რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქართულ ფინანსურ სექტორს
19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე ფინანსური სანქციები ქვეყანაში აღარ უნდა გავრცელებულიყო, ერთი მხრივ, პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია, მეორე მხრივ კი გაჩნდა ქვეყნის დასანქცირების, ფინანსური სექტორისთვის კოლაფსის შექმნის განცდა, რომელიც განსაკუთრებით გაამძაფრა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობიდან თანამდებობის ოთხი პირის გადადგომამ. ამ ყველაფრის პირველი შედეგი ის იყო, რომ ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა და ეროვნულ ბანკს რეზერვებიდან ორ დღეში 40 მილიონი დოლარის დახარჯვამ მოუწია, თუმცა ლარი ძველ ნიშნულზე მაინც ვერ დაბრუნდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რა გავლენა ექნება ფინანსურ სექტორსა და ეკონომიკაზე, რა ელოდება ლარსა და ფასებს და როგორ აისახება თითოეულ ჩვენგანზე, ამ საკითხებზე ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ვესაუბრეთ:
- შევხედოთ ქრონოლოგიას, რა და როგორ მოხდა, რაც ძალიან გაგვიადვილებს შეფასების გაკეთებას. "საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის" მიხედვით, ცენტრალური ბანკი ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ავალებს შესაბამისობაში იყვნენ დასავლურ სანქციებთან და მათი პირველი განცხადებით, 18 სექტემბერს ფარცხალაძეს ქართული ბანკების ყველა ანგარიშზე წვდომა შეეზღუდა. მალევე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ცენტრალური ბანკის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ მოცემული ქმედება არაკონსტიტუციური იყო. ცენტრალური ბანკი დაეთანხმა ირაკლი კობახიძეს და 19 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომ საქართველოს მოქალაქისთვის, რომელსაც სანქციები შეეხებოდა, აქტივებზე წვდომის შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, თვით სასამართლოზე კი დიდი ხანია არის ეჭვი, რომ სისტემაში კლანური მმართველობაა, ხოლო კლანის მთავარი მმართველი მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, უკვე სანქცირებული არიან აშშ-ის მიერ. ამ ყველაფრის შემდეგ ბაზარზე მოქმედმა კომერციული ბანკების უმეტესობამ განაცხადა, რომ არ გადაუხვევდნენ დასავლური სანქციების ინსტრუქციებს და სანქცირებულ პირებს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს, არ მისცემდნენ წვდომას ანგარიშებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა. ამ ყველაფრით რეჟიმის მიერ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის მიტაცება კიდევ ერთხელ ნათელი შეიქნა. რაც მთავარია, ამან ცხადყო, რომ ფარცხალაძის დასაცავად ხელისუფლება და ეროვნული ბანკი აზიანებენ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.
ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ შექმნა რისკი, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სანქცირებული აღმოჩნდეს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს არა მარტო ფინანსურ სექტორს, არამედ ეკონომიკას, გააღარიბებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან ბანკებს შეექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემა, დაზიანდება მათი სააქციო პორტფელი საერთაშორისო ბაზარზე და შეეზღუდებათ ფინანსური კავშირები განვითარებულ სამყაროსთან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სცენარი შესაძლოა სულაც არ დადგეს, მაგრამ რისკების გაზრდაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სისტემას და სისტემაში მოქმედ აქტორებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბანკო სისტემა გადაურჩება დასავლურ სანქციებს, შექმნილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მკვეთრად გაუარესდება აღქმები და მოლოდინები, რაც უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ასევე დააზარალებს იმ მოთამაშეებს, ვისი აქციებითაც საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობენ.
- კონკრეტულად რა ზარალი შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას?
- შანსი არ არის, ეს ვინმემ გიპასუხოთ. ზარალის შეფასება შეუძლებელია ასე მშრალად. ამას ცვლადები სჭირდება. მაგალითად, რომ ვთქვათ, ეკონომიკა შემცირდება 10-20-100 მილიონითო, ეს საიდანღაც უნდა მივიღოთ. ისევე როგორც რიცხვი 30 უნდა მივიღოთ საიდანმე, ან 20-ისა და 10-ის ჯამისგან, ან 5-ისა და 6-ის ნამრავლისგან და ა.შ. - ანუ ზარალზე ლაპარაკისას საჭიროა მონაცემების დათვლა, დღეს კი ეს მონაცემები არა გვაქვს, ამიტომაც არის შეუძლებელი თქმა, რამხელა ზარალი შეიძლება მივიღოთ. შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ეს გადაწყვეტილება უკვე დაგვიჯდა ამდენი მილიონი დოლარი. ფაქტია, ეს თანხა რეზერვებიდან გავიდა, დაიხარჯა და რამდენიმე ათეული მილიონი აღარ გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფული აორთქლდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კურსის გასამყარებლად, რომელიც გაუფასურდა სწორედ ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯა ბაზარზე. მომავალში კი რა იქნება, მაგალითად, რამდენი ინვესტიცია არ შემოვა, ამის თქმა ზუსტადაც შეუძლებელია და მიახლოებითაც. თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ცალსახად უარყოფითი გავლენა აქვს კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ინსტიტუტი, ვგულისხმობ ძალაუფლებას, მიტაცებულია და ამას უყურებენ არამარტო ინვესტორები, ამას უყურებს ყველა, საფინანსო სექტორი, რომელსაც მისი იმედი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ცენტრალური ბანკი უკანასკნელი იმედის კრედიტორია, ბანკებს თუ გაუჭირდებათ, ის ეხმარება. სხვა საქმეა, ეს რამდენად კარგია, რადგან თავისთავად უარყოფითი საკითხია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეროვნულ ბანკს უყურებს მთელი ფინანსური სექტორი, ბანკებიც და სხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაციებიც. აქედან გამომდინარე, როცა ასეთ რამეს ხედავენ, რაც ახლა ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, მოლოდინები უარესდება. ამასთან, ფინანსურ სექტორში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უყურებენ მოთამაშეები მომავალს. ამას უწოდებენ განუსაზღვრელობას და შესაბამისად, როდესაც განუსაზღვრელობა იზრდება, ანუ მომავლის დაგეგმვა კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება, საქმის კეთება ძნელდება და ეს უკვე მთელ ბიზნესსექტორზე აისახება. როდესაც მომავალს ვერ გეგმავ, ძვირდება სესხები, ეს პროცენტებზე, ეროვნული ვალუტის კურსზე, გასესხებული თანხების რაოდენობაზე ახდენს უარყოფით გავლენას და ა.შ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე და შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე, მაგრამ იმის თქმა, თუ კონკრეტულად რამდენით, ახლა შეუძლებელია და მხოლოდ შემდეგ შეიძლება შეფასდეს და დავითვალოთ, სად რამხელა ზარალი მოგვადგა.
- რადგან მონაცემებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებისთანავე რამდენიმე საათში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა ყველა ვალუტასთან. შესაძლებელი თუ იყო, რეზერვებიდან მეტი დაეხარჯათ და ლარი საშუალოდ ათი თეთრით არ გაუფასურებულიყო?
- არ ვარ მომხრე, კურსის დაჭერის მიზნით რეზერვების გახარჯვის, რადგან ხშირად ეს ფლანგვას უფრო ჰგავს. ბაზარზე თუ რამე პროცესები მიდის, შესაძლოა კურსი ერთი ან ორი დღით დაიჭირო, მათ შორის, როცა პანიკაა, რათა აირიდო თავიდან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ დაიჭერ, რეზერვებს კი ფლანგავ. ახლაც თითქოს იყო პანიკა, მაგრამ ეს შემთხვევა ხომ ბაზარზე გრძელვადიანად აისახება? ეს ხომ არ იყო ერთჯერადი მოვლენა, რომ ახლა ერთჯერადად დაზიანდა ცენტრალური ბანკის ავტორიტეტი და გადაივლის. არა, ეს ერთჯერადი დაზიანება არ ყოფილა, ეს დაზიანებული იმიჯი დარჩა, რაც მოქმედებს მოლოდინებზე, ხოლო უარყოფით მოლოდინებს ნეგატიური გავლენა აქვს კურსზეც და სხვა ყველაფერზეც. ამიტომ, ჩემი აზრით, მეტის დახარჯვასაც აზრი არ ჰქონდა, რადგან გაიზრდებოდა რეზერვებიდან გაფლანგული ფულის მოცულობა. შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ რეზერვების ხარჯვა პრობლემა არ არის, რადგან ბევრი გვაქვს. კი, ნამდვილად ბევრი გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში დახარჯვა მაინც უარესი იქნებოდა, რადგან, როგორც გითხარით, ამ გადაწყვეტილებამ მოლოდინებს დაარტყა და ამგვარ ვითარებაში რეზერვების გამოტანას არ ექნება დადებითი ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში. რაც შეეხება საკითხს, გაგრძელდება თუ არა ლარის გაუფასურება, ფინანსისტებისა და ეკონომისტების საქმე არ არის მომავალზე მარჩიელობა. იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გადაწყვეტილება იქნება, რამაც უარყოფითი მოლოდინები შექმნა.
საერთოდ, კურსზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, არა მარტო მოლოდინები, არა მარტო ეროვნული ბანკის ავტორიტეტი, არამედ ექსპორტიც, იმპორტიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც, შემოსული ფულადი ნაკადებიც და სხვა. ამიტომ მომავალზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რაც იყო, ცალსახად ამ გადაწყვეტილების ბრალი იყო.
- ეროვნული ბანკის ამ ქმედებამ და როგორც ამბობთ, რეპუტაციულმა ზიანმა შეიძლება იმოქმედოს ინვესტორებზე ან ფინანსურ ინსტიტუტებთან საქართველოს ურთიერთობაზე?
- ინვესტიციების შემოსვლაზე, ისევე როგორც ყველაფერზე, უამრავი ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, როგორია საგადასახადო წნეხი, საკუთრების დაცულობის ხარისხი და ა.შ. ბევრი რაღაც მოქმედებს. მეორე საკითხია, რომ ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებამაც შესაძლოა ერთ ინვესტორზე უარყოფითად იმოქმედოს, სხვაზე კი არა.
დღეს პრობლემა ის არის, რომ ინსტიტუტი მიტაცებულია და ეს ამ ფაქტმა უფრო მძაფრად გამოაჩინა. ეს კი, რა თქმა უნდა, თავისთავად ზრდის ნეგატიურ განწყობებს, რაც მოქმედებს ყველაფერზე და მათ შორის ინვესტიციებზეც. პირიქით რომ იყოს და ახლა ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა წარმოჩენილიყო, ცხადია, ეს დადებით მოლოდინებს გაზრდიდა და შესაძლოა უფრო მეტი ინვესტიციაც შემოსულიყო. თუმცა კონკრეტულ მონაცემებზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვილაპარაკებთ - ანუ შეამცირებს თუ არა, ბევრით შეამცირებს თუ ცოტათი, ამის თქმა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ მოლოდინების ტენდენციებზე შეგვიძლია ლაპარაკი და ცხადია, ეს გადაწყვეტილებაც უარყოფითად მოქმედებს.
- მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა დატოვეს თანამდებობა, პარლამენტმა საჩქაროდ აირჩია ორი წევრი, რომელთაგან განსაკუთრებით ყეინიშვილის კომპეტენცია აჩენს კითხვებს. სხვა საკითხია, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის როგორ მოხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის უკვე ეროვნული ბანკის მრჩეველთა საბჭოს წევრია. ასეთი პირების დანიშვნა როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური გამართულობის ხარისხზე და როგორ აისახება მოლოდინებზე?
- პრობლემა ის არის, რომ ვინც იყვნენ, ვგულისხმობ ძველ კადრებს, შესაძლოა თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ ფაქტია ინსტიტუტი მათ დროსაც მიტაცებული იყო. უბრალოდ ახლა მათთვის რაღაც წითელი ხაზი გადაიკვეთა, თორემ სინამდვილეში ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არც აქამდე ყოფილა. ახლა ყოველივე ეს მათ პირადად შეეხო, რაკი "ზედმეტებში გადავიდნენ", ამიტომ წამოვიდნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი კლანი ეროვნულ ბანკში ისედაც სუსტდებოდა და როგორც ჩანს, შესაფერის დროს ელოდებოდნენ, იხელთეს დრო და წამოვიდნენ, თან ისე, რომ ხალხმა ტაში დაუკრა. თორემ ეს ინსტიტუტი მანამდეც ცუდ რამეებს აკეთებდა, მაგალითად, ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა ბაზარზე, რათა არჩევნების წინ კურსი შეენარჩუნებინა, ან არ აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა.კარგები არც ძველები იყვნენ, ინსტიტუტი მიტაცებულია და ეს ამ ხალხს დისკომფორტს არ უქმნიდა. რაც შეეხება ახალ წევრებს, როდესაც ინსტიტუტი მიტაცებულია, ვისაც დანიშნავ, სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი ექნება დამთავრებული თუ ჰარვარდი, მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ითქვა, რომ საქმისთვის მათი დარჩენა სჯობდა, რადგან კოლაფსი არ იქნებოდა და ა.შ. რომ დარჩენილიყვნენ, რისი გაკეთება შეეძლოთ?
- კოლაფსი არც ახლა ყოფილა. ვიმეორებ, ეს ინსტიტუტი აქამდეც მიტაცებული იყო და ახლაც მიტაცებულად განაგრძობს საქმიანობას. რომ დარჩენილიყვნენ, რას იზამდნენ? ან ეს ახლები რას გააკეთებენ ისეთს, რაც იმათ არ გაუკეთებიათ? ცენტრალური ბანკი აქამდეც მავნებელი იყო და მომავალშიც მავნებელი იქნება. არც ძველები იყვნენ დამოუკიდებელი და არც ესენი იქნებიან. შესაბამისად, მათ დიპლომს აზრი ეკარგება და მეორე, ეს ინსტიტუტი მიმართულია იმისკენ, რომ ძალაუფლება ჰქონდეს და ფული "ბეჭდოს". სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში ასეა ეს ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმით, არა მხოლოდ საქართველოში.
- იმ წევრების დარჩენით რა შეიცვლებოდა?
- თუ მათთვის ეს წითელი ხაზი იყო და თვითონ მიაჩნდათ, რომ დამოუკიდებელი იყვნენ, რისიც მე არ მჯერა, შესაძლებელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი გადაეყენებინათ. ესეც დამოკიდებულია იმაზე, იქნებოდნენ თუ არა უმრავლესობაში. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ არა მგონია, ეს მომხდარიყო ან მოხდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ისე წამოვიდნენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან. პიროვნულად ამ ხალხს არაფერს ვერჩი, პირიქით, კარგი ხალხია.
- სავალუტო ფონდმა გამოთქვა შეშფოთება და თქვეს, რომ საკითხს შეისწავლიან. იმ შეშფოთების საფუძველზე, რაც უკვე მოვისმინეთ, რა დასკვნა შეიძლება გააკეთონ და ამას რა გავლენა ექნება საქართველოს ფინანსურ სექტორზე?
- ამ შეფასებისას მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შეფასება არ მოხდება, ძალიან ბევრ ფაქტორს მიაქცევენ ყურადღებას, მათ შორის იმ ინსტიტუტების მოსაზრებას, ვინც საკრედიტო რეიტინგებს ადგენენ. შესაძლოა ამ მხრივ საქართველო საკრედიტო რეიტინგებში ჩამოქვეითდეს და შედეგი ის იქნება, რომ კრედიტებს აღარ მოგვცემენ, და რა სესხებსაც ვიღებთ, გაცილებით ძვირად მოგვცემენ - ანუ საკრედიტო რეიტინგი თუ გვიქვეითდება, გვიძვირდება სესხებიც. ეს ნიშნავს, რომ ძვირდება ინვესტიციების შემოსვლა, ძვირდება ყველაფერი. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო დაბალი საკრედიტო რეიტინგი გაქვს, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხარ ინვესტორებისთვის.
- შესაძლოა კურსი ყველას არ ეხება და არც განიცდიდნენ, რა კურსი იქნება, მაგრამ ფასების ზრდა ყველაზე მოქმედებს და ლარის გაუფასურება ინფლაციაზე როგორ იმოქმედებს?
- კურსის ცვლილება ფასების საშუალო დონეზე არ აისახება, აისახება იმ პროდუქტების ფასებზე, რომელთა იმპორტირებაც ხდება, მაგრამ ამას საშუალო ფასებსა და ინფლაციასთან კავშირი არა აქვს. ინფლაციასთან კავშირი აქვს იმას, თუ როგორ ექცევა ცენტრალური ბანკი ფულის მასას. თუ ზრდის ხელოვნურად და იმაზე მეტად, ვიდრე პროდუქტების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, უკვე გვაქვს ინფლაციის ზრდა. ცხადია, კურსი გააძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას, იმპორტირებული პროდუქტი კი ძალიან ბევრი გვაქვს. მოხმარების 60%-ზე მეტი იმპორტირებულია, მაგრამ მაინც საშუალო ინფლაციასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. მაგალითად, თუ გვაქვს 100 ლარი და 40 ლარს ვხარჯავთ იმპორტირებულ პროდუქტებში და ეს პროდუქტები გაგვიძვირდება, დავხარჯავთ, ვთქვათ, 10 ლარით მეტს, სხვა ხარჯებს ეს 10 ლარი ხომ მოაკლდება? ამ სხვა რაღაცას კი 10 ლარით ნაკლებს რომ ვიყიდით, ეს ნიშნავს, რომ მასზე მოთხოვნას შევამცირებთ. მოთხოვნა რომ შემცირდება, შემცირდება ფასიც და საშუალო ინფლაცია დაბალანსდება. მაგრამ თუ ცენტრალური ბანკი თავზე დაგვაყრის ფულს და 100 ლარის ნაცვლად გვექნება 120 ლარი, ყველაფრის ფასი გაიზრდება და გაიზრდება საშუალო ინფლაციაც. ამიტომაც მნიშვნელოვანია, თუ როგორი მონეტარული პოლიტიკა ექნება ცენტრალურ ბანკს. ინფლაცია ჯერჯერობით მიზნობრივზე ქვემოთ არის. თუმცა, თუ ლარის ისტორიას გადავხედავთ, ძალიან იშვიათად არის მიზნობრივზე ქვემოთ და ახლა რამდენ ხანს გაჩერდება ამ ნიშნულზე, ძნელი სათქმელია. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვჯერა, რომ ეროვნული ბანკი პროფესიონალურად მიუდგება საქმეს. მე ამის არ მჯერა.
რუსა მაჩაიძე