საქართველოს 229 ათასზე მეტი მოქალაქე ე.წ. შავ სიაშია
საქართველოში 229 ათასზე მეტი ადამიანი კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. შავ სიაშია. ანუ მსესხებლების 11,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ფარავენ. უფრო კონკრეტულად კი, 2023 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 229 406 მსესხებელს აქვს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 900 ათას ადამიანს აქვს, ჯამში 41 მილიარდ ლარზე მეტი უფიქსირდება. კიდევ 21 854 ადამიანს სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 709 ადამიანს უფიქსირდება. ამ საკითხზე გვესაუბრება "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე.
- საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი კატასტროფულად დიდი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობას არა მარტო საბანკო სესხები აქვს, არამედ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან სესხები და პირადი ვალდებულებებიც, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სიღარიბეა. ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას, მიუხედავად იმისა რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ზრდით ტრაბახობენ. ის, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში როგორ უჭირს ხალხს, რეალურად აჩვენებს, რა ეკონომიკურ მდგომარეობაშია საქართველო. მათ შორის ერთ-ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ვადაგადაცილებული სესხები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკის შემოღებული რეგულაციების შემდეგ ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა მცირდება, რადგან ბანკები აღარ გასცემენ ისეთ პირებზე სესხებს, რომლებიც შემოსავალს ვერ ადასტურებენ. თუ მოქალაქეს სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ბანკი სესხს არ გასცემს, რაც აზღვევს კლიენტსაც და ბანკსაც პრობლემებისგან.
- უფრო ხშირად რა სახის სესხები გადადის პრობლემურში?
- ყველაზე ნაკლებად პრობლემური იპოთეკური სესხებია. როდესაც უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი და დაზღვეული, მსესხებელიც გრძნობს ვალდებულებას, რომ თუ ვერ გადაიხდის სესხს, მოუწევს უძრავი ქონების დაკარგა და შესაბამისად, ძალიან დიდხანს ფიქრობს, სანამ მსგავსი ტიპის სესხს აიღებს. უფრო პრობლემურია მცირე, სამომხმარებლო ტიპის 2.000 ლარამდე სესხები, რადგან ასეთი ტიპის ვალდებულება არ არის არაფრით უზრუნველყოფილი.
- რამდენ ხანში ხდება სესხი პრობლემური და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ნაკლებად დავზიანდეთ?
- ბანკი ცდილობს მსესხებელთან მოლაპარაკებით მოაგვაროს პრობლემა. თვით მსესხებელი როგორ იქცევა, ამაზეცაა დამოკიდებული. ზოგი აიღებს სესხს და მიდის საზღვარგარეთ ან დაიკარგება, ტელეფონს თიშავს. ასეთ მომენტებში ბანკი უფრო მკაცრად მოქმედებს და შესაძლოა მკაცრ ზომებს მიმართოს. თუ მომხმარებელი ხვდება, რომ ვეღარ იხდის სესხს, ჯობს თავად მიმართოს ბანკს, დაელაპარაკოს და ერთად სცადონ გამოსავლის გამონახვა. ბანკი ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მტერია და გებრძვის. მისი ინტერესი არ არის მომხმარებლის უძრავი ქონების დაპატრონება, მისი ინტერესია, რომ სესხი ეტაპობრივად დაფარო. რაც შეეხება ნაკლებ ზიანს, კარგად დავფიქრდეთ, სანამ სესხს ავიღებთ; არ ავიღოთ, თუ აუცილებლობა არ არის და თუ გამართლებული არ არის მისი მიზნობრიობა. შემოსავლები კარგად გავთვალოთ, კარგია, თუ გვექნება დანაზოგი, რათა თუ უმუშევარი დარჩები, სესხის დაფარვა რომ მაინც შეძლო, ან თუნდაც გარკვეული პროცენტის, თუ ვერ დაფარავ. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ პრობლემის წინაშე დავდექით, გირჩევთ ეს აცნობოთ ბანკს და ერთად მოძებნოთ პრობლემის გადასაჭრელი გზები. დალაპარაკება და კომუნიკაცია საუკეთესო გამოსავალია. არ უნდა დაიმალოთ, რადგან ერთხელ თუ ვერ გადაიხდით, ავტომატურად აღმოჩნდებით "კრედიტინფოს" ნეგატიურ ბაზაში. ასევე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშების, უძრავ/მოძრავი ქონების დაყადაღება. შემდეგ ამ ყველაფრის გაქარწყლებას წლები სჭირდება. შესაძლოა ცუდი ისტორიის მქონე პირს უფრო მაღალ პროცენტში მიეცეს სესხი, ვიდრე კარგი ისტორიის მქონეს.
- როგორ უნდა მოიქცეს მსესხებელი, როცა ბანკი სასამართლოში უჩივის?
- ზოგს ჰგონია, თუ სესხის აღების შემდეგ სამი წელი გავიდა და არაფერი აქვს გადახდილი, ბანკის ვალდებულებისგან თავისუფლდება, მაგრამ ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში საკრედიტო ბარათებზე ხანდაზმულობის ვადა სხვანაირად მუშაობს, რადგან საკრედიტო ბარათებს სესხის დასრულების გრძელვადიანი ვადა აქვთ. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს, ჩვენ რაღაცებს ვაფასებთ მორალური მხრიდან, ბანკი კი არ არის მორალზე დაფუძნებული, ეს ნდობაზე აგებული ინსტიტუტია, მასაც აქვს საკუთარი ვალდებულებები. კარგია, თუ სასამართლომდე არ მივიყვანთ საქმეს, რადგან, როგორც წესი, ასეთი კეისები თითქმის 100%-ით ბანკის გამარჯვებით მთავრდება და შემდგომ პირს უწევს არა მარტო ნასესხები თანხის გადახდა, არამედ სასამართლოს ხარჯების გასტუმრებაც. ჩივილის შემთხვევაში უმჯობესია ჩვენც მოვახდინოთ რეაგირება, დავწეროთ შესაგებელი. არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ ჯარიმები ჩამოაწერა მსესხებელს და მხოლოდ ძირი თანხის გადახდამ მოუწია. როდესაც მოსამართლე ხედავს, რომ პირს შემოსავალი დაბალი აქვს ან უმუშევარია, შეიძლება სესხი გაიწეროს გრძელვადიანად. მაგრამ როცა მსესხებელი იმალება, არ კითხულობს საკუთარ მდგომარეობას, ამ დროს სასამართლო უფრო მკაცრია.
- პრობლემური სესხების მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს მაღალი პროცენტი?
- სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ეკონომიკაა ქვეყანაში, როგორი საბანკო სექტორია და ამ ბანკებს შორის რამდენად არის მაღალი კონკურენცია. საბანკო სექტორი მკაცრად რეგულირდება, მაგრამ თუ ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდა, არაფერი გამოვა. ორი წელი გვქონდა ინფლაცია, რამაც თავისთავად განაპირობა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. გაძვირდა ფული, რამაც ანაბრების პროცენტებზეც იმოქმედა და სესხის პროცენტზეც. იმისთვის, რომ სესხის პროცენტმა დაიკლოს, ქვეყნის ეკონომიკა უნდა განვითარდეს, რათა ფული გაიაფდეს. კარგი იქნება, საბანკო სექტორში კონკურენცია იყოს - იყოს არა ორი დიდი ბანკი, არამედ მესამეც, რომელიც კონკურენციას შექმნის.
სოფო კაჭარავა