„მე არ გავლახულვარ... “ - კვირის პალიტრა

„მე არ გავლახულვარ... “

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძის აზრით, ფარცხალაძის დაცვა, ოპოზიციის ლიდერების ცემა და დაკავება მიუთითებს, რომ მმართველ გუნდს არეულობა და ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება აქვს დაგეგმილი.

- ყველაფერი ნათელია, ხელისუფლების მითითებით სუს-ი აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობას" და უკრაინაში მოღვაწე ქართველებს საქართველოში დესტაბილიზაცია უნდოდათ და ამის პარალელურად ხელისუფლებასთან დაახლოებული კრიმინალები ოპოზიციონერ ლიდერებს ესხმიან თავს. "ოცნება" რუსეთის ჯაშუში ფარცხა­ლაძის დამცველად გადაიქცა და ცდილობენ დასაჯონ ყველა, ვინც ამ მარაზმზე ხმას ამოიღებს. ჩვენ პარლამენტში ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ ქუჩაში ვისაც მოიხელთებენ, თავს ესხმიან...

- სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თქვენც გაილახეთ.

- მე არ გავლახულვარ, მაგრამ რომც გავლახულიყავი, მერე რა?! მთელმა საქართველომ ნახა კობახიძის დამფრთხალი თვალები, ქალები რომ იცავდნენ. ურჩევნიათ ქვეყანას მიხედონ. ხომ ნახეთ, რა თქვა მინისტრმა გომელაურმა? თურმე მეწყერიც ხდება, უბედური შემთხვევებიც და ხალხმა თავს თავად უნდა უშველოს, ბიუჯეტი­ კი ფარცხალაძისა და მსგავსი ჯაშუშების დასაფინანსებლად სჭირდებათ. შოვის ტრაგედიის შემდეგ გურიაში სტიქია მოხდა, მაგრამ ხელისუფლება არც იქ ჩავიდა. პაატა მანჯგალაძე და ლევან ხაბეიშვილი აგვარებდნენ იქ ხიდების აღდგენის საქმეებს.

- სხვათა შორის, მამუკა მდინარაძემაც დასვა კითხვა, სად იყო შოვის ტრაგედიის დღეებში გარუჯული ვაშაძეო.

- კარგად მახსოვს, როცა შოვში მივდიოდი, თქვენ მირეკავდით და ძლივს მოვახერხეთ საუბარი. ხომ ადასტურებთ ამას? მე "ოცნების" წევრი კი არა ვარ, ტრაქტორის ციცხვზე რომ შემოვმჯდარიყავი და ისე მეპოზიორა ტელეეკრანების წინ. ჩავედით, ბევრ ჩვენს მოქალაქეს შევხვდით, სამძიმარიც გამოვხატეთ. ყველაფერი პრემიერის ბრალია, ის არ ჩავიდა დროულად, მან არ გააკონტროლა სამაშველო ღონისძიება.

- როცა თქვენ პრემიერ ღარიბაშვილს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდით, ის გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე გამოდიოდა სიტყვით. სხვათა შორის, სოცქსელში გავრცელდა ფოტოები,­ სადაც ღარიბაშვილი პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი მეუღლის შუაში დგას. როგორ გგონიათ, რა შეიძლება ეთქვა ბაიდენს კამერების მიღმა ღარიბაშვილისთვის?

- ბაიდენთან თითო ფოტო ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა გადაიღო, რაც შეეხება კულუარულ საუბრებს, ბაიდენი ეტყოდა, ფარცხალაძე დასაკავებელია და მის გარდა კიდევ ბევრი აგენტია გამოსავლენიო. კარგია, ეს შეხვედრები რომ შედგა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ყველა მტკიცებულებას გადასცემდნენ.

- თქვენ როგორ ახსნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვის მოხსნის შესახებ?

- ეს არ იყო მხოლოდ ფარცხალაძისთვის. ყველაზე კარგად "ქართული ოცნების" ლიდერებმა იციან, ვის რა ანგარიშები აქვს. ისიც იციან, რომ ადრე თუ გვიან ბევრ მათგანს მოუწევს დასანქცირება. შეიძლება ითქვას, ამ ამბის მიზანი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს "ქართუ ბანკი" თავის ჯიბედ დაეტოვებინა. რაც შეეხება ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხს, იუსტიციის სამინისტრომ ჯერ გადააფორმებინა მილიონობით აქტივი და მერე დაიწყო მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, მაგრამ ახლა პრეზიდენტი გამოგვიხტა, გაუგებარ მიზეზებს იგონებს, თურმე საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. სრული აბსურდია, მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე გაცილებით ადვილი ხელმისაწვდომია საერთაშორისო­ ორგანიზაციებისთვის. პრეზიდენტის ორმაგმა სტანდარტმა ბევრი კითხვა გააჩინა - ჯერ თქვა, სასწრაფოდ მომმართოს იუსტიციამ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნითო, ახლა თავად აღარ აუქმებს. კითხვები არის ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილის წარდგენის შესახებაც. ჯერჯერობით, ზურაბიშვილი რასაც აკეთებს, ისევ "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

- რა ხელს აძლევს "ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილის განცხადებები და ნაბიჯები?

- შეიძლება კულუარებში დაიწერა სცენარი, რომ ივანიშვილს ზურაბიშვილის მედასავლეთედ წარმოჩენა აწყობს. არ ვიცი, რას ხლართავენ, უკვე ძალიან ბევრი ფაქტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დამოუკიდებლად არ თამაშობს.

- ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის საკითხის შემდეგ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დააანონსა, მაგრამ ხალხი არ გამოვიდა.

- აგენტების შესახებ კანონს რომ იღებდნენ, მაშინ ამაზე ცოტა ხალხი გამოვიდა პირველ ჯერზე. გარდა ამისა, ჩვენი ამოცანა ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი არა, ხელისუფლების შეცვლაა. ჩვენ არ მივეცით რუს ჯაშუშების თემის მიფუჩეჩების შესაძლებლობა. ამ მშიშარა, ლაჩრების სრული ლუსტრაცია მოხდა. ამიტომაც მიიღეს მუშტიც და ყველაფერიც. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენ უკან არის სამშობლო, მათ უკან კი რუსული ჯაშუშური ქსელი.

ხათუნა ბახტურიძე