„ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია, იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს“
"საქართველოს პოლიტიკური სისტემა რომ სერიოზულადაა ავად, ამაზე თუნდაც პარლამენტის სხდომებზე გაჩაღებული რეგულარული მუშტი-კრივი მეტყველებს. ამას თუ დავუმატებთ ორ ასეულზე მეტ რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას და პრეზიდენტობის ამბიციის მქონე უამრავ "ლიდერს", დიაგნოზი კატასტროფული იქნება - რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, მით უფრო იოლია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა", - ამბობს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი.
- ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი, ტექნიკური აღჭურვილობა და დაფინანსება მკვეთრად ჩამორჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დონეს. XXI საუკუნეში, მსოფლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელობის არნახული გაძლიერების ხანაში, ჩვენთან ამ საკითხების შესწავლა და ანალიზი კვლავ თვითდინებაზეა მიშვებული. ქართული სპეცსამსახურების დაუძლურება მტრული ძალების მიერ მიზანმიმართული პროცესია, რადგან ცნობილია, რომ ძლიერ სახელმწიფოს სუსტი სპეცსამსახურებით ვერ ააშენებ.
- დღეს ძირითადად რომელი ქვეყნის აგენტურა მოქმედებს ჩვენს პოლიტპარტიებში?
- საქართველოში ბევრი ქვეყანა ცდილობდა და ცდილობს პოლიტელიტაში, ბიზნესელიტაში, მასმედიაში, სამეცნიერო წრეებში და ა.შ. დასაყრდენი ჰყავდეს.
პოლიტპარტიებში აგენტურის შეგზავნით დაინტერესებული არიან: 1. კონკურენტი პოლიტპარტიები; 2. ადგილობრივი სპეცსამსახურები; 3. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.
ლოკალურ დონეზე პოლიტიკური შპიონაჟით კონკურენტი პოლიტპარტიები "ერთობიან". მათ აგენტურას მიზნებიც და შესაძლებლობებიც ლოკალური აქვთ და ბევრიც რომ ეცადონ, ჩვენი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარეშე ქვეყნის სტრატეგიულ კურსს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან. მათი საქმიანობის სფეროა ფარული კავშირები ხელისუფლებასა და სხვა პარტიებთან; არაფორმალური ურთიერთობები; კომპრომატების შეგროვება პარტიის ლიდერებზე და ა.შ.
გაცილებით სახიფათოა ადგილობრივი სპეცსამსახურების "აგენტურული თამაშები". საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ოპერატიული მიზნით შექმნილი ბევრი პარტიაა. ამ პარტიების მოქმედების სცენარები სპეცსამსახურებში იწერება, მაგრამ საკითხავია, ვის ინტერესებს ატარებენ? დღეს ეროვნული სპეცსამსახურების არსებობის გარეშე შეუძლებელია გარკვევა, ვისი კონტროლით მოქმედებენ ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის შექმნილი ან თუნდაც ახალწამოჩიტული პარტიები.
სპეცსამსახურებისთვის პარტიებში აგენტურის შეგზავნის მიზნები და მეთოდები საერთოა. განსხვავებულია მხოლოდ ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის რეალიზაციის მიმართულებები. ჩვენს სპეცსამსახურებს კანონით ეკრძალებათ შიდაპარტიულ ორომტრიალში მონაწილეობა, აგენტურის მეშვეობით ოპოზიციის დაშლა და ერთმანეთზე წაკიდება, რადგან "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით აკრძალულია ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში. მათი მოვალეობაა, გამოავლინონ და აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული შეღწევა პარტიებსა და პოლიტელიტაში, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვ.
- ახლახან გაირკვა, რომ ყოფილი გენპროკურორი ეფ-ეს-ბეს აგენტი გვყოლია, რის გამოც აშშ-მ დაასანქცირა კიდეც ოთარ ფარცხალაძე. სავარაუდოდ, ეს აგენტურული წრე არც ისე ვიწროა... მსგავსი ფაქტის წინაშე რომ არ დადგეს ქვეყანა, ალბათ, უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს...
- სანამ პირი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნება, შემოწმების ობიექტი უნდა იყოს. ის ერთგვარ ფილტრს გადის, არსებობს თუ არა დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ორგანიზაციებსა და სპეცსამსახურებთან. არ შეიძლება ასეთი პირის მოსვლა სახელისუფლებო შტოში. დღეს არა მარტო სახელისუფლებო შტო, ყველა სფერო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნეა. არ არის აუცილებელი გადაბირებული პირი იყოს მაინც და მაინც მინისტრი, საკმარისია გადაიბირონ, მაგალითად, მინისტრის მდივანი ან დამლაგებელი, რომელიც შეძლებს ფარული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას, ინფორმაციის გამოტანას... დღეს სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდების გადაბირება, რადგან მათ აქვთ ზრდის პერსპექტივა (პოლიტიკაში, ეკონომიკაში...).
რაც შეეხება კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, მას აქვს ყველა საეჭვო პირის შემოწმების ვალდებულება. სუს-ის დებულებაში წერია, რომ კონტრდაზვერვამ უნდა გამოავლინოს ყველა ასეთი პირი - უნდა შემოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია და ამის მიხედვით დაიწყოს საქმე. ამისთვის გამოიყენება ფარული მოსმენაც, მაგრამ სამხილების საფუძველზე და სასამართლოს თანხმობით. ეს ყველაფერი ფარულად ხდება. ქვეყნის უსაფრთხოების უცხო ქვეყნის აგენტურისგან თავდაცვის უმთავრესი სტრუქტურა კონტრდაზვერვის დეპარტამენტია.
- ინტერნეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. რატომ არ არსებობს საიდუმლო მასალების კონტროლის მექანიზმი ან რა გზით ხერხდება მათი გასაჯაროება? დაიწყო გამოძიებაც, მაგრამ შედეგი არავინ იცის...
- თუ ინფორმაცია სპეცსამსახურიდან გაედინება, ეს უდიდესი პრობლემაა. როცა გამოძიებაც მიმდინარეობს და შედეგი არ დგება, ესეც ბევრ პრობლემაზე მიანიშნებს - ანუ რომელიღაც რგოლში (ან რამდენიმეში) გაიჟონა ინფორმაცია. სამწუხაროდ, ის მავნე პრაქტიკა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, შემდეგ შევარდნაძისა და მიშას დროს, დღესაც შენარჩუნებულია - სპეცსამსახურში წამყვან თანამდებობებზე ინიშნებიან არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური გუნდის ან კონკრეტული პირის მიმართ ერთგულების ნიშნით.
უცხოეთში არსებობს ასეთი მიდგომა: ყველა მინისტრს ჰყავს მოადგილე, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის დროსაც კი არ იცვლება. ვთქვათ, ახალი პარტია მოვიდა და მაგალითად, ნიშნავს უშიშროების მინისტრს. მისი მოადგილე, სანამ პენსიაზე არ გავა, ან არ გარდაიცვლება, უცვლელია. ეს აუცილებელი მემკვიდრეობითობაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი გარანტიაა. ჩვენთან კი შეიცვლება თუ არა მინისტრი ან სხვა უწყების ხელმძღვანელი, მძღოლს და დამლაგებელსაც კი უშვებენ. ადრე თუ გვიან, ეს უნდა დამთავრდეს და მთავარი პრინციპი უნდა იყოს პატიოსნება, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი.
- ოპონენტები ჩვენს სპეცსამსახურებს ხშირად საყვედურობენ, რომ ჯაშუშების გამოვლენაზე არ მუშაობენ. თქვენ გახსენდებათ ასეთი ფაქტი?
- მიშას დროს, 2006 წლის სექტემბერში, 4 რუსი სამხედრო ჯაშუში დააკავეს და ტელეგადაცემები მიუძღვნეს, რაც დაუშვებელია. როგორც წესი, ასეთი ფაქტი არ საჯაროვდება, სანამ ქვეყნებს შორის არ გაიცვლება ინფორმაცია. ეს დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს, მით უმეტეს, 2006 წელს ჯერ არ იყო საომარი ვითარება. რა თქმა უნდა, ჯაშუში უნდა გამოავლინო, მაგრამ ჯერ უნდა გადაიბირო, მეთვალყურეობაში გყავდეს... ის 4 რუსი სამხედრო თვითმფრინავით გაუშვეს და მერე გადაცემები მიუძღვნეს. მიშა რომ მოიხსენიებდა, დაჟანგებული ГРУ-ო, იმ რუს სამხედროებს რატომ არ ჰკითხეს, კავშირზე ჰყავდათ თუ არა ქართველები? თუ ადგილობრივები არ დაეხმარნენ, მარტო ხომ ვერაფერს გააკეთებდნენ? ვინმე გამოავლინეს? - არავინ, რადგან ყველაფერი დადგმული იყო...
იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება სიმონ კილაძეზეც, მერე ვახტანგ მაისაიას გამოგონილი ბრალდება, ამას მოჰყვა ფოტოგრაფების საქმე, "ენვერის საქმე". ყველაფერი ეს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად უნდოდათ, რეალურად კი რუსეთის აგენტურა მშვენივრად მუშაობდა და აკეთებდა თავის საქმეს. 2012 წლიდან ასეთი დადგმული სცენარები აღარ გვხვდება, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობის კვალი, რა თქმა უნდა, ძირითადად ჩრდილოეთიდან მოდის და ამის წამქეზებელი ფაქტორები და პირები უნდა გამოავლინონ...
- საინტერესოა მათი საქმიანობის მეთოდები, მაგალითად, პოლიტპარტიებში.
- ერთი სცენარით, პარტიებისა და პოლიტიკოსების ნაწილს დავალებული აქვთ კონკრეტულ ქვეყანასთან "მეგობრობის" ლოზუნგით ღიად გაახმოვანონ მეორე ქვეყნის ინტერესები, რითაც ეჭვი ააცილონ იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც "ღრმა იატაკქვეშეთში" არიან და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა გაატარონ რეალური შემკვეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები. ამ პოლიტპარტიებიდან ზოგი ადრეა შექმნილი, ზოგი კი სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის იქმნება...
მოკლედ, ქვეყანა მუდმივ ქაოსშია და ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია, იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს.
დასასრულ ერთიც უნდა ითქვას: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობა ბეწვის ხიდზე სიარულია და, ადრე თუ გვიან, ყველას ვინაობა ცნობილი გახდება. ამიტომ ამ საქმეში ჩართულ პირებს ვურჩევ, ახლავე გადაარჩინონ შთამომავლობა სირცხვილს...