ჰიტლერის ფავორიტი მსახიობი საბჭოთა აგენტი იყო
ოლგა ჩეხოვას, მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ხსენება, საბჭოეთში დიდხანს აკრძალული იყო და ბოლშევიკებს საამისო მიზეზიც ჰქონდათ. ოლგა დიდი მწერლის, ანტონ ჩეხოვის რძალი იყო, რაც მთავარია, მის სახელს უკავშირდება არაერთი ჯაშუშური ისტორია, განსაკუთრებით ჰიტლერის ლიკვიდაციის მცდელობა.
გზა ჯაშუშობისკენ
ოლგა ჩეხოვა (ქალიშვილობის გვარი კნიპერი) გარუსებული გერმანელების ოჯახში დაიბადა. გამოხდა ხანი და მშობლებმა მოსკოვში დეიდასთან, ცნობილ მსახიობ ოლგა კნიპერ-ჩეხოვასთან გაგზავნეს. თეატრალურ სტუდიაში მან მწერალ ანტონ ჩეხოვის ნათესავი მიხაილ ჩეხოვი გაიცნო. მალე წყვილი დაქორწინდა, გოგონაც შეეძინათ, მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა და მიხეილი და ოლგა გაიყარნენ.
1917 წელს რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია მოხდა. დაიწყო სამოქალაქო ომი, ტერორი. 1921 წელს 23 წლის ოლგა ჩეხოვამ როგორღაც მოახერხა, ლუნაჩარსკის "სამკურნალოდ" ექვსკვირიანი ნებართვა გამოსთხოვა და გერმანიაში გაემგზავრა. რა თქმა უნდა, იქ არავინ ელოდა, მაშინ გერმანიაში მასავით ემიგრანტი თავზე საყრელად იყო. ოლგას ძალიან გაუჭირდა და სწორედ მაშინ დაუკავშირდა საბჭოთა დაზვერვას. მას შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა - რუსი ჯაშუშების პროტექციით ოლგა ფრიდრიხ მურნაუს ფილმში "ფოგელედის ციხე-დარბაზი" გადაიღეს. პრემიერამ ფურორი მოახდინა - მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა ქალი თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და რაც მთავარია, შესანიშნავი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა. მისით პირადად საბჭოთა დაზვერვის მაშინდელი შეფი მეერ ტრილისერი დაინტერესდა, შემდეგ მისი შემცვლელი არტურ არტუზოვი. მას მორიგი დაზვერვის შეფი ავრამ სლუცკი მოჰყვა, მაგრამ 1937 წელს მისი მკვლელობის შემდეგ ჩეხოვასთან კონტაქტი გაწყდა.
საყვარელი მსახიობი
1933 წელს გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. ცნობილი მკვლევრის, სანშ დე გრამონის ცნობით, ჩეხოვათი იოზეფ გებელსი დაინტერესდა, კომუნისტი იულიუს მადერის გადმოცემით კი ჩეხოვას სილამაზითა და ნიჭით გერინგიც იყო მოხიბლული. ჰიტლერს ოლგა სწორედ გერინგმა წარუდგინა და ის ჰიტლერის საყვარელი მსახიობი გახდა. ოლგას პრემიერებს მთელი ნაცისტური ელიტა ესწრებოდა და არავის მოსდიოდა აზრად, რომ ჩეხოვა საბჭოთა მზვერავი იყო.
უშუალო კავშირზე ბერიასთან
როცა საბჭოთა საიდუმლო პოლიციას სათავეში ნიკოლაი ეჟოვი ჩაუდგა, ის შეეცადა ჩეხოვა რუსეთში დაებრუნებინა. ქალმა უარი განაცხადა. ეჟოვი ლავრენტი ბერიამ შეცვალა. ეჟოვისგან განსხვავებით, ის პროფესიონალი იყო და ამიტომ ჩეხოვას დოსიეს დაწვრილებით გაეცნო.
1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოეთს. იმ პერიოდში ოლგა აქტიურად მუშაობდა და ბერიამ უშუალოდ სტალინს მოახსენა:
- ჰიტლერის უახლოეს გარემოცვაში ჩვენი კაცი გვყავს! ოლგა ჩეხოვა, მწერალ ჩეხოვის რძალი და კინოვარსკვლავი.
- შეუძლია ჰიტლერის მოკვლა?
- მხოლოდ ჩეხოვა ამას ვერ შეძლებს. საამისოდ აუცილებელია კარგად მომზადებული დივერსანტების ჯგუფი, - მიუგო ბერიამ.
სტალინმა ეს საუბარი დაიმახსოვრა.
მიკლაშევსკი სცენაზე გამოდის
1942 წელს გერმანელთა მხარეს გადავიდა წითელარმიელი იგორ მიკლაშევსკი (სსრკ-ში ის ცნობილი მოკრივე იყო). თავდაპირველად ის დააპატიმრეს. დაკითხვაზე მან განაცხადა, ყოფილი საბჭოთა მსახიობის, ვსევოლოდ ბლიუმენტალ-ტამარინის დისშვილი ვარო. ბლიუმენტალ-ტამარინი 1941 წელს გერმანელების მხარეს გადავიდა და სახელი გაითქვა პაროდიებით სტალინზე.
ბლიუმენტალ-ტამარინმა დაადასტურა, რომ მიკლაშევსკი მისი დისშვილი იყო და მიკლაშევსკი გაათავისუფლეს...
მიკლაშევსკიზე ნაცისტური გერმანიის პრესა ალაპარაკდა. გებელსის პროპაგანდისტებს ეს არ მოეწონათ და ბლიუმენტალ-ტამარინმაც დისშვილს ურჩია:
- შედი ვლასოვის არმიაში. ეს ფორმალობა იქნება. სინამდვილეში ისევ მოკრივე იქნები, თან გერმანულ გაზეთებს ანტისაბჭოთა ინტერვიუებს მისცემ!
მიკლაშევსკიმ ბიძას დაუჯერა, მით უმეტეს მისი სამსახური ანდრეი ვლასოვის ანუ რუსეთის განმათავისუფლებელ არმიაში მართლაც ფორმალობა იყო. ცნობილი მოკრივე უმეტესად ვლასოველთა პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობდა. სწორედ ერთ ასეთ საღამოზე შეხვდა ოლგა ჩეხოვას. მოკრივემ თავაზიანად უთხრა:
- თქვენ განუმეორებელი სილამაზისა ბრძანდებით, გიყურებთ და ჩემი ნათესავი სვეტლანა მახსენდება.
ოლგა გაოცდა - მიკლაშევსკიმ წარმოთქვა პაროლი, რომლითაც ოლგა საბჭოთა დაზვერვის აგენტებს უკავშირდებოდა.
ჰიტლერი უნდა მოკვდეს!
სტალინმა ბერია გამოიძახა. საბჭოთა დიქტატორი დაინტერესდა, შეუძლიათ თუ არა საბჭოთა სპეცსამსახურებს ჰიტლერის ლიკვიდაცია. ბერიამ ქართულად მიუგო:
- დიახ, ბატონო სტალინ!
დიქტატორი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა:
- ჯერ ერთი, ბატონები აღარ გვყავს! - რუსულად უპასუხა სტალინმა, - მეორეც, როგორ აპირებთ ჰიტლერის მოკვლას?
- ფიურერის გარემოცვაში ჩვენი ხალხი გვყავს, ოლგა ჩეხოვა და მოკრივე მიკლაშევსკი.
- ეგ რომელია? მსახიობ ბლიუმენტალ-ტამარინის დისშვილი?
- დიახ. ის გერმანიაშიც ცნობილი მოკრივეა.
- ორი კაცი მოახერხებს ჰიტლერის ლიკვიდაციას?
- უკანასკნელ მომენტში მათ დივერსანტების ჯგუფი დაეხმარება. ისინი უკვე ბერლინში არიან.
სამზადისი
ჰიტლერის ლიკვიდაციის ოპერაციას სათავეში ედგა გამოცდილი ჩეკისტი პაველ სუდოპლატოვი. მის ანგარიშზე უკვე იყო უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცის მკვლელობა. სუდოპლატოვი ხელმძღვანელობდა ოპერაცია "იხვს", რომლის შედეგად სტალინის დაუძინებელი მტერი ლევ ტროცკი მოკლეს. ახლა სუდოპლატოვს უფრო საპასუხისმგებლო დავალება ჰქონდა - ჰიტლერის ლიკვიდაცია.
სუდოპლატოვმა ბერიას რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა, მაგრამ ლავრენტი პავლოვიჩმა ყველა დაიწუნა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ჰიტლერს მოკლავდნენ მაშინ, როცა ის უახლოეს გარემოცვასთან ერთად დაესწრებოდა ერთ-ერთი ფილმის პრემიერას, რომელშიც ჩეხოვა მონაწილეობდა.
მოულოდნელი გადაწყვეტილება
სტალინთან ანაზდად გამოძახება იმხანად ცუდი ნიშანი იყო - უამრავი ადამიანი უკვალოდ გაქრა. ბერიაც დარწმუნებული იყო, რომ ცოცხალი არ დაბრუნდებოდა.
სტალინმა ბერია თავის კაბინეტში მიიღო. ლავრენტი დიქტატორს დაძაბული შესცქეროდა.
- დაჯექი, ლავრენტი! - სტალინმა სავარძელზე ანიშნა, - მაშ, ჰიტლერზე თავდასხმის ყველა დეტალი მომზადებულია?
- დიახ, ამხანაგო სტალინ! ფიურერი განწირულია.
- მერედა რას მოგვცემს ეს? - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა.
- ჰიტლერის ლიკვიდაციით დრაკონს თავს მოვაჭრით.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა სტალინმა.
ბერია დუმდა.
- ჰიტლერს გერმანია კატასტროფისკენ მიჰყავს, ფიურერთან მოლაპარაკების მაგიდასთან არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი არ დაჯდება! ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ კი გერმანიას შანსი ეძლევა, მცირე, მაგრამ მაინც შანსი.
- მაშ როგორ მოვიქცეთ? - ფრთხილად შეეკითხა ბერია.
- ოპერაცია უნდა შევაჩეროთ! - მოუჭრა სტალინმა.
რა მოხდა შემდეგ
დივერსანტები, რომლებსაც ფილმის პრემიერისას ბომბი უნდა აეფეთქებინათ, რუსეთში დააბრუნეს, ოლგა ჩეხოვა და მიკლაშევსკი კი ბერლინში დარჩნენ.
მიკლაშევსკიმ კარგა ხანი დაყო ბერლინში და თავისი ბიძის, ბლიუმენტალ-ტამარინის ბინაში ცხოვრობდა. შემდგომში ზოგი ამტკიცებდა, რომ მიკლაშევსკიმ ბიძას ზურგში ესროლა და მოკლა. სინამდვილეში ბლიუმენტალ-ტამარინი მიუნხენის მახლობლად ჩამოხრჩობილი იპოვეს. რა იყო ეს, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ეს კითხვა დღემდე უპასუხოა.
მიკლაშევსკი რუსეთში 1947 წელს დაბრუნდა. მას ბევრ საბჭოთა მზვერავზე მეტად გაუმართლა. ის არ დაუპატიმრებიათ, პირიქით, წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს. ამის შემდეგ სპორტს დაუბრუნდა. რინგზე გამოსვლა აღარ შეეძლო, სამაგიეროდ, წარმატებას მიაღწია როგორც მწვრთნელმა. მან არაერთი ჩემპიონი აღზარდა. გარდაიცვალა მოსკოვში 1990 წელს.
ოლგა ჩეხოვას კი არ გაუმართლა. 1945 წელს გესტაპომ მასზე ეჭვი მიიტანა, რომ საბჭოთა აგენტი იყო და ქალი მიიმალა, მაგრამ ბერლინის დაცემის შემდეგ ჩეხოვა "სმერშმა" (საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვა) დააპატიმრა და მოსკოვში ჩაიყვანა. "სმერშის" შეფ ვიქტორ აბაკუმოვს სურდა ჩეხოვა თავად დაეკითხა, მაგრამ საქმეში ბერია ჩაერია.
"ბერიამ და ჩეხოვამ რამდენიმე ვნებიანი ღამე გაატარეს, - წერს ცნობილი სპეცსამსახურების ექსპერტი ტეოდორ გლადკოვი. ამის შემდეგ ქალი დასავლეთში გაუშვეს. ოლგა მიუნხენში დამკვიდრდა და კინომსახიობობას დაუბრუნდა. ის კიდევ 22 ფილმში გადაიღეს. მოგვიანებით ჩეხოვამ ბიზნესსაც მოჰკიდა ხელი. გარდაიცვალა სიმსივნით 1980 წელს.
პუტინის ვერდიქტი
ოლგა ჩეხოვასა და მიკლაშევსკის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ სსრკ-ის დანგრევის შემდეგ შეიტყო. მოგვიანებით რუსეთში ჩეკისტ სუდოპლატოვის მემუარები გამოიცა. წიგნს გამსკდარი ბომბის ეფექტი ჰქონდა.
ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო არა მარტო მედიის შეზღუდვა, არამედ ისტორიის რევიზიაც. პუტინმა განაცხადა:
- ოლგა ჩეხოვა დიდი ხელოვანი და რუსული ლიტერატურის კლასიკოსის ანტონ ჩეხოვის რძალია. იმის მტკიცება, რომ ის სუკ-ის აგენტი იყო, რუსი ერის შეურაცხყოფაა!
შემდეგ კი რუსულ მედიაში გამოჩნდა მასალები, რომ ოლგა ჩეხოვა არასოდეს ყოფილა სუკ-ის აგენტი. ასე მოხდა პუტინის სანქციით რუსეთის ისტორიის მორიგი რევიზია.
ეპილოგი
დიდი რუსი ისტორიკოსი ვასილი კლიუჩევსკი წერდა, რომ ისტორია გაყალბებას ვერ იტანს და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვას, მივიღოთ ის ისეთად, როგორიც არის.
რუსი ოპოზიციონერი, ამჟამად პატიმარი ალექსეი ნავალნი იმედოვნებს, რომ ოდესმე XX საუკუნის რუსეთის ობიექტური ისტორია დაიწერება. მაშინ ოლგა ჩეხოვას პიროვნებაც იქნება შეფასებული. გამართლდება კი ეს მოლოდინი?
ნიკა თევზაძე,
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი