სალომბარდე სესხი და ბანკში ჩადებული ქონება - კვირის პალიტრა

სალომბარდე სესხი და ბანკში ჩადებული ქონება

- ავიღე სალომბარდე სესხი, ოქრო ჩავდე, ვერ გადავიხადე და ვუთხარი, რომ ვტოვებდი.­ გავიდა რამდენიმე თვე და მითხრეს, რომ ჩემი საქმე არ ჩაიხურება, სანამ ნივთის რეალიზაცია არ მოხდება. კიდევ გავიდა თვეები და ისევ ვერ მეუბნებიან, რა ვადაში მოხდება რეალიზაცია, ამის გამო ვარ გაშავებული და სესხის­ აღებას ვერ ვახერხებ. როგორ მოვიქცე, რომ დროულად ჩახურონ საქმე?

- სალომბარდე სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია კონკრეტული ფასეული­ ნივთებით და როდესაც ფულად ვალდებულებას მსესხებელი ვერ ასრულებს, რის საფუძველზეც ძვირფასი ნივთები რჩება კრედიტორს და მას მით უმეტეს მსესხებელიც ეთანხმება, აღნიშნული გულისხმობს, რომ ფულადი ვალდებულების ანაზღაურება არის ძვირფასი ნივთები, ანუ ვალდებულების შესრულება ხდება ნივთების გადაცემის სანაცვლოდ, ხოლო ვალდებულების შესრულება გამორიცხავს იმავე ვალდებულების არსებობას. ამიტომ კრედიტორს უფლება არა აქვს მსესხებელი ამყოფოს მოვალის სტატუსით, ვინაიდან არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ წესებს.

- ბანკში მაქვს ჩადებული მიწის ნაკვეთი და აღებული მაქვს სესხი. 3 თვეა სესხს ვერ ვიხდი. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთს დავკარგავ. თუ შეუძლია ბანკს შეეხოს ჩემს სხვა უძრავ ქონებას? ან ყადაღა დაადოს სხვა ქონებას?

- როდესაც იპოთეკის საგანია სესხის უზრუნველყოფა, მოთხოვნის აღსრულება იპოთეკის საგნის რეალიზაციით შემოიფარგლება თუ მას გასცდება და სხვა ქონების რეალიზაციას მოითხოვს ბანკი, დამოკიდებულია სესხისა და ასევე იპოთეკის ხელშეკრულეაზე, თუ რა წერია მასში. ხელშეკრულებაში შეიძლება ეწეროს, რომ მსესხებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნით, ამ შემთხვევაში კრედიტორი იპოთეკის საგანს ვერ გასცდება, ხოლო თუ ხელშეკრულებაში საერთოდ არაა მსგავსი დათქმა, კრედიტორს შეუძლია გასცდეს იპოთეკის საგანს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ფულად ვალდებულებას ვერ ფარავს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა.

- ნაკვეთი არის ჩემს სახელზე, ვიღაც უცხო პირმა სარჩელი გამგეობაში შეიტანა და დავობს უკანონო გაფორმებაზე, ეს განცხადება ხომ არ შემიშლის ხელს ჩემი კუთვნილი ქონების გაყიდვაში?

- ძალიან ზოგადი კითხვაა, მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხისთვის საჭიროა მეტი დეტალის ცოდნა, თუმცა საკითხზე შეიძლება რამდენიმე ვარაუდის გამოთქმა. მაგალითად, თუ განცხადება გამგეობაშია შეტანილი და გამგეობა არის ის ორგანო, რომელმაც აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი გასცა. თუ ამ დოკუმენტს თავად ჩათვლის ბათილად, აღნიშნული საკუთრების უფლების შემწყვეტი გახდება, რაც ცხადია, გაყიდვისა და ზოგადად, ქონების განკარგვის შესაძლებლობას აღარ მოგცემთ. ამასთან, გააჩნია საქმის ვითარებას, თუ რამდენად საფუძვლიანია ამ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა და შეძლებს თუ არა კონკრეტული გარემოების დადასტურებას.

- ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, მეზობლებმა დაამონტაჟეს ვიდეოკამერები, რომლებიც ლაივრეჟიმში იყო ჩართული. მართალია მეზობლების დიდი ნაწილი იყო თანახმა, მაგრამ ერთმა მეზობელმა გვიჩივლა პერსონალურ მონაცემთა სამსახურში და გაგვითიშეს კამერები. ახლა გვინდა ისევ ჩავრთოთ კამერა, ამჯერად ლაივის გარეშე. მეზობლების ხელმოწერები საკმარისი იქნება, თუ არა? ისევ რომ გვიჩივლოს, რაიმე პასუხისმგებლობა ხომ არ დაეკისრება ამხანაგობას? ან როგორ შეგვიძლია ლაივის ჩართვის უფლება მოვიპოვოთ?

- თუ სათვალთვალო კამერით უსაფრთხოების მიზნით მონიტორინგის სურვილი ექნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და აღნიშნულ გადაწყვეტილებას შესაბამისი ოქმით გააფორმებთ, სადაც ყველანი თანახმა იქნებიან, ცხადია, ვერავინ მოგედავებათ. თუ პირი, რომელიც წინააღმდეგია აღნიშნულზე და ხელს არ მოაწერს ოქმს, ცხადია, ისევ იგივე განმეორდება, თუმცა თუ მისი ხელმოწერის გარეშე ჩართავთ და ისევ გიჩივლებთ, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად შეიძლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაჯარიმდეს.