თითების საიდუმლო - კვირის პალიტრა

თითების საიდუმლო

სხეულის ენას დიდი ძალა აქვს. ფსიქოლოგებმა კარგა ხნის წინ დაადგინეს, რომ ადამიანურ ურთიერთობაში სიტყვას იმხელა დატვირთვა არა აქვს, როგორც ჟესტებს, მიმიკას, მოძრაობებს... ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ უნიკალურ "თითების თეატრს" ეწვევით, რომელიც საქართველოში სამ ათეულ წელზე მეტია არსებობს. ჩვენი სტუმარია ამ თეატრის სულისჩამდგმელი და რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი:

- 1980-იანი წლების მიწურულს ბათუმში ხელოვნების სტუდიას ვხელმძღვანელობდი, ბავშვებს ვასწავლიდი. სწორედ მაშინ დამავალეს მოზარდებისთვის სპექტაკლების დადგმა. თითების თეატრის შექმნის იდეა სპონტანურად დაიბადა. სწორედ ბათუმში დავიწყეთ პირველი ექსპერიმენტები და რეპეტიციები, თავდაპირველად, 15-წუთიანი პროგრამა გამოგვივიდა და 1988 წელს პირველი წარმოდგენაც გავმართეთ. თავიდან ამ საქმეს სერიოზულად­ არ ვუყურებდი, ჩემთვის გართობასავით იყო, მაგრამ მერე თეატრალური სტუდია დავაარსე, რომელსაც ყველა "თითების თეატრს" ეძახდა. დროთა განმავლობაში ჩვენი სპექტაკლები დაიხვეწა: თითებს თოჯინებიც დავამატეთ, მერე ხელთათმანები ჩავიცვით და ლამაზი კოსტიუმებით მოვრთეთ. ასე შეიქმნა ჩვენი "თითების თეატრი". მართალია, სხვა თეატრებშიც მიმუშავია, მაგრამ ამ თეატრს დღემდე ვერ ვღალატობ.

- მსგავსი თეატრი სხვა ქვეყნებშიც არსებობს?

- თითების თეატრი სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ 1988 წელს ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო: მანამდე მსგავსი რამ არც საქართველოში ყოფილა და არც საბჭოთა სივრცეში.

- თბილისში პირველად სად დგამდით სპექტაკლებს?

- თბილისში თავის დამკვიდრება ხელახლა მომიხდა. კონკურენცია დიდი იყო: აქ მუშაობდნენ რობერტ სტურუა, რეზო გაბრიაძე, თემურ ჩხეიძე, ამირან შალიკაშვილი და სხვები... გადავწყვიტე, ჩემი თეატრის ერთგული დავრჩენილიყავი და საქმიანობა აქაც გავაგრძელე. ამიტომ ყველამ თითების თეატრის რეჟისორად გამიცნო. არასდროს დამავიწყდება ჩვენი თეატრის პრეზენტაცია 2006 წელს - მაშინ წარმოვადგინეთ ჩვენი პირველი ნამუშევარი. ელბაქიძის აღმართზე პატარა სარდაფი გვქონდა, სადაც რეპეტიციებს ვმართავდით - იქ გახლდათ ჩვენი თეატრის "ბუდე". 2-3 წელიწადში ის ადგილი ვიღაცამ იყიდა, მშენებლობა დაიწყო და თეატრი თავშესაფრის გარეშე დარჩა. კიდევ კარგი, მარჯანიშვილის თეატრმა შეგვიფარა - 2008 წლიდან დღემდე მარჯანიშვილის თეატრი გვპატრონობს.

titebi2-1695572249.jpg

- რა ნიშნით არჩევთ მსახიობებს თითების თეატრისთვის?

- ჩვენთან არა პროფესიონალი მსახი­ობები, არამედ თეატრის მოყვარული 18-20 წლის ახალგაზრდები მუშაობენ. თითების თეატრში ტექსტი არ არის, ჩვენთან აქცენტი მუსიკასა და თითების მოძრაობაზეა გადატანილი, ამიტომ სპეციალური განათლება სულაც არ არის საჭირო.

- თუ გაქვთ დადგმული ისეთი წარმოდგენა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

- ყველა სპექტაკლში დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი, ამიტომ თითოეული ძვირფასი და საყვარელია. რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენო "ექსტრავაგანსა" - ეს ყველაზე ძველი სპექტაკლია, რომელსაც 35 წელია ვთამაშობთ. მას ჩვენს რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენს სპექტაკლებში ხშირად მსახიობები და თოჯინებიც მონაწილეობენ, თითების თეატრს ეძახიან, თორემ ზოგჯერ ჩვეულებრივ სპექტაკლებსაც ვდგამთ.

titebi3-1695572249.jpg

- ამჟამად რას საქმიანობთ თქვენს კოლეგებთან ერთად?

- ჯერჯერობით, თითების თეატრი გაჩერებულია, უფრო სწორად, მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. 24-25 სექტემბერს პრემიერა უნდა გვეთამაშა თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში იმართება, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვეღარ ვახერხებთ. ფესტივალი ერთ თვეს გაგრძელდება, გული მწყდება, რომ ჩემი თეატრი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

- როგორც ვიცი, ქუჩის წარმოდგენებსაც მართავთ და უცხოეთშიც ბევრჯერ ყოფილხართ.

- დიახ, ქუჩაში წარმოდგენა ბევრჯერ გაგვიმართავს, სოფლებშიც დავდიოდით და ჩვენი სპექტაკლებით მოსახლეობას ვახალისებდით. თითების თეატრს რეგიონებშიც ბევრი ერთგული მაყურებელი ჰყავს, ძალიან თბილად გვხვდებიან და დიდი ინტერესით გვიყურებენ. ჩვენი მიზანია, ადამიანებს იმედი მივცეთ და კარგ გუნებაზე დავაყენოთ. უცხოეთშიც ბევრჯერ ვყოფილვართ - დაახლოებით 22 ქვეყანაში. საქართველოს სახელით გამართულ არაერთ ღონისძიებაში მიგვიღია მონაწილეობა.

- როგორ ფიქრობთ, თითების თეატრი­ ბავშვებისთვის უფრო ახლობელია თუ დიდებისთვის?

- მას დიდებიც სიამოვნებით უყურებენ­ და პატარებიც. აქ მთავარი მუსიკაა, ამიტომ ჩვენი წარმოდგენები ყველა ასაკის მაყურებლისთვის გასაგებია. იცით, რა არის ამ თეატრის უმთავრესი დადებითი თვისება? - ის, რომ რასაც ვაკეთებთ, მიზერული თანხა ჯდება: ჩვენი გადაადგილებაც ადვილია და კოსტიუმებიც იაფია, ხოლო დეკორაციები ერთ ჩემოდანში ეტევა. თუმცა სპექტაკლის დადგმა ადვილი სულაც არ არის: ცოცხალ მსახიობს ეტყვი, როგორ მოიქცეს, მაგრამ თითებს რას მოუხერხებ?! ამიტომ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ წამოდგენაზე 3 თვე გვიმუშავია, ზოგჯერ კი ყველაფერი სწრაფად და იოლად გამოგვდის. ჩემთვის ამ თეატრის რეჟისორობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა და დიდი პატივიც.

ხათუნა ჩიგოგიძე