„ალბათ, პრეზიდენტს აქვს მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილება შეცვალა“ - კვირის პალიტრა

„ალბათ, პრეზიდენტს აქვს მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილება შეცვალა“

ქართულ პოლიტიკურ ველზე პროცესების გააქტიურებას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს და ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში დაძაბულობა უფრო გამწვავდება: "2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს. ემიგრანტებსაც მუდმივად უნდა ველაპარაკოთ იმაზე, რომ ის ერთი დღე, ქვეყანაში იქნება თუ მის გარეთ, გამოითავისუფლონ და საკუთარი პოზიცია საარჩევნო ყუთთან დააფიქსირონ". მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უაღრესად აზიანებს. "პარტია სამართლიანობისთვის" ლიდერი ამ საკითხებზე ვრცლად გვესაუბრება:

- ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეცვლის საკუთარ მიკროსამყაროს უკეთესობისკენ, თუ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა. მმართველმა პარტიამ რეალური სახე გამოაჩინა და სამწუხაროდ, ის პრორუსული აღმოჩნდა. ის, რომ "ქართული ოცნება" რუსული გავლენისგან თავისუფალი არ არის, უფრო ართულებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხს. დრო ბევრი აღარ დაგვრჩა, "ქართული ოცნება" კი არათუ პოლარიზებას არ ასრულებს, უფრო აღვივებს დაპირისპირების კერებს და ააქტიურებს აგრესიულ ჯგუფებს. გლდანში დაპირისპირებაც ამის ნათელი მაგალითია.

- რას ფიქრობთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ განცხადებაზე?

- სიმართლე გითხრათ, გამეცინა! 15 წელია ასეთი განცხადებები მესმის."ნაციონალური მოძრაობაც" ყველას, ვინც კრიტიკულ, საწინააღმდეგო აზრს გამოვხატავდით, შეთქმულების მომწყობებად, აგენტებად, გადამტრიალებლებად გვასახელებდა, ახლა იმავეს ლაპარაკობს ჩემი ყოფილი პარტია. ყავლგასული და აუტანელია პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთისთვის ასეთი იარლიყების მიკერება. გამორიცხული კი არაფერია, მით უფრო, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორიც "ნაცმოძრაობაა". ამ ხალხზე წარმოდგენა კი არ შემიცვლია, მათზე ახლაც იმას ვფიქრობ, რასაც მათი ხელისუფლებაში ყოფნისას ვუყურებდი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არც "ქართული ოცნების" ბრალდებაა დამაჯერებელი. უსაფუძვლო ბრალდებებშიც კი ერთნაირი ხელწერა აქვთ, ლექსიკონიც კი საერთო აქვთ. იცით, ეს მსგავსება რით არის განპირობებული? დღესაც ის პირები არიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, რომლებიც "ნაციონალების" დროს იყვნენ.

- სხვათა შორის, მმართველი გუნდის ლიდ­ერები ოთარ ფარცხალაძეს­ მიიჩ­ნევენ უარგუმენტო ბრალდებების მსხვერპლად.

- ეგ ძალიან სასაცილოა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თუ არა ფარცხალაძის დასანქცირების დოკუმენტი, "ქართული ოცნების" ლიდერები მაშინვე გაემიჯნენ, ისიც კი თქვეს, 10 წელია მაგ კაცთან არაფერი გვაკავშირებსო, და ახლა თავგამოდებით დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ეს არის მათი საეჭვო კავშირების ერთ-ერთი მტკიცებულება. მართლა ძალიან მძიმეა ამერიკელების წაყენებული ბრალდება. ეჭვების გასაფანტავად ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური გამოძიების ჩატარება. მეც დიდი ინტერესით დაველოდები.

- რას ფიქრობთ საქართველოს ეროვ­ნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მოქმედებაზე? შეიძლება თუ არა ის შანტაჟის მსხვერპლი გამხდარიყო, როდესაც ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვა მოუხსნა?

- ის, რაც ნათია თურნავამ გააკეთა, ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. მის საქციელს არაფერი ამართლებს, მათ შორის არც შანტაჟი ან ხელისუფლებაში მყოფი პირების მოთხოვნები. თუ ადამიანი ეწინააღმდეგება უკანონო დავალებას, მან უნდა დატოვოს თანამდებობა და ზეწოლაზე საჯაროდ უნდა ისაუბროს. ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია. ცხადია, ნათია თურნავამ შესაბამისი დავალების მიღების შედეგად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ ამართლებს, ის დანაშაულის თანამონაწილეა. პრეზიდენტის წუხილი აბსოლუტურად მესმის, მართლა ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს ენდობი­ და ის კრიტიკულ სიტუაციაში ამგვარად მოიქცევა. ყველამ უნდა იცოდეს,­ რომ ისტორია მათ აუცილებლად განსჯის და თანაც იმაზე მკაცრად, ვიდრე წარმოუდგენიათ.

- თქვენ, როგორც პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, როგორ ფიქრობთ, რა გახდა მთავარი წყალგამყოფი სალომე ზურაბიშვი­ლსა და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის?

- წყალგამყოფი ღირებულება გახდა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ევროპელი, ევროპული არჩევანის ერთგული, "ქართულმა ოცნებამ" კი ზურგი აქცია ევროპულ გზას და რუსული გავლენების დემონსტრირება დაიწყო. განსხვავებები ადრეც იგრძნობოდა, მაგრამ უკრაინის ომმა ყველაფერი უფრო ნათელი გახადა. მმართველი პარტია ვერ ეგუება ვერავის, ვინც მათ ენაზე არ საუბრობს, ვინც განსხვავებულად ფიქრობს ან აკრიტიკებს. ძალიან აგრესიულები გახდნენ! ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ იმ გუნდისგან, რომელიც ახლა დარჩა ხელისუფლებაში, ღირებულებებისთვის არასდროს არავის უბრძოლია. ესენი არიან მედროვეები, მატერიალური კეთილდღეობისა და კომფორტისთვის პარტიიდან პარტიაში მორბენალი ადამიანები.

- თქვენი აზრით, ბოლოს და ბოლოს, დადგება პრეზიდენტის იმპიჩმენტი?

- ძალიან რთული დავალება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. მომხსენებელი ემა გოცირიძე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, რომელმაც კარგად იცის კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები. მიჭირს რამის თქმა, ნამდვილად არ იქნება მარტივი დასკვნის დაწერა, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე განსხვავებული აზრი დაფიქსირდება, ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ იქნება, მაგრამ საით იქნება უმრავლესობა, ეს აღარ ვიცი.

- ოპოზიცია გააკვირვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის წარდგენამ. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

- ამის შესახებ, ალბათ, პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას.

- მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეცვლაც ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

- ალბათ, პრეზიდენტს აქვს მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილება შეცვალა. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციებს გაივლიდა იურისტებთან. ჯაშუშობა სპეციფიკური მუხლია. საქართველოს მოქალაქე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ალბათ, ამ მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს საქმე. თუმცა დეტალებზე დარწმუნებით ვერ ვისაუბრებ, ალბათ, ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილი უფრო ვრცელ განმარტებას გააკეთებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ ახლა პროცესების განვითარება?

- მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ვფიქრობ, ყველაფერი უკეთესობისკენ შემოტრიალდება. საკუთარი თვალით მინახავს, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, როგორ იცვლება ცუდი რეალობა კარგით. ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ხელისუფლების შეცვლა. რაც შეგვიძლია, ის აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. "ქართული ოცნება" ჩვენს ნდობას ნამდვილად აღარ იმსახურებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის წარსულით კი არა, მომავლით შევცვალოთ.კარგი იქნება, თუ საზოგადოება სხვადასხვა პარტიაზე გააკეთებს აქცენტს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მომავალში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს და ქვეყანა ერთი პირის ან თუნდაც ერთი პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ყველამ ვიმუშაოთ და ერთმანეთს არ ვუყუროთ.

ხათუნა ბახტურიძე