ქიზიყელი „ჩვენებური“ - კვირის პალიტრა

ქიზიყელი „ჩვენებური“

სიმღერის თვითშემოქმედებითი ანსამბლ "ჩვენებურების" ქართულ-მადაგასკარულმა იმპროვიზაციამ ისე მომხიბლა, გადავწყვიტე, მათი საქმიანობისთვის სტატია მიმეძღვნა. ჯგუფის ქიზიყელი წევრი სოლომონ გოგაშვილი დედოფლისწყაროში დავიგულე და სოფელ არბოშიკში­ მის­ ჭიშკარს მივადექი. საოცარ გარემოში ცხოვრობს სოლომონი - სახლის უკან ტყე აქვს, ეზოში დიდი ნაგაზი დასეირნობს, იქვე საფირმო, ყვითელი ძველი გაზ-21 "ვოლგა" დგას, ორსართულიანი სახლის ოთახები გახუნებულ-დაძველებული ნივთებითა და ფოტოსურათებით აქვს გაფორმებული, ტახტზე მუსიკალური ინსტრუმენტები აწყვია... სოლომონის დამ ოქროსფერი ბაღჩის ატამი მოგვართვა. მოკლედ, მოულოდნელად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, კინაღამ მეც ავმღერდი სოლომონთან ერთად. ,,ჩემი მუსიკალური მუზა სევდაა - როცა შემომაწვება, მაშინ ვქმნი ახალ სიმღერებს, თუმცა კომპოზიტორად თავს მაინც არ ვთვლი. სიმღერა "სულისპირი", რომელმაც თქვენ აღგაფრთოვანათ და უცხოელ მუსიკოსთან ერთად ჩავწერეთ, მამისა და ბიძის გარდაცვალების სევდამ დამაწერინა. მასში ჩადებულია საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილით გამოწვეული კვნესა. თუმცა მაქვს მაჟორული სიმღერებიც, რომლებიც ასევე გარემოებებმა შემაქმნევინა" - მითხრა სოლომონმა. მუსიკოსმა "ჩვენებურების" დაარსებისა და თავს გადახდენილი მხიარული ამბები მომითხრო.

- ჩემს მშობლებს ორი გოგო ჰყავდათ. ქიზიყელების ამბავი ხომ იცით, იმედს გვარის გამგრძელებელზე ამყარებენ, ამიტომ მამაჩემს უთქვამს, თუ მესამეც გოგო გაჩნდა, ერთსართულიანი სახლი მეყოფა და თუ ბიჭი დაიბადა, მეორე სართულს დავადგამო. ასე გაჩნდა ამ ეზოში ორსართულიანი შენობა.

ჩემი პაპა სოფელ ზემო მაჩხაანის ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა. დედაჩემსაც გამოჰყვა სიმღერის ნიჭი, თუმცა ჩემი გვარის ხალხიც, გოგაშვილებიც კარგად მღერიან. 5 წლის ვიყავი, ბებიაჩემმა ფანდურზე დაკვრა რომ მასწავლა. ამას წინათ მეზობლებმა გამახსენეს, ბავშვობაში ქვაბებს რომ ვპარავდი დედას და დასარტყამ ინსტრუმენტებად ვიყენებდი. როცა მოვიზარდე, ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, მაგრამ ჩემს მეტი ბიჭი არ დადიოდა და სწავლას თავი დავანებე. ახლა ძალიან ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. არეულობის წლები იყო, თუმცა სკოლაში ოლიმპიადები მაინც იმართებოდა. სკოლის გუნდში ,,შავლეგოს" მე ვიწყებდი, ჩემზე უფროს გოგონებს კი მესამე ხმას ვეუბნებოდი. სიმღერის ათვისება უცებ შემეძლო, მაგრამ მორცხვი ვიყავი და სცენაზე ხშირად გამოსვლას ვერიდებოდი.

გამოხდა ხანი და სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. მესამე კურსზე პრაქტიკაზე ყაზბეგში წაგვიყვანეს. იქ აღმოვაჩინე, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი კარგად მღეროდა. ხმები ავაწყვეთ და ერთად ვიმღერეთ ,,შემოძახილი". ჩემი ნამღერი ყველას მოეწონა, რა მაგარი ტემბრი გაქვს, რატომ არ მღერიო? 2001 წელს მაგისტრატურაში ჩავაბარე. სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემთან გიორგი გობეჯიშვილი და მითხრა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ერისიონის" სოლისტი ნუგზარ კურცხალია აპირებს ანსამბლის დაარსებას და უნდა წამოხვიდეო.

- ,,ჩვენებურები" რატომ დაარქვით?

- თავდაპირველად 20 მუსიკოსი ვიყავით. ამჟამად ცხრანი ვართ და თითოეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენს. რეპეტიციებისთვის პირობები არ გვქონდა და ნახევრად სარდაფში ვატარებდით, მაგრამ მაინც შემართებით ვიყავით. 5-6 საათს გვავარჯიშებდა ბატონი ნუგზარი, თუმცა 3-4 წელი სცენაზე არ ავსულვართ. ამასობაში ქართული სიმღერის უამრავი მარგალიტი შევისწავლეთ. მხოლოდ სიმღერა არ გვისწავლია იმ ბუმბერაზი ადამიანისგან. გვასწავლიდა სიყვარულს, მეგობრობას, კაცობას... გვიხსნიდა, რომ არ შეიძლებოდა ვინმე გაგვეწირა, მარტო დაგვეტოვებინა, როცა უჭირდა და ა.შ.

სცენას გარკვეული ქარიზმა სჭირდება, მით უფრო ქართულ-ხალხურ სიმღერებს ვერ იმღერებ, თუ ადამიანს ის ღირებულებები არ გაგაჩნია, რასაც ჩვენი წინაპრები დიდ პატივს სცემდნენ. ანზორ ერქომაიშვილიც ამბობდა, თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, ქართულ სიმღერას ვერ იმღერებო. გარდა ამისა, ბატონმა ნუგზარმა ,,ჩვენებურების" ყველა წევრის უდიდეს მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც 22 წელია გრძელდება. ახლა ყველა ერთმანეთის მეჯვარეები, ნათლიები და ნათესავები, მეგობრები ვართ. მთელი არბოშიკი იცნობს ,,ჩვენებურების" ყველა სოლისტს. სიმღერით საქართველოში ვერავის გავაკვირვებ, მაგრამ ჩვენი სამაგალითო მეგობრობა ბევრს უკვირს.

solomon-gogashvili-copy-1695577220.jpg

- როდის გავიდა დიდ სცენაზე ,,ჩვენებურები"?

- ჯუმბერ ლეჟავა მორიგი რეკორდის დასამყარებლად მიემგზავრებოდა - ველოსიპედით მსოფლიო უნდა შემოევლო. მისი გაცილების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში კონცერტი გაიმართა. ,,ქართველო, ხელი ხმალს იკარ" და ,,წასვლა სჯობს წარმავალისა" ვიმღერეთ და მაყურებლის დიდი მოწონება დავიმსახურეთ. ჩვენი შემდგომი დებიუტი გიორგი სააკაძის იუბილეზე ნოსტეში შედგა - კომპოზიტორ ნუგზარ ფსუტურის პატრიოტული სიმღერა ,,მთაზე ავალ და დავძახებ" შევასრულეთ.

2004 წლის 17 სექტემბრის თბილისობაზე ნიაზ დიასამიძე და ზუმბა უკრავდნენ, გზად მივდიოდით და დაგვინახეს. ზუმბამ (ზაზა კორინთელი) გამოაცხადა, ,,ჩვენებურები" გვიერთდებიანო. ხუთნი ავედით სცენაზე და ექსპრომტად შევაზავეთ მათი თანამედროვე სიმღერები ფოლკლორთან. ნახევარსაათიანი შესრულება გვქონდა რეპეტიციის გაუვლელად და ხალხიც კარგად ვასიამოვნეთ. ამის შემდეგ დაიწყო ანსამბლის მეგობრობა ზუმბასთან, თურქეთში მცხოვრებ მუსიკოს ბაიარ შაჰინთან. 2004 წელს ბაიარი თბილისში ჩამოვიდა და ზუმბასა და მასთან ერთად "ბერიკონში" კონცერტი გავმართეთ. ასე დაიწყო "ჩვენებურების" რეგულარული სასცენო ცხოვრება.

ზუმბა ძალიან საინტერესო ადამიანია. აფრიკელებიც რომ უკრავდნენ, შეუძლია მათთან ერთად ახალი მუსიკა დაბადოს. ერთ კონცერტზე მარტო "ჩვენებურები" და ბაიარი ვმღეროდით. მოულოდნელად სცენაზე გიტარით ხელში შემოვიდა ქართული ქუდით. კულისებში უცებ ავაწყვეთ სიმღერა და ვიმღერეთ. 2004 წელს ,,ჩვენებურების" პირველი ალბომი-დისკი ჩავწერეთ. დავით ხოსიტაშვილმა ჩაგვაწერინა თავის სახლში. დათოსაც ქიზიყური ფესვები აქვს, საქობოელია.

2008 წლის ომი იყო. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს ,,ღამის სიმღერის ფესტივალზე"­ გამოსვლა შემოგვთავაზა. ჩვენი ანსამბლის ორი წევრის ძმები "შავნაბადას" ბატალიონში იყვნენ და წინა ხაზზე იბრძოდნენ. ღია ცისქვეშ გამართული სცენის კულისებში დიდი მონიტორები იდგა - 300 ათასი კაცი მაინც იდგა ჩვენ წინ და დაახლოებით 100 ათასს ქართული დროშა ჰქონდა ხელში. საგალობელი და ,,ჩაკრულო" შევასრულეთ. ჩვენც საქართველოს დროშებით ავედით სცენაზე. ისეთი შემართებით ვმღეროდით, შეგრძნება გვქონდა, ის ბიჭები, რომლებიც ამ დროს საქართველოში წინა ხაზზე იბრძოდნენ, გვერდით გვედგნენ და ერთად ვადიდებდით ჩვენს ლამაზ ქვეყანას. ესტონელი მომღერალი და მსახიობი პიტერ ვოლკონსკი ქართული ქუდით გავიდა სცენაზე, კულისებში კი გვითხრა, გწყალობდეთ ღმერთიო. ყველას თვალზე ცრემლი მოგვადგა. კიდევ 5 კონცერტი გავმართეთ სხვადასხვა ქალაქში. შემდეგ პოლონეთიდან დაგვიკავშირდნენ საქართველოს მხარდასაჭერ კონცერტზე მონაწილეობისთვის. ვარშავაში იქაურ ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად საერთო კომპოზიციები გავაკეთეთ. ქართული ,,სისატურა" და პოლონური ,,დოლინა" ვიმღერეთ ერთად. 500 კონცერტზე მეტი გვაქვს გამართული უცხოეთში. აფრიკისა და აზიის ქვეყნებშიც ვიყავით. "კოვიდი" რომ არ დაგვმთხვეოდა, ავსტრალიასა და მალაიზიაშიც მივდიოდით. ამა თუ იმ ქვეყანაში, პირველი კონცერტიდან მიღებული ჰონორარით ვიყიდდით ავტომანქანას და მთელ ევროპას შემოვივლიდით ხოლმე. გერმანულმა ჯგუფმა რეჟისორ მაია ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით ფილმი გადაიღო და ჩემი სიმღერის სათაური დაარქვა ,,სულისპირი". ფილმში აღწერილია, ანსამბლის წევრები სოფლებიდან როგორ ჩავდივართ ქალაქში, როგორ მივფრინავთ სხვა ქვეყანაში, ვყიდულობთ მანქანას და ვუვლით ევროპას სიმღერ-სიმღერით. ახლა მაია ფალავანდიშვილი ფილმს ფესტივალისთვის ამზადებს.

სანამ ქაქუცა ჩოლოყაშვილს გადმოასვენებდნენ, ლევილის სასაფლაოზე ვიმღერეთ. სწორედ იმ პერიოდში მივიღეთ მოწვევა რუსეთიდან - ერთ-ერთი პუტინისტი პროდიუსერისგან, მაგრამ ვიდეოზარით დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ქაქუცას საფლავზე ვიდექით და მეორედ აღარ უნდა დაერეკათ.

აფრიკელ მომღერალ კილემასთან ერთად შესრულებული სიმღერის ტექსტი და მუსიკა ჩემი დაწერილია. ამ სიმღერას­ ,,ორი ქვეყანა" დავარქვით. 56 ქვეყანას შორის მესამე ადგილი ორმა გავინაწილეთ - კილემამ და ჩვენ. ,,არტგენის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და 2012 წელს კილემა­ დავპატიჟეთ, მანამდე კი სიმღერა სკაიპით გავუგზავნე. მერე თვითონაც შექმნა იმავე მელოდიაზე სიმღერა. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ორივე შინაარსობრივად ერთსა და იმავეს ვმღეროდით. კილემა თავის აფრიკულ ინსტრუმენტზე, მაროვანზე უკრავს და მღერის. ამ ინსტრუმენტს სიმები ორივე მხარეს აქვს და უნივერსალური­ საკრავია. წელს რუსთავში ,,ოქსიგენ ფესტივალზე" ჩამოვიყვანეთ და კლიპი გადავიღეთ.

ბევრ უცხოელთან ერთად გვიმღერია: პოპულარულ ფრანგულ ჯგუფთან, რომელიც ქართულ სიმღერებს საუკეთესოდ მღერის, პოლონელების ჯგუფ ,,ვოლოშთან" გვაქვს ჩაწერილი ბევრი კომპოზიცია. ყველაზე ადვილი სალაპარაკო ენა მუსიკაა - მელოდია თავისით პოულობს ,,მეგობარს". პოლონეთში სცენაზე ,,დოლინას" პირველი აკორდი რომ აიღეს, მე ჩემი ქიზიყური იმპროვიზაციით შევიჭერი და გაჩნდა ახალი მელოდია. იგივე მოხდა მეგრულ ,,სისატურაზეც" - პოლონელებმა კონტრაბასი, ვიოლინოები აამღერეს, პოლონური ტექსტი დაადეს და ახალი მელოდია შექმნეს. ამჟამად პოლონეთში სიმღერა ,,სისა" ძალიან პოპულარულია.

- ჩვენებურების სხვა სოლისტებიც წერენ სიმღერებს?

- ჯგუფის ხელმძღვანელი არა გვყავს.­ ყველა თავისი კუთხის სიმღერას ქმნის და ერთად ვახმოვანებთ. საოცარი ლელა ნაყეურის ჩვენს ჯგუფში მოსვლამ ახალი იდეები გაგვიჩინა.

- თავგადასავალიც ბევრი გექნებათ გასახსენებელი...

- ესტონეთში ვიყავით გასტროლებზე. სასტუმროში სადილზე რომ მივედით, მაგიდაზე ჩიტის რძეც კი იდო. ჩვენმა ბიჭებმა დიდი ჯამებით აიღეს ერთ-ერთი საჭმელი. ვჭამეთ, დავლიეთ და იმ კერძის ქვაბი­ თითქმის სულ დავაცარიელეთ. საღამოს კი შევიტყვეთ, რომ ის კერძზე კოვზით დასამატებელი ყოფილა. ასი კაცის წილი შეგვიჭამია...

ევროპაში კათოლიკურ ტაძარში ,,წინწყაროს" ვმღეროდით და ჩვენი ანსამბლის ერთი წევრის გამომეტყველებაზე სიცილი აგვიტყდა. ისეთ დღეში ჩავცვივდით, ვეღარ ვჩერდებოდით. ბოლოს ანსამბლის წევრ ბაჩუკი მუკბანიანს ხელი წავარტყი, ცეკვა დაიწყე-მეთქი. შუა ,,წინწყაროში" გადახტა და დაუარა. ჩვენ კიდევ გამწარებული ვუკრავდით ტაშს. ჩვენთან ერთად გამხიარულებული მაყურებელი ვერ მიხვდა, რამ გაახალისა ასე უცაბედად ანსამბლი. ასე გადავირჩინეთ თავი უხერხული მდგომარეობისგან.

ნელი ვარდიაშვილი