ფაშინიანის ხელისუფლების დასამხობად პუტინმა სომხეთში რუსული სპეცრაზმი გააგზავნა?!
„არის ინფორმაცია, რომ მოსკოვმა სომხეთში სპეცდანიშნულების რაზმი გააგზავნა და ამზადებს გადატრიალებას ერევანში, რადგან ქოჩარიან-სარგსიანის მარგინალური ოპოზიციის მიერ ფაშინიანის ჩამოგდების იმედი პუტინს აღარ დარჩა“, - აცხადებს აზერბაიჯანულ ინტერნეტრესურსთან haqqin.az-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსი პოლიტოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი სერგეი ვერიოვკინი...
ამ სენსაციური განცხადების სისწორეში ეჭვის შეტანა შეიძლება. ჯერ ერთი, აზერბაიჯანულ მასმედიაშია გამოქვეყნებული და მეორეც - პოლიტოლოგ - ჟურნალისტებს რა მოუვათ თავში, ვინ იცის, თუმცა 70 წლის ვერიოვკინი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთ ავტორიტეტულ მკვლევარად ითვლება, კარგად აქვს შესწავლილი პოსტსაბჭოთა შეიარაღებული კონფლიქტები და 2009 წელს პრესტიჟული საერთაშორისო ლიტერატურული პრემია „ვერიტასიც“ კი მიენიჭა, ამიტომაც ეს რუსი პოლიტოლოგი ეტყობა უნდა ათვიცნობიერებდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს...
მის გაფრთხილებას ამაგრებს ყარაბაღელი სეპარატისტების მიერ გამოცხადებული სრული კაპიტულაციისა და იარაღის დაყრის შემდეგ სომხეთის დედაქალაქ ერევანში ბოლო დღეებში შექმნილი რთული სიტუაციაც - ერევნის ცენტრში ყოველ საღამოს იმართება ოპოზიციის მიტინგები, რომლებზეც ფაშინიანის ხელისუფლებას ყარაბაღელი თანამემამულეების მიტოვებაში და სამხედრო დახმარების არაღმოჩენაში ადანაშაულებენ და ფაშინიანის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ...
როგორც ჩანს, ფაშინიანმა(როგორც გამოცდილმა, ყოფილმა ოპოზიციის ლიდერმა, რომელსაც არაერთი ასეთი მიტინგი აქვს ორგანიზებული და ბევრად უფრო წარმატებული, რადგან ქვეყნის სათავეშიც მოვიდა) თავის ძალოვან სტრუტურებს ხისტად მოქმედების სრული კარტ-ბლანში მისცა და სომეხი პოლიციელები და სპეცსამსახურების თანამშრომლებიც აქტიურად აკავებენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია „ჯვაროსნების“ წევრები, რომლებიც გამოძიების მტკიცებით, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების დასამხობად აქტიური ქმედებების დაწყებას აპირებდნენ.
ასევე დაკავებულნი არიან ერევნის ექს-მერი და ერთ-ერთი გასამხედროებული მოძრაობის პოლიტიკური ლიდერიც, როგორც ჩანს ასეთი დაკავებები დღეს საღამოსაც გაგრძელდება - ფაშინიანი უკან დახევას არ აპირებს...
შესაბამისად, მართლდება რუსი პოლიტოლოგის ვერიოვკინის განცხადების ის ნაწილიც, რომლის თანახმადაც, კრემლში თითქმის იმედი გადაიწურეს, რომ ადგილობრივი ძალების გამოყენებით ოპოზიცია შეძლებს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების დამხობას, რაც ლოგიკურად აჩენს მოსაზრებას, რომ პუტინმა შეიძლება მართლაც გასცა ბრძანება სომეხი ოპოზიციონერებისთვის(განსაკუთრებით კი მისი პირადი მეგობრის,ექს-პრეზიდენტ ქოჩარიანის მომხრეებისთვის) დახმარების სახით იმ რუსი სპეცრაზმელების გაგზავნაზე, რომლებსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვთ მიღებული მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისმიერი გზით ჩამოგდების პროცესების ორგანიზება-განხორციელებაში...
რუსული სპეცრაზმის გადასროლა სომხეთში ადვილზე - ადვილია ერევან-იუჟნის სამხედრო აეროდრომზე, სადაც გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საავიაციო შენაერთია დისლოცირებული ან თუნდაც სულაც „რუსო-ტურისტოს“ საფარქვეშ, მით უმეტეს, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს სომხებთან ერთად რუსი მესაზღვრეებიც აწარმოებენ.
გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას და სომხეთში განთავსებულ რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამსახურს შტატით თავისი სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები და მძიმე შეიარაღებაც ჰყავთ, რაც ასევე შეიძლება გამოიყენონ სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების ძალისმიერი გზებით ჩამოგდების პროცესში.
სომხეთს თავისი სპეციფიკა აქვს და არაერთხელ უგემია სამხედრო გადატრიალებისა თუ მისი მცდელობების გემო. გაიხსენეთ თუნდაც 1999 წლის 27 ოქტომბრის ტრაგედია, როდესაც სომხეთის პარლამენტში-ეროვნულ კრების სხდომაზე ხუთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და „კალაშნიკოვებით“ რვა დეპუტატი და მთავრობის წევრი დახვრიტა, მათ შორის თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი...
სომხეთის მოსახლეობას ხელზე დიდძალი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი აქვს, რომელთა რაოდენობა განსაკუთრებით 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში წაგების შემდეგ გაიზარდა, რადგან ყარაბაღიდან სომხეთში დაბრუნებულმა მოხალისეებმა ხელს თან ავტომატები და ტყვიამფრქვევებიც კი გამოაყოლეს.
ფაშინიანის ხელისუფლებისთვის სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბება, რაც ყარაბაღელი სეპარატისტების კაპიტულირებული „არმიის“ მებრძოლები(რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ვერ და არ დარჩებიან აზერბაიჯანის მიერ გაკონტროლებულ ყარაბაღში) სომხეთში ჩავლენ. მათ ფაშინიანის სიყვარულს ვერავინ მოსთხოვს და ისინი კიდევ უფრო გაზრდიან რადიკალური ოპოზიციონერების რიგებს, თან ისეთების, რომლებმაც იარაღის გამოყენებაც იციან და პრინციპში უკვე აღარაფერი აქვთ დასაკარგი, რადგან მათი ისტორიული ოცნება „დიდი სომხეთის“ შექმნაზე, საპნის ბუშტივით გასკდა...