„თუკი კეზერაშვილს შერჩა ყველაფერი, გაგიკვირდებათ, ფარცხალაძესაც რომ შერჩეს?“
დასანქცირებულ ფარცხალაძეს, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორიც იყო და უფრო მეტად გერმანიაში ბოტასების ქურდობითა და საქართველოში ხალხის დარეკეტებით არის ცნობილი, ხელისუფლება ისე გადაეფარა, რომ ინსტიტუციურ კოლაფსამდეც კი მივიდა, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რამდენიმე საათში შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომ ფარცხალაძეს სანქციები არ შეეხებოდა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებისა და მრჩევლის გადადგომა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ რამდენიმე საათში თავისი ქონების შვილისთვის გადაფორმება მოასწრო, იუსტიციის სამინისტრომ ასევე დაჩქარებულად მოითხოვა მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მან საქართველოსთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხი საქართველოში უნდა აგოს, რასაც, ცხადია, პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთია, სამართლებრივად ჰქონდა თუ არა ზურაბიშვილს ამის უფლება და აქვს თუ არა მნიშვნელობა პირის მოქალაქეობას, თუკი დანაშაული მტკიცდება, და მეორე ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა. როგორც კონსტიტუციონალისტი, ილიაუნის პროფესორი კოტე ჩოკორაია "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, "აქ რამდენიმე სამართლებრივი საკითხი იყრის თავს. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტის დისკრეციაა, ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და თეორიულად უფლება აქვს მოქალაქეობის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. თუმცა ეს უნდა იყოს კანონთან შესაბამისი, კანონი კი ამბობს, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა. ამიტომ, ჩემი აზრით, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პრეზიდენტს დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. დანარჩენი უფრო შეთანხმების საკითხია და მისი ახსნა პოლიტიკურად იქნება დამაჯერებელი ან არა. მეორე მხრივ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას საფრთხე არ შეექმნება მაშინაც კი, თუ ის საქართველოს მოქალაქე არ იქნება და რუსეთის სასარგებლოდ მისი ჯაშუშობა დამტკიცდება. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქართული სასამართლო ჩვეულებრივ მიიღებს საქმეს წარმოებაში. არის მეორე მომენტიც - მე არ ვაფასებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ მომწონს რამდენიმე საათში შეცვლილი გადაწყვეტილება, რათა სანქციები ფარცხალაძეს არ შეხებოდა, მაგრამ თუ ის საქართველოს მოქალაქედ დარჩება, მოქმედი წესების შესაბამისად მასზე არ გავრცელდება სანქციებთან დაკავშირებული შეზღუდვები და თავისუფლად შეეძლება საბანკო ოპერაციების წარმოება, სანამ სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს. ამიტომ ეს პრობლემები დგას". რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და საერთოდ, ფარცხალაძის სკანდალმა რა აჩვენა, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:
- როდესაც ამერიკიდან მოვიდა ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენდა ფარცხალაძე, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ფარცხალაძეს მისცა საშუალება, რომ ქონება თავისი შვილისთვის გადაეფორმებინა და ამ გზით აეცილებინა სანქციები. პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მას მოქალაქეობას არ ჩამოართმევს. მან თქვა, რომ არ ჩამოართმევს ამ ეტაპზე. არც კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეობის ჩამორთმევის შუამდგომლობა მყისიერად უნდა დააკმაყოფილოს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურია და ხელისუფლება იძულებული იქნება ზომები მიიღოს ფარცხალაძის წინააღმდეგ. როგორც ეს გაკეთდება, პრეზიდენტი მოაწერს ხელს განკარგულებას. თუმცა დარწმუნებული ვარ, ფარცხალაძე საქართველოში აღარ არის, უკვე გააპარებდნენ რუსეთში.
ახლა კანონთა ომია, რადგან პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა ამით კონსტიტუცია, ამას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უპასუხოს.
- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" ამასაც გაასაჩივრებს?
- არა მგონია, პიარისთვის გამოიყენებენ და ეგ იქნება. ახლა მათთვის მთავარი ფარცხალაძის გადარჩენაა.
- პოლიტიკურად პრეზიდენტის ამ ნაბიჯს რა ეფექტი აქვს?
- რთული სათქმელია. "ქართულმა ოცნებამ" იმდენად შორს შეტოპა, ასეთი გადაწყვეტილებები დიდი შედეგის მომტანი არა მგონია. თუმცა ის, რომ პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ამ საკანონმდებლო ომში მნიშვნელოვანია. ზურაბიშვილისთვის ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ის პროდასავლური კურსის ერთგულია, ოპოზიცია კი როგორ გამოიყენებს ამას, სხვა საქმეა.
- ფარცხალაძე რატომ გახდა "ქართული ოცნებისთვის" ასეთი მნიშვნელოვანი? ქართული პოლიტიკა რატომ დადგა ფარცხალაძეკეზერაშვილის არჩევანს შორის?
- პოლიტიკა არაფერ შუაშია, კითხვა უნდა დაისვას ასე: რა დღეშია ჩვენი საზოგადოება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც ფარცხალაძის დედაპარტიას, ასევე კეზერაშვილის პარტიას ჯამურად მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს. ეს კატასტროფაა და სწორედ ამით საზრდოობენ ერთიც და მეორეც. რატომ გადააყოლა ფარცხალაძეს ქვეყანა "ქართულმა ოცნებამ"? იმიტომ, რომ ყველამ შინ და გარეთ დაინახოს, რომ სისტემა თავის ერთგულ ხალხს არ წირავს. თუმცა ეს მანამდე, ვიდრე შეუძლია, მაგრამ როდესაც ისეთ დღეში ჩავარდება, როგორშიც "ნაცმოძრაობა", როდესაც თავისივე წევრების გაწირვამ მოუწია 2012 წელს. ისე, კეზერაშვილისა და ფარცხალაძისთანები ყოველთვის ახერხებენ თავის გადარჩენას, ასე ვთქვათ, დალაგებას ხელისუფლებებთან. თუმცა ფარცხალაძეს ცოტა უფრო გაუჭირდება, რადგან მის საქმეში უკვე ჩვენი პარტნიორები დომინირებენ და კეზერაშვილისგან განსხვავებით, ფარცხალაძეს მოუწევს რუსეთში ყოფნა და ცივილიზებულ სამყაროს, ალბათ, ვეღარ გაეკარება. თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ისიც არ ვიცით, რა იქნება, ვგულისხმობ მისი და მისი ოჯახის საერთაშორისო სანქცირებას. ისე, თუკი კეზერაშვილს შერჩა ყველაფერი, მათ შორის ქონება, გაგიკვირდებათ, ფარცხალაძესაც რომ შერჩეს?
- ფარცხალაძის საქმიანობა ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენდა და უღირდა "ქართულ ოცნებას" ასე გადაფარება?
- სახელისუფლებო სისტემა უკვე მოირყა, ძველებურად ვეღარ მუშაობს. როდესაც ავტორიტარული რეჟიმია, დროთა განმავლობაში ის ან უნდა გადავიდეს დიქტატურაში, ან რეჟიმი გახრწნას იწყებს. ასე დაემართა "ნაცმოძრაობასაც". 2011 წელს აქციის დარბევის შემდეგ თითქოს უფრო დიქტატურისკენ წავიდა, მაგრამ რესურსი არ ეყო და ჩამოიშალა. დიქტატურას რესურსი სჭირდება, რაც საქართველოში არ არის. ამიტომაც 2012 წელს მოხდა ის, რაც მოხდა, რადგან სისტემამ ვეღარ გაუძლო. ანალოგიური პროცესია ახლაც. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების გადადგომაც მოასწავებს, რომ სისტემაში უკვე ბზარებია. "ქართული ოცნება" სისტემაზე დგას და თუ სისტემა ირღვევა, ის ძალაუფლებას კარგავს. "ქართული ოცნებაც" კარგავს ძალაუფლებას, რადგან ფაქტია, სისტემა ნელ-ნელა ირღვევა. ეს ძალიან კარგად იციან. ფარცხალაძე სისტემამ დაიცვა იმის საჩვენებლად, რომ ვითომ სისტემა მუშაობს, არ ეშინია არავისი, არც გარედან, არც შიგნით. სისტემა ამით თავისი ძლიერების დემონსტრირებას ცდილობს, ისევე, როგორც 2011 წელს "ნაცმოძრაობა" ცდილობდა. ეს საკუთარი თავის დაცვის ცდაც არის. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდნენ. აღარაფერს ვიტყვი იმათზე, ვინც მეტ-ნაკლებად კორუფციაში ურევია. ამიტომაც ამ ხალხისთვის გარანტიების დემონსტრირებაც მოახდინეს. რაც შეეხება გარე პარტნიორებს, "ქართულ ოცნებას" დიდი ხანია არ აინტერესებს, გარეთ რას იფიქრებენ. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მართოს. თუმცა სისტემამ რღვევა დაიწყო და საშუალო და ქვედა რგოლებს ვერაფრით, ვერანაირი დაპირებებით ვეღარ დაიჭერენ. ბიზნესსექტორიც თითქოს დღეს ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან, მაგრამ გავიხსენოთ, ეს ის ხალხია, რომელთა დიდი ნაწილი მჭიდროდ თანამშრომლობდა "ნაცმოძრაობასთან". სისტემა რაც უფრო მეტად დაიწყებს რყევას და ნათელი გახდება, რომ აღარ მუშაობს, ცხადია, ეს ხალხი არც აქციაზე გამოვა და არც იტყვის რამეს. მაშინვე დაიწყებენ ახალი პატრონების ძებნას. მოკლედ, სახელისუფლებო ვერტიკალი ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს და მივალთ იქამდე, რომ ხელისუფლება, სურს თუ არა, იძულებული იქნება დათმოს ძალაუფლება.
- ფარცხალაძის ამბების გამო გამართულ აქციაზე ცოტა ხალხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის შედეგები, რაც ხელისუფლების, ეროვნული ბანკის ქმედებებს შეიძლებოდა და შეიძლება მოჰყვეს, ნებისმიერ ადამიანზე ახდენს გავლენას. ვგულისხმობ ფინანსურ კოლაფსს, რაზეც უკვე ლაპარაკობენ ბანკები. რით ხსნით აქციაზე ხალხის სიმცირეს?
- "ნაციონალები" სადაც რამეს დააპირებენ, იქ ძალიან რთული იქნება ხალხის გამოყვანა. ხალხის 2/3-ც შეგუებულია, რომ ან თვითონ მონაწილეობს კორუფციაში, ან კორუფციონერ ხელისუფლებას უჭერს მხარს. წლებია ჩვენი საზოგადოება კორუფციულია. 1972 წელს შევარდნაძემ კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო და მერე ყველა ხელისუფლება მთავარ მიზნად კორუფციასთან ბრძოლას კი ასახელებდა და ასახელებს, მაგრამ მას შემდეგ სულ კორუფციაში ვართ. ამიტომ, როდესაც ხალხის 2/3 მაინც თვლის, რომ ფარცხალაძე ფულს კი აკეთებს, მაგრამ აბა, რა უნდა ქნას, რატომ არ უნდა გააკეთოს, აქციაზე რატომ გამოვა? ამასთან, "ნაცმოძრაობამ" ვის კორუფციაზე შეიძლება ილაპარაკოს? როგორც გამოჩნდა, თვითონაც კორუფციაში იყო გახვეული და რაც არ გამოჩნდა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რუსულ კანონს რომ იღებდნენ, მაშინ ახალგაზრდობა იმიტომ გამოვიდა, რომ მიხვდნენ, მათაც ეხებოდა. დღეს კი ამას ახალგაზრდობა მხარს არ დაუჭერს და არა იმიტომ, რომ თვითონ არის კორუფციული, არა, მათ არ სჯერათ, რომ ძალები, რომლებიც ფარცხალაძის კორუფციაზე ლაპარაკობენ, თავად არიან სუფთა. ამიტომაც არ გამოვიდა ხალხი და არც გამოვა. კიდევ ერთი საკითხია მუდმივი სულსწრაფობა - იწყებ რაღაცას ისე, არ გაქვს გააზრებული, რას და რატომ აკეთებ. ჯერ აქციაც არ იყო დაწყებული და ეგრევე პერმანენტულ პროტესტზე დაიწყეს ლაპარაკი. აქვე ვიტყვი - ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ჩემი აზრით, უნდა წარმოადგინოს დეკლარაცია, რა ფინანსებით ცხოვრობს და რაც აქვს, საიდან აქვს, რადგან მერე არ აღმოჩნდეს, რომ მათ პენსიონერ მამებს თუ სხვა ნათესავებს მილიონები აქვთ და წელიწადში რამდენჯერმე ჩუქნიან. უფრო მეტიც, ეს იმათაც უნდა გააკეთონ, ვინც ხელისუფლებებში მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და დაასაბუთონ, ახლა რაც აქვთ, საიდან აქვთ. იგივე უნდა ქნან იმათაც, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა უნდა, რათა ამ ჭაობიდან რაღაცნაირად ამოვიდეთ. კარგი იქნება, პარლამენტარებს, საერთოდ, მთავრობის მაღალჩინოსნებს, სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდეთ დეკლარაციის შევსების ვალდებულება, რადგან გადადგომიდან ერთ წელში მილიონერი არ აღმოჩნდეს, როგორც, მაგალითად, კეზერაშვილი. იქნებ რამენაირად დალაგდეს ქვეყანა, თორემ თუ ასე გავაგრძელეთ, არც ფარცხალაძეები მოგვაკლდება და არც კეზერაშვილები.
- როგორც ითქვა, ფარცხალაძის დაცვა პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.
- ივანიშვილის გარეშე ვინ რისი გამკეთებელია? სამწუხაროა, რომ დღეს ეს კაცი ასე იქცევა. არადა, მართლა შეეძლო დიდი კვალი დაეტოვებინა ისტორიაში და ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. დასანანია, რომ ის რესურსი (ფინანსურ რესურსს არ ვგულისხმობ), ნდობის რესურსი, ისე გაფლანგა, რომ დღეს მთელი ქვეყანა მასზე აგდებულად ლაპარაკობს. თუმცა იგივე გააკეთეს გამსახურდიამ, შევარდნაძემ, სააკაშვილმა. არ ვიცი, ხელისუფლებაში ამ ხალხს რა ემართება, ყველას ჰქონდა შანსი და არც ერთმა არ ან ვერ გამოიყენა, ან არ იცოდნენ, არ ვინმესი ეშინოდათ.
- ფარცხალაძის ამბების პარალელურად სუს-მა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ფაქტობრივად მტკიცებულების გარეშე მოქალაქეები გადატრიალების მოწყობის ცდაში დაადანაშაულა. წინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ელოდება უარყოფით პასუხს, რასაც აქ პროტესტი მოჰყვება და შესაძლოა მართლა ამ ფორმამდე მივიდეს საქმე?
- თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მე ველოდები, რომ საპროტესტო აქციები იქნება, მაგრამ არა ისეთი სიმძლავრის და სიმძაფრის, როგორც მარტში, რადგან ახალგაზრდობამ იცის, რომ ეს თემა აქ არ წყდება. სხვა თემაა არჩევნების შედეგები. არჩევნებზე შესაძლოა ძალიან მძიმე ვითარება მივიღოთ, თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. რაც შეეხება სუს-ს, რომელიც ამბობს, ეს მოხდებაო, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საზოგადოება დააშინოს და მეორეც, წინასწარ ამზადებს ნიადაგს სამერმისოდ, რომ ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეს. თუ რაღაც მოხდება, იტყვის, აი, რასაც ვამბობდით, მოხდაო, და თუ არ მოხდება, იტყვის, რომ ვთქვით, ამიტომ არ მოხდაო. ამიტომაც პარალელების გავლება თუნდაც 2012 წელთან ან 2003-თან და აღარაფერს ვამბობ, 1991-92 წლებზე, როდესაც დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, არ შეიძლება, რადგან ასე მარტივად არ არის საქმე. ლორთქიფანიძე კი არა, გენიოსები ვერ ახერხებენ არეულობის მოწყობას, თუ რეალური ნიადაგი არ არის, ნიადაგი კი იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება იყოს, რა თქმა უნდა, არ არის. დღეს არ არის, ხვალ შეიძლება იყოს და არა იმიტომ, რომ ამას ლორთქიფანიძე და ვიღაცები გარედან აკეთებენ. მეორე საკითხია ის, რომ ფარცხალაძის ამბავს დღეს არ ჰქონდა საზოგადოების ისეთი რეაქცია, როგორსაც ველოდით, თუნდაც ახალგაზრდებისგან, მაგრამ ეს ხომ ილექება? კრიზისი ნელ-ნელა მწიფდება და ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება მის განმუხტვას მოახერხებს. როცა სისტემა ლპობას იწყებს, ძალიან დიდი პერეტურბაციებია საჭირო, რომ რღვევისგან დაიცვა და მეეჭვება "ქართულმაც ოცნებამ" ეს მოახერხოს. რა თქმა უნდა, შეეცდება და ველოდები, რომ ღარიბაშვილი და მისი გუნდი მალე ჩამოშორდებიან ხელისუფლებას, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, ძალიან გაუჭირდება რეალობის შეცვლა. იმდენად მძიმე ვითარებაა და იმდენად ძირეული რეფორმებია საჭირო, მეეჭვება, "ქართულ ოცნებას" ამის ან ადამიანური, ან პოლიტიკური რესურსი ჰქონდეს. სისტემის შეცვლაა საჭირო, ამის თავი კი ამათ ნამდვილად აღარ აქვთ, მით უმეტეს, ნდობა დაკარგეს და ახლა რაც არ უნდა ქნან, მოსახლეობაში აღიქმება როგორც მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები.
რუსა მაჩაიძე