ჩემი ნამდვილი ხელოსანი, ანუ ქართველების ყაზახი რძალი ხაშურის ბრიგადიდან
შინ რემონტის გაკეთებას ვგეგმავდი და რეკომენდებულ ხელოსანთან, მამუკასთან დავრეკე, ავუხსენი, რაც მინდოდა. მითხრა, ფილების დამგებიც მყავს და რადგან გჭირდებათ, ერთად მოვალთო. მოკლედ, შევთანხმდით და დათქმულ დროს მამუკა აზიური გარეგნობის ქალთან ერთად მოვიდა. კი ვიფიქრე, ან ეს ქალი ვინაა, ან შეპირებული ფილების ხელოსანი სად არის-მეთქი, მაგრამ არ მისაყვედურია. კიდევ კარგი... თურმე სწორედ ეს ქალი ყოფილა ფილების დამგები. საქართველოში ამ პროფესიის ქალები ნაკლებად გვყავს, მგონი, საერთოდ არც გვყავს. ჩემი ხელოსანიც შოლპან აუბაკიროვა აღმოჩნდა, ქართველების ყაზახი რძალი.
- ეს საქმე დიდი ხნის წინ შევისწავლე. ყაზახეთიდან საქართველოში კი ბედისწერამ ჩამომიყვანა. ჩემი მეუღლე, ზურაბ ტიელიძე, იქ გავიცანი. 6 წელი ვცხოვრობდით ყაზახეთში, მერე საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. კლიენტები და რეკომენდატორები ნელ-ნელა დამიგროვდა და საქმემაც იმატა.
- ალბათ, საქართველოში ბევრს აკვირვებთ თქვენი პროფესიული უნარებით.
- წინასაახალწლო პერიოდში პურის მოედანზე ვმუშაობდი, გარე ფასადზე. საქმეში ვარ ჩართული, უცბად მოვიხედე და ვიღაც ქალი მომჩერებია. უი, როგორ ოსტატურად ლესავთ, ქალი რომ არ იყოთ, ნამდვილი ხელოსანი მეგონებოდითო, მითხრა. არ ცდებით, ნამდვილად ხელოსანი ვარ-მეთქი. გაუკვირდა, ჩვენთან ქალები მშენებლობაზე არ მუშაობენო. იცით, ლუთერანული ეკლესიაც მე გავარემონტებინე. უნდა გენახათ მრევლის რეაქცია, 11-მეტრიან ხარაჩოზე რომ მხედავდნენ შემდგარს.
- ეს საქმე რატომ აირჩიეთ?
- მე სამხრეთ ყაზახეთში ვცხოვრობდი, იქ დავამთავრე სამშენებლო ტექნიკუმი, ალმა-ათაში სწავლის გასაგრძელებლად ჩავედი, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ეს იყო 1986 წელს. სწორედ ამ წელს სტუდენტების დემონსტრაციები დაიწყო და მეც შევუერთდი. პროტესტის მიზეზი ის იყო, რომ მთავრობაში ყაზახები გადააყენეს და კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად რუსეთიდან გენადი კოლბინი მოგვივლინეს, რომელიც ყაზახეთში არასდროს ყოფილა, არც ჩვენი ენა იცოდა, არც ჩვენს კულტურას, ტრადიციებს იცნობდა. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემი ყველა საბუთი გაქრა, ატესტატიც, ტექნიკუმის დიპლომიც... სხვა გზა არ იყო, მშენებლობაზე მუშაობა დავიწყე. ღმერთს მადლობა, ძალიან კარგი ბრიგადირი შემხვდა. ბრიგადაში 6 გოგო ვიყავით. მან მასწავლა ჩემი საქმე. მოგვიანებით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმაც დამეკისრა, თან ალმა-ათა უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ჩემმა ბრიგადირმა დამიცვა. მას შემდეგ მშენებლობებზე ვმუშაობ, ვისწავლე ლესვა, შენება, ღებვა, რესტავრირება...
- მომავალი მეუღლე როდის გაიცანით?
- ზურა თბილისელია. ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით. ალმა-ათაში სავაჭრო სახლს ვამაგრებდით, დიდი სამუშაო გვქონდა და რამდენიმე ქართული ბრიგადაც მუშაობდა. ბიჭებს ქართული დიასპორიდან ხშირად აკითხავდნენ ხოლმე, მათ შორის იყო ქართველი მზარეული ზურა. გავესაუბრეთ ერთმანეთს, გავუგეთ და ისე მოხდა, რომ ჩემს დასახმარებლად დარჩა. მთელი სართული მქონდა აღებული და მარტო ვმუშაობდი. მძიმე ტომრები მქონდა საზიდი და ზურა მეხმარებოდა. დილით ჯერ კიდევ გზაში რომ ვიყავი, მირეკავდა, შოლპან, ყველაფერი ამოვზიდე, რამდენ ხანში მოხვალო. ასე ნელ-ნელა დავახლოვდით. საქართველოში ზურას ოჯახი დიდი პატივისცემით შემხვდა. აეროპორტში დაგვხვდნენ, მეორე დღესვე მცხეთა და თბილისის შემოგარენი დამათვალიერებინეს... ალმა-ათა თბილისივით მთაგორიანია. აქ უამრავი ძველი, ისტორიული შენობაა, იქ კი ბევრი აიღეს. აქ იშვიათად აგებენ ერთნაირ კორპუსებს, ჩვენთან კი თითოეულ რაიონში ერთნაირი კორპუსები დგას. საქართველოში შუაღამისას არ შეგეშინდება ქუჩაში გასვლა, ჩვენთან კი, თუ დაგიგვიანდა, საშიშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც თბილისში უკეთ მოძრაობს. ყაზახეთში მეტრო ახლახან, 8 წლის წინ გაკეთდა.
- ალბათ, ბევრი განსხვავებული ტრადიცია გვაქვს.
- ბუნებრივია, თუმცა მსგავსებაც ბევრია - უფროსების, მშობლების პატივისცემა. განსხვავებაცაა, მაგალითად, ჩემს დედამთილს ციური ჰქვია. ბევრი სახელით მიმართავს, ჩვენთან ასე არ შეიძლება - უფროსს სახელით არ უნდა მიმართო, აუცილებლად თქვენობით უნდა დაელაპარაკო. სუფრასთან ჯდომისას ჩვენთან სადღეგრძელოს არ ამბობენ, აქ კი, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე სვამენ, რაც მთავარია არ თვრებიან, საოცარია. ყაზახებთან შედარებით ქართველებს ფულის ხარჯვა უყვართ. ქართული სამზარეულოც უფრო მდიდარია. სხვათა შორის, ყაზახეთში ბევრი ქართული რესტორანია და მგონი, იქ უფრო გემრიელ საჭმელს ამზადებენ. მაგალითად, ყაზახეთში გამომცხვარი ხაჭაპური უფრო მეგემრიელება, ვიდრე თბილისში გამომცხვარი. იქნებ იმიტომ, რომ ყველშია განსხვავება.
- ბრიგადა როგორ ჩამოაყალიბეთ?
- ხაშური ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარია. ერთ დღეს ზურას დაურეკა, დიდი სახლი ჰქონდა აღებული და დახმარება სთხოვა. გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა. კარგად ავეწყვეთ და მას შემდეგ ერთად ვმუშაობთ. აAსე ჩამოყალიბდა შოლპანისა და ხაშურის ბრიგადა.
- ხაშური? მე მამუკას ვესაუბრე.
- მისი ნამდვილი სახელი მამუკა ქიმერიძეა, წარმოშობით ხაშურელია, ძალიან უყვარს თავისი კუთხე და ამიტომ მეტსახელად ხაშური დაარქვეს.
ქართულად ჯერ მხოლოდ მისალმება და მოკითხვა ვიცი, მაღაზიაში რაც მჭირდება, სამუშაო იარაღის სახელებიც ვისწავლე... ნელ-ნელა, მაგრამ ქართულად ლაპარაკს მაინც ვსწავლობ.
- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- ადამიანებს შორის დამოკიდებულება, სიყვარული... მთავარია ყველას ჰქონდეს სამუშაო და ნაჯაფი მშვიდობასა და სიყვარულში მოიხმარონ.
პირველი სახალხო მიტინგი სსრკ-ში
ალმა-ათაში ყაზახეთის ახალგაზრდობის საპროტესტო გამოსვლები 1986 წლის 16-17 დეკემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამდებობიდან გადააყენეს ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი დინმუჰამედ კუნაევი და მის ადგილზე გენადი კოლბინი დანიშნეს. მოგვიანებით ყაზახი ახალგაზრდების მღელვარება გავრცელდა ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც.
ყაზახეთში დეკემბრის ამბები იყო პირველი სახალხო მიტინგი სსრკ-ში, რომელიც მიმართული იყო ცენტრის დიქტატის წინააღმდეგ. მსგავსი ამბები განმეორდა იაკუტიაში. მოგვიანებით სხვა მოძმე რესპუბლიკებშიც: 1988 წელს მინსკში, 1989 წელს თბილისში, 1990 წელს ბაქოსა და დუშანბეში, 1991 წელს ვილნიუსსა და რიგაში.გენადი კოლბინი 1998 წელს, უკვე პენსიაზე მყოფი, მოსკოვის მეტროს ვაგონში გარდაიცვალა, როდესაც ქალიშვილთან მიდიოდა სტუმრად. მხოლოდ მეხუთე დღეს გაარკვია მილიციამ, ვინ იყო გარდაცვლილი, თორემ უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე უპირებდნენ დასაფლავებას.