„მგონი, უკრაინაში რაღაცები ვერ მოზომეს“
პოლონეთის მთავრობის სპიკერის განცხადებით, პოლონეთი არსებული კონტრაქტების თანახმად, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას გააგრძელებს და პოლონეთში კვლავ მოქმედებს უკრაინის საერთაშორისო დახმარების ჰაბი."იარაღის მიწოდების საკითხზე მინდა გაცნობოთ, რომ პოლონეთი უკრაინას მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ საბრძოლო მასალასა და იარაღს აწვდის. ეს ასევე ეხება უკრაინასთან დადებულ კონტრაქტებს და სხვა საკითხებთან ერთად, პოლონეთის იარაღის მწარმოებელთა მიერ 1898 წლის შემდეგ ხელმოწერილი ყველაზე დიდი უცხოური კონტრაქტია "ჰაუბიცა კრაბების" მიწოდების შესახებ... შეგახსენებთ, რომ ომის პირველ თვეებში პოლონეთმა უზრუნველყო უკრაინის თავდაცვისათვის მნიშვნელოვანი ტანკების, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალების მიწოდება რუსეთის თავდასხმის შესაჩერებლად. ომის პირველ თვეებში, როდესაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები განიხილავდნენ მხარდაჭერას, პოლონეთი თანამიმდევრულად ეხმარებოდა კიევს", - პოლონეთის მთავრობის წევრის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც 20 სექტემბერს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე დიპლომატიურ უთანხმოებაზე კითხვის პასუხად თქვა, რომ ვარშავა "უკვე აღარ აწვდის იარაღს უკრაინას". მისი თქმით, ნატოს წევრი პოლონეთი, რომელიც ომში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო, ამის ნაცვლად "საკუთარ თავს აიარაღებს ყველაზე თანამედროვე იარაღით".ამ სიტყვებმა საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ჩაითვალა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე პოლონეთის შესაძლო უარს ნიშნავდა. მანამდე კი პოლონეთის მთავრობამ კიევის ელჩი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა იმაზე, რომ ზელენსკიმ გაეროში გამოსვლისას თქვა, ზოგ მოკავშირეს მხოლოდ თავი მოაქვს, თითქოს უკრაინას მხარს უჭერს და იარაღით ეხმარებაო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და მათ შორის პოლონეთმა უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის კიდევ რამდენიმე პროდუქტის იმპორტი შეაჩერა, რასაც კიევის უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენად ღრმაა პოლონეთ-უკრაინის დიპლომატიური სკანდალი და რატომ კეთდება უკრაინიდან ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით მისი მთავარი პარტნიორების შესახებ და სადამდე შეიძლება მივიდეს ყოველივე ეს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
- მგონი, უკრაინაში რაღაცები ვერ მოზომეს. საჯაროდ ამგვარი მკვახე განცხადებები დაუშვებელია და ეს ხაზი გადაკვეთეს. უკრაინას მთელი დასავლეთი და სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან და ამან გაუჩინა მათ შეგრძნება, რომ შეუძლიათ ყველაფერი მოითხოვონ და მიიღებენ. არადა, ასე მარტივად არ არის საქმე. საერთაშორისო პოლიტიკა ძალიან დაუნდობელია და პოლონელების საჯაროდ კრიტიკა ნამდვილად არ არის გონივრული.
- გასაგებია, რომ ხორბლის გატანა უკრაინისთვის არსებითია, მაგრამ არის თუ არა იმ მნიშვნელობის, რომ კიევი ასეთ რისკზე წასულიყო?
- უკრაინაში მიეჩვივნენ, რომ ყველა ეხმარება და რაც არ უნდა მოითხოვონ, უსრულებენ. ეს კი ძალიან საბედისწერო შეიძლება გამოდგეს. ახლა კი გადაყლაპა პოლონეთმა წყენა, მაგრამ მერე რას იზამს, ძნელი სათქმელია. მხოლოდ პოლონეთი კი არა, აღმოსავლეთ ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანა ბლოკავს უკრაინულ ხორბალს, რადგან ევროკავშირი მაინც ჩაკეტილი ეკონომიკური სივრცეა და იქ შეღწევა ჩვენც ძალიან გვიჭირს და უკრაინასაც. კი, გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, მაგრამ ასე მარტივი არ არის. ევროკავშირს თავისი წესები აქვს და ეს ვინმეს თუ არ ესმის ან აქ, ან მოლდოვაში, ან კიევშიც კი, მათი პრობლემაა.
- გვახსენდება საქართველოზე გაკეთებული განცხადებებიც ან თუნდაც ჩვენი ელჩის ფაქტობრივად გამოძევება. ახლა უფრო გამოჩნდა, რომ სამართლიანი არც ჩვენთან იყვნენ. რატომ აკეთებს კიევი ამას, მთავარ პარტნიორებს ასე რატომ ექცევა?
- კი, ბევრი განცხადება და ქმედება გაუგებარია, მაგრამ როცა ასეთ დღეშია ქვეყანა, არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება.
- სადამდე შეიძლება მივიდეს კიევის ასეთი, ჩავთვალოთ, გაუაზრებელი განცხადებები?
- რა თქმა უნდა, პოლონეთის ინტერესშია უკრაინა მოამარაგოს და გააძლიეროს. ამიტომ მათი თანამშრომლობა არ შეჩერდება. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი - უკრაინას გმირად ჰყავს ბანდერა, პოლონელებისთვის კი ის მისაღები ფიგურა არ არის და სხვათა შორის, რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. თუ არ ვცდები, ლვოვში დადგეს ბანდერას ძეგლი და პოლონელებმა, მგონი, იმ დღესვე ააღებინეს - ანუ მათ შორის რაღაც პრობლემები არის, ძველი, არცთუ ისე კარგი ისტორიის გამო და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე ამას როგორც უკრაინის გულშემატკივარი ვამბობ, ბევრი რამ დასალაგებელია.
- რატომ ვერ ლაგდება? ეს ხომ თვითონ უკრაინას სჭირდება?
- უკრაინასთან მქონია შეხება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ 1990-იანი წლებიდან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრების დეფიციტი აქვს. ის ხომ ძალიან დიდხანს კორუმპირებული და მიბმული იყო რუსულ სივრცეზე. როგორც ჩანს, ეს პრობლემა დღემდე დგას.
- დასავლელი პარტნიორები მაინც ხომ ურჩევენ, რა გააკეთონ და რა არა, კონსულტაციები უთუოდ ექნებათ და ეს შედეგზე რატომ არ აისახება?
- მხოლოდ რჩევები არ შველის. 40-მილიონიან ქვეყანას რამდენი რაღაც უნდა ურჩიო? სხვა თუ არაფერი, ამას დრო სჭირდება. მათთან ეს პროცესი ძალიან გვიან დაიწყო და გასაგებია, რატომაც. ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, გამოკვეთილი ეროვნული იდენტობა გვქონდა, მაგალითად, ჩვენ, საქართველოს, უკრაინას კი არ ჰქონია. უკრაინელების უმრავლესობა რუსულად ლაპარაკობდა. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირს რომ მართავდნენ ხრუშჩოვი და ბრეჟნევი, ვინ არჩევდა, ვინ უკრაინელი იყო თუ ვინ რუსი? ყველასთვის ორივე რუსი იყო. ეს პრობლემა მათ ძალიან დიდხანს შერჩათ, ამისგან ვერ გათავისუფლდნენ. ამაშია საქმე და საგარეო ურთიერთობებში შეცდომებიც ამით აიხსნება, ძველი ინერციით.
- პოლონეთმა თქვა, რომ არ აპირებს დადებული ხელშეკრულების გადახედვას, რაც ნიშნავს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, მაგრამ აქცენტი გაკეთდა არსებულ შეთანხმებაზე და არაფერი თქმულა გეგმებზე. თუკი კიევი ტონს არ შეიცვლის, შესაძლებელია პოლონეთმა პოლიტიკა შეცვალოს, მიუხედავად დასავლეთის ინტერესებისა?
- თუ კიევიდან ასეთი განცხადებები, საჯარო შეურაცხყოფა გაგრძელდა, მგონი, პოლონეთმა რომც მოინდომოს, ვეღარ დაეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს სურს დაეხმაროს უკრაინას და დაასუსტოს რუსეთი - ეს მისი პირდაპირი ინტერესია. როგორც ჩანს, კიევში სწორედ ამას ფიქრობენ, რომ რადგან პოლონეთის ინტერესშია მათი დახმარება, მაინც დაეხმარება.
- ასევე საინტერესოა რუსეთისა და ჩრდილო კორეის ლიდერების ბოლო შეხვედრა. როგორც ჩანს, რუსეთი მიიღებს საბრძოლო მასალას და ამაში კარგა ხანს პრობლემა არ ექნება. თუ უკრაინას პრობლემები შეექმნება იარაღის მიწოდებაზე, ეს ხომ გაართულებს ვითარებას?
- ამ ომში რაოდენობრივი უპირატესობა მაინც რუსებს აქვთ, ხაზს ვუსვამ, რაოდენობრივად. ცხადია, რუსულ არტილერიას "ჰაიმარსი" სჯობს, მაგრამ ამ არტილერიას რუსები, ჯერ ერთი, თვითონ აწარმოებენ და მეორე, შეუძლიათ ძალიან იაფად იყიდონ ფხენიანისგან. კიევი რაღაც-რაღაცებს კი აწარმოებს, მაგრამ რუსეთი ინტენსიურად უბომბავს. ამიტომაც თითქმის სრულად დამოკიდებულია გარედან მიწოდებულ იარაღზე. აქ კი პრობლემა ის არის, რომ ევროპის ეკონომიკა არ არის გადაწყობილი სამხედრო რელსებზე, არ არის მათი პრიორიტეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება. ამერიკა ასე თუ ისე გადაეწყო, მაგრამ არა ევროკავშირი და ეს აჩენს სერიოზულ პრობლემას.
- ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ომში ვითარება ნეგატიურად შეიცვალოს?
- ნეგატიურად არა მგონია, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ არც პოზიტიურად შეიცვლება, სტატუს-კვო შენარჩუნდება. ფაქტია, უკრაინის კონტრშეტევა მთავრდება, რადგან დრო ეწურება და რა უნდა ქნან? კი, წინსვლა აქვთ, მაგრამ კონტრშეტევის მიზანი გარღვევაა, რაც არ მომხდარა. ეს არის დასაფიქრებელი ყველასთვის.
რუსა მაჩაიძე