქართველოში აღიქმებოდა როგორც რუსულ-სომხური ერთობლივი აგრესია, არადა, სომხეთი გარე სამყაროს და უპირველესად რუსეთს ხომ სწორედ საქართველოზე გავლით უკავშირდება.

ბაქოში საღად გააანალიზეს აგვისტოს ომის დაწყებაზე გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ოპერატიული რეაგირება და ისიც გაითვალისწინეს, რომ რუსეთ-სომხეთის საერთო თავდაცვის შესახებ 1997 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, ასევე ერთობლივი უსაფრთხოების თაობაზე 2000 წლის სოჭის შეთანხმება გულისხმობდა რუსეთის მიერ სომხეთის სამხედრო დახმარებას, თუკი სომხეთს რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან ომი მოუწევდა.

აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, ბაქოში საქართველოს ბედის გაზიარება არ ისურვეს და მოქმედების სხვა სტრატეგია აირჩიეს. 2008 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სრული უპირატესობით მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა და ორიოდე კვირაში მოსკოვში რუსეთის შუამავლობით სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ხელი მოაწერა "მთიანი ყარაბაღის შესახებ" დეკლარაციას, რომელიც ამ პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური გზით მოგვარებას ითვალისწინებდა. ეს ნიშნავდა თუ არა, რომ ოფიციალურმა ბაქომ საბოლოოდ თქვა უარი ძალით დაკარგულის ძალით დაბრუნების ცდაზე? როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, სულაც არა, უბრალოდ, პრეზიდენტმა ალიევმა მეზობელი საქართველოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით მთიანი ყარაბაღის და კიდევ შვიდი რაიონის დაბრუნების არა ხისტი, არამედ სამხედრო-პოლიტიკურად უფრო მოქნილი სტრატეგია აირჩია.

ოფიციალური ბაქო განაგრძობდა სამხედრო ბიუჯეტის ზრდას და უახლესი საბრძოლო ტექნიკის შეძენას, ოღონდ არა მარტო თურქეთიდან და ისრაელიდან, არამედ თვით... რუსეთიდან. რუსეთში დაინახეს, რომ თუკი სომხეთში შეიარაღებას კრედიტით ყიდდნენ ან სულაც ჩუქნიდნენ, აზერბაიჯანმა იმავე რუსულ ტანკებსა თუ "სმერჩებში" მილიარდობით დოლარი ნაღდი ფულის გადახდა დაიწყო მსოფლიო ფასების შესაბამისად.

ამის პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა წლების განმავლობაში ახლო, თითქმის მეგობრული ურთიერთობა დაამყარა რუს კოლეგა პუტინთან (დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ ილჰამის მამა ჰეიდარ ალიევი კა-გე-ბეს დროინდელი ცნობილი ფიგურა გახლდათ, რომელსაც პუტინი დიდ პატივს სცემდა). სახელმწიფოს ლიდერების პირადი ურთიერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს, პირადი წყენა კი ქვეყნებს შორის რთულ დაპირისპირებაშიც გადაიზრდება ხოლმე. ამის მაგალითი იყო სწორედ პუტინ-სააკაშვილის პირადი ურთიერთობის დიდი პრობლემები, რამაც უთუოდ მოახდინა გავლენა აგვისტოს ომის დაწყებაზეც.

ილჰამ ალიევმა სწორი ტაქტიკა აირჩია, რითაც სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი უფრო სასურველ და პერსპექტიულ პარტნიორად იქცა რუსეთისთვის, ვიდრე სომხეთი, რომელიც ამაყობდა რუსეთის ფორპოსტის ისტორიული როლის შესრულებით ჩვენს რეგიონში.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის ფაქტორმა, რადგან ერდოღანთან პოლიტიკური თამაშებით პუტინი რეალურად ასუსტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციონირებას შავი ზღვის რეგიონში.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის ნეიტრალური პოზიციის გამო ყარაბაღის მესამე ომშიც ალიევი პუტინის მოვალე გახდება, ცოტა ხანში ბაქო მოითხოვს უკვე მიერთებული ყარაბაღიდან რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ გაყვანასაც და აზერბაიჯანი დაასრულებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მრავალწლიან ურთულეს და ძალზე ძვირადღირებულ, მაგრამ მაინც წარმატებულ პროცესს.

ამის გამეორებას დაახლოებით იმავე სქემით საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, თუკი კრემლი ყარაბაღელი სომხების ინტერესებივით „გაყიდის“ ოსი და აფხაზი სეპარატისტების ინტერესებს, მაგრამ რას მოითხოვს ის სამაგიეროდ საქართველოსგან? სრულ დამორჩილებას?