"მეგობარმა დამირეკა და ტირილით მითხრა, ზაქრო აღარ გვყავსო. მუხლები მომეკვეთა... მერე მისმა მეუღლემ დამირეკა, ხალხი რაღაცებს წერს და შენ ხომ არაფერიო იციო. ხმა ვერ ამოვიღე..."
"ქართული ლეგიონის" გული, საქართველოს და უკრაინის შვილი", - ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, თავისუფლებისათვის ბრძოლაში გმირულად დაცემულ ქართველ მებრძოლს ზაქრო შუბითიძეს. "ჩვენ აქ უნდა შევაჩეროთ ჩვენი საერთო მტერი, თორემ ეს ჩვენი შვილებისთვის ამოუხსნელ ამოცანად იქცევა - გვითხრა მან გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენმა შვილებმა ააშენონ თავისუფალი, ძლიერი და ბედნიერი ქვეყნები - საქართველო და უკრაინა. სიტყვები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მადლობა გადაგიხადოთ შენ და ყველა ძმას, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დებს ჩვენი საერთო მომავლისთვის... ძალა ერთობაშია!" - წერენ უკრაინელები.
ზაქრო შუბითიძე "ქართული ლეგიონის" მე-4 ჯგუფის მეთაური იყო, იბრძოდა დონეცკის ოლქის დასახლება სტარომაიორსკოესთან, სადაც დიდი ხანია პოზიციური ბრძოლებია. 30 წლის მებრძოლი დონეცკის რეგიონში ნესკუჩნის დასახლებასთან დაიღუპა. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. უფრო ვრცლად მის შესახებ მისი მეთაური მამუკა მამულაშვილი, ასევე თანამებრძოლები, კობა ხაბაზი და ნიკა ჭურაძე გვიამბობენ.
მამუკა მამულაშვილი: - ზაქრო ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვინც ამ ომის დროს გავიცანი, იშვიათად შემხვედრია მსგავსი პიროვნება. ის პოზიციები, სადაც სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ზაქრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... "ქართულ ლეგიონს" ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შემოუერთდა. ჯერ სნაიპერი იყო, შემდეგ ჯგუფის მეთაური. გარდა იმისა, რომ პროფესიონალი სამხედრო იყო, წესიერი, კეთილი ადამიანი გახლდათ. ის ჩვენს შორის მართლაც განსაკუთრებული იყო...
- გამოუვალ ვითარებაში თუ აღმოჩენილხართ ერთად?
- რუსეთმა პირველი დესანტი რომ გადმოსხა ჰოსტომელის აეროპორტში, მაშინ ზაქრო ჩვენთან ერთად იყო. სწორედ ჰოსტომელის აეროპორტთან მოხდა პირველი შეტაკება რუსებთან. მაშინ იქ მხოლოდ "ქართული ლეგიონი" და უკრაინული არმიის პატარა შენაერთი იყვნენ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიას ზაქროს მსგავსი ადამიანები წერენ. დაახლოებით ორი კვირის წინ მან თავის ჯგუფთან ერთად უკრაინული ბრიგადის ბევრი მებრძოლი გადაარჩინა. უკრაინელი მეთაური ისეთი აღფრთოვანებული იყო, პირადად დამირეკა და მადლობა გადამიხადა. მისი ინიციატივით თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ფილმში ამბავს ჰყვება უკრაინული ბრიგადის მეთაური, რომელსაც "ქართული ლეგიონის" ბიჭები დაეხმარნენ ზაქროს მეთაურობით. რუსები თავს დაესხნენ უკრაინელების პოზიციებს, თავდასხმა მოულოდნელი იყო და ზაქროს ჯგუფმა სულზე მიუსწრო. ძალიან სერიოზული ოპერაცია ჩაატარეს ჩვენმა ბიჭებმა - ზაქრო, კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი და ექიმი დაიჭრნენ, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვეს, ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს. ფილმისთვის ზაქროს კომენტარიც დასჭირდათ... გაუჭირდათ დათანხმება, ბოლოს ხათრი ვეღარ გაუტეხა და ორი სიტყვა ძლივს ამოთქვა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჩაწერეს. ფრაგმენტები უკვე მზად აქვთ, ძალიან შთამბეჭდავია, ფონად ქართული ლექსი გასდევს.
ზაქრო ძალიან დააკლდება მის ცოლ-შვილსა და ძმას, ჩვენი ბიჭებიც ძალიან არიან დათრგუნვილი. ჩვენ გადავწყვიტეთ მე-4 ჯგუფს, რომელსაც ზაქრო მეთაურობდა, მისი სახელი დავარქვათ, ასევე გამოვედით ინიციატივით, რომ მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს. პეტიცია უკვე მზად არის. დარწმუნებული ვარ, ზაქრო შუბითიძე გახდება პირველი უცხოელი, რომელიც უკრაინის გმირის წოდებას მიიღებს.
კობა ხაბაზი: - ორი-სამი თვის წინ ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, როგორც კი გამომჯობინდა, პირდაპირ წინა ხაზზე წავიდა. გარდა იმისა, რომ დიდებული მეომარი იყო, ახალბედების გზამკვლევი და გულშემატკივარიც იყო. თავადაც ხომ უზომოდ უყვარდა სამშობლო და სხვებსაც მუდამ ამის შესახებ ელაპარაკებოდა. ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც საქართველოს ყველაზე ძლიერი არმია ეყოლებოდა.
- თქვენ რა ვითარებაში გაიცანით?
- "ქართული ლეგიონი" სხვადასხვა ჯგუფად არის დაყოფილი - მოიერიშეებად, არტილერისტებად, მზვერავებად, სნაიპერებად და ა.შ. ლეგიონის ბიჭები ყველგან არიან, დაწყებული ხერსონის მიმართულებით, დამთავრებული ჩრდილოეთით, ბახმუტამდე. ყველგან წინა ხაზზე არიან. მე არტილერისტების ჯგუფში ვიყავი და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ვმუშაობდი. ზაქრო არტილერისტი არ იყო, მაგრამ ხშირად გვიხდებოდა ურთიერთობა, ინფორმაციას ვცვლიდით. პირველად ზაპოროჟიეში, ბაზაში შევხვდი. ჩემი ყურადღება მიიქცია ახოვანმა კაცმა, რომელიც ახალმოსული ბიჭებით იყო გარშემორტყმული და მთელი განცდით ლაპარაკობდა იმის შესახებ, თუ რატომ ვართ ქართველები აქ, რისთვის ვიბრძვით და როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს სურათი, არასდროს დამავიწყდება.
ნიკა ჭურაძე: - ზაქრო უკრაინაში ჩასვლის პირველივე დღიდან გავიცანი. 7 თვე ერთად გავატარეთ, თავის გამოცდილებას უშურველად მიზიარებდა, ხშირად მიყვებოდა ჰოსტომელის ამბებს... ზაქრო 19 წლის ასაკიდან ქართულ არმიაში მსახურობდა, მერე თავისი ბიზნესიც ჰქონდა. რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, თქვა, მეც უნდა ავიღო ხელში იარაღი, თორემ ამის გაკეთება ჩემს შვილებს მოუწევთო. ხშირად იცოდა თქმა, "მა, როგორ გინდა ჭოო, თან იომო, თან გადარჩე?! მე თქვენ გამაგიჟებთ!". იომა და ვერ გადარჩა! მარტო მის ოჯახს და მეგობრებს კი არა, საქართველოს დააკლდა. გარდა იმისა, რომ მართლა შეუპოვარი მეომარი იყო, უნიჭიერესიც გახლდათ. წყობიდან გამოსულ რუსულ იარაღს თავისი ხელით შეაკეთებდა, გადააკეთებდა, გააციფრულებდა და ელექტრონულ მართვაზე გადაიყვანდა ხოლმე. მერე თავადვე უხაროდა, ამბობდა, საქართველოში რომ დავბრუნდები, ამას ჩვენს შეიარაღებაში დავნერგავო.
მახსოვს, პირველი დღეებია, ქაოსი, სიცივე ძვალში ატანს და კანს გიქერცლავს. თბილი ტანსაცმელი არა გვაქვს, შეიარაღებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, გვაქვს ავტომატი რამდენიმე მჭიდით. წესიერად ერთმანეთსაც არ ვიცნობთ, არ იცი, ვის ენდო, ვის არ ენდო... აი, ამ პერიოდში მოვხვდი ამ კაცის ჯგუფში. დროთა განმავლობაში ერთ მუშტად შევიკარით, იმდენი რამ გავიარეთ ერთად, ბოლოს ძმები გავხდით. წინა ხაზიდან გამოუსვლელად ვიყავით ერთად და ერთმანეთის იმედად. მეთაური გვეტყოდა ხოლმე, უნდა დაგაცალკეოთ, თორემ რამეს მოიწევთო. ერთ დღეს ძლიერ დაბომბვაში მოვყევით, გაგვიმართლა და მშვიდობით გამოვედით, მერე იმაზე ვდაობდით, რომელი უფრო ვუყვარდით ღმერთს... ამ ამბის მერე კარგა ხანი გავიდა, დრომ თავისი ქნა, მოსვენება დაგვიკარგა, ძილი გაგვიტეხა და ღამის თევას შეგვაჩვია. ერთ-ერთი ისეთი ღამე იყო, დრო რომ უსასრულოდ იჭიმება და არ თენდება, იარაღის ჩხაკუნით დაღლილები ისევ იარაღს ვწმენდდით და ვსაუბრობდით. ჰოდა, უცებ მკითხა, გახსოვს, ჭო, მაშინ მაგრად რომ დავიბომბეთო? მაგას რა დამავიწყებს, ყურში ახლაც წუილი გამდის-მეთქი. ჰოდა, შორს უნდა ვიყოთ, მაგ დღეს შეცდომა დავუშვითო. რა შეცდომა, ზაქრო, ყველა საღ-სალამათი გამოვედით-მეთქი. არა, ჭო, ვერ მიმიხვდი, ბომბი რომ დაგვცემოდა, ყველა ერთად დავიხოცებოდით, ამბავს ვინღა მიიტანდაო. ერთხანს ორივე გავჩუმდით, მერე ისევ ზაქრომ თქვა, მოდი ერთი, დამპირდი, თუ მოვკვდი, ჩემებს დაურეკე, შენ თუ მოკვდები, მე შენებს დავურეკავო. ეს დანაპირები აღარც კი მახსოვდა, 18 სექტემბერს ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და ტირილით მითხრა, ზაქრო აღარ გვყავსო. მუხლები მომეკვეთა... მერე მისმა მეუღლემ დამირეკა, ხალხი რაღაცებს წერს და შენ ხომ არაფერიო იციო. ხმა ვერ ამოვიღე, ტირილი ამივარდა და ისიც ყველაფერს მიხვდა. მაინც შემასრულებინა თავისი პირობა...
ხათუნა ბახტურიძე