ჩვენ, ვირტუალურად ვირტუოზები - კვირის პალიტრა

ჩვენ, ვირტუალურად ვირტუოზები

- გამარჯობა, ხაჭაპური მინდა, თუ შეიძლება.

- უკაცრავად, ჩვენ ქართული კერძები არ გვაქვს.

-ააა, აქ მარტო პერო ხო?

ეს პატარა დიალოგი ერთ ჩემს არცთუ ისე დიდი ხნის მეგობარსა და ერთერთი კაფეს მიმტანს შორის გაიმართა (იმედია, ცხადია, რომელია ამ დიალოგში ჩემი მეგობარი და რომელი მიმტანი ) საბოლოოდ კი, თუ გაინტერესებთ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩემი მეგობარი ფინჯანი ყავით დაკმაყოფილდა.

პრინციპში, აქ დიდად საგანგაშო და გასაკვირიც არაფერია. ნებისმიერ კაფეს აქვს უფლება, ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მენიუში ქართული კერძები, თუმცა აქ სხვა რამეა საინერესო.

საქართველო რომ უნიკალური ქვეყანაა, ბევრჯერ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ. ჩვენი გენიალურობის დამადასტურებელი ბევრი საბუთის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით, ამიტომ მოდი, პირდაპირ იმაზე გადავალ, რის გამოც ამ პოსტის წერა დავიწყე.

ბოლო დროს საზოგადოებაში ძალიან და კიდევ უფრო ძალიან გახშირდა ინტერესების, შეხედულებებისა და აზრების დაპირისპირება. ეს, ერთი მხრივ ძალიანაც კარგია, რადგან მრავალფეროვნება აზროვნების განვითარების ერთადერთი თუ არა, ერთერთი საუკეთესო საშუალება მაინცაა. თუმცა, როგორც თითქმის ყველაფერში, აქაც ცოტა არ იყოს, უკიდურესობაში გადავეშვით (ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე).

სამოცდაათწლიანი საბჭოთა ცხოვრების და შემდეგ გაუთავებელი სამოქალაქო ომის (ბნელ დროს რომ ვეძახით) შემდეგ ეს ბოლო პერიოდი ჩვენთვის ერთგვარი „თავისუფლების ზეიმი“ აღმოჩნდა. უხეში შედარება კია, მაგრამ ცოტა არ იყოს, ისე დაგვემართა, დიდი ხნის განმავლობაში დაბმულ ძაღლს რომ აუშვებ და იმანაც არ იცის, მომეტებული თავისუფლება როგორ გამოიყენოს: ირგვლივ კედელსა და ხეს არ ტოვებს, ზედ არ მიაშარდოს (ნუ, ხანდახან შეიძლება ჩვენს ფეხსაცმელებზეც ქნას ეგ საქმე, თუმცა ეგ ახლა რა სახსენებელია).

მაინც რა მოხდა ასეთი? რა მოხდა და ინფორმაციის მიღება გახდა ათჯერ, ათასჯერ და ბევრ ათასჯერ უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენც ავდექით და ეს სიკეთე იმხელა რაოდენობით და ისე სწრაფად შევისრუტეთ, გადამუშავებაც კი ვერ მოვასწარით ნორმალურად. შედეგად კი რა მივიღეთ?! რა მივიღეთ და უზარმაზარი მასა ადამიანებისა, რომელთაგანაც თითოეულს გვგონია, ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ (ჩვენ ხომ სულ ცოტა ხნის წინ ჩავხურეთ ვიკიპედიის გვერდი, შესაბამისად, ახლა იმაზე მეტად განათლებულები ვართ, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ).

 

მივიღეთ მემარჯვენეები და მემარცხენეები, კონსერვატორები და ლიბერალები, ფუნდამენტალისტები და პროგრესულად მოაზროვნეები, პოლიტიკოსები და აპოლიტიკურები, ფილოსოფოსები და ფალ... უკაცრავად, მგონი ბევრი მომივიდა.

და რა არის ამაში ცუდი? ნორმალურ შემთხვევაში, პრინციპში, არც არაფერი, მაგრამ მოდი გადავხედოთ რამდენიმე ტიპურ სიტუაციას:

სიტუაცია #1:

-წამო, ძალიან მაგარი კაფე ვიცი, ბიფშტექსი ვჭამოთ, არ გინდა?

-არა, ხორცს არ ვჭა, ვმარხულობ.

-ფუ, კარგი რა, რა დროს მარხვაა, ოცდამეერთე საუკუნეა!

სიტუაცია #2:

-ბიჭო, ყელში ამოვიდნენ რა ეს ლიბერალები! ტოჟე მნე ტოლერანტები და განათლებულები. ტოლერანტობა და ვიღაცეების უფლებების დაცვაო. მე მაგათი პიდარასტი დედა... სულ გადააგვარეს ქართული ტრადიციები.

სიტუაცია #3:

-გაიგე, „მარშრუტკები“ უნდა გააძვირონო.

-ო, ამათმა ხო სულ აიშვეს რა. მოდი, ერთიც დავლიოთ, ამათი დედაც!

სიტუაცია #4:

-მინდა მოვიყვანო ციტატა კაფკას ყველასათვის ცნობილი ნაწარმოებიდან, „მეტამორფოზა“...

-უკაცრავად, ვისი ნაშრომიდან?

-ფუ, ამან კაფკა არ იცის ვინაა.

სიტუაცია #5.

-ო, ეს წიგნის ჭიები რა. სულ ჩალპნენ ამ წიგნებში და ასოებში. მოდი რა, ძმაო, ცოტა გამოიხედე, ვერ ხედავ, აყვავდა საქართველო, რა დროს წიგნია!

სიტუაცია #6.

-გუშინ ჩემმა შეყვარებულმა ოდნოზე ფოტო „დამიაცენკა“ ხუთი პლიუსით.

-აუ ეს რა გოიმია, ჯერ კიდევ ოდნოკლასნიკები აქვს!

კიდევ ბევრი ასეთი სიტუაციის ჩამოწერა შეიძლება, მაგრამ, მგონი, ესეც ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ მთელი ამ პატრიოტულ-ინტელექტუალურ-ლიბერალურ-კონსერვატიულ-ფილოსოფიურ-ანალიტიკური და კიდევ უამრავი სახის დისკუსიის მიღმა რეალობა რჩება ისეთივე, როგორიც იყო იმ „ბნელ დროში“, წეღან რომ ვახსენე. ძირითად შემთხვევებში ეს დაპირისპირებები, აზრები და დისკუსიები მხოლოდ პარალელურ რეალობად რჩება. „ვაპროტესტებთ“, „ვებრძვით“, „მოვუწოდებთ“, „სოლიდარობას ვუცხადებთ“, „ვაგინებთ“ ერთმანეთს და იმ მოვლენებს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. თუმცა კი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, რატომღაც ეს ჩვენი თავგამოდება სადღაც ქრება ხოლმე.

მაგალითად, როცა ტრანსპორტის გაძვირებას სოციალურ ქსელებზე ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პარლამენტისა და მერიის წინ გამართულ აქციაზე სულ ოცამდე კაცი მოვიდა.

პარკებში რომ „ზასაობა“ აკრძალეს, მაშინაც ხომ ერთი ამბავი ატყდა სოციალურ ქსელზე თუმცა საპროტესტო აქციაზე მაშინაც სულ რამდენიმე ადამიანს თუ ნახავდით.

ქალთა უფლებების დასაცავად რომ მსვლელობა გაიმართა გამვლელებმა მონაწილეებს ტრანსფარანტები სულ „ბოზებო, ბოზებოს“ ძახილით ლამის თავზე დაახიეს.

აპრილში, სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან გამართულ აქციაზე სულ 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, როცა სოციალურ ქსელებზე ამ გამოსვლას ათასობით მხარდამჭერი ჰყავდა.

დიდი დაკვირვება არ დაგჭირდებოდათ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი შემთხვევიდან სამში სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსელი“ აღმოგეჩინათ. საქმეც ისაა, რომ ეს ჩვენი თავგამოდებული გამოსვლები, აზრთა დაპირისპირება, კამათი და დისკუსიები ვირტუალურ სივრცეს თითქმის არასოდეს ცდება (შეიძლება, შიგადაშიგ ვიწრო საზოგადოებაში ჭიქა ლუდის ან ყავის თანხლებითაც ვისაუბროთ ამა თუ იმ ზოგადსკაცობრიო თემაზე, თუმცა საუბარი საუბრადვე რჩება და მეტი არაფერი). მე თვითონაც ახლა ვზივარ და ვორდის ფაილში ვკრეფ ტექტს, რომელსაც, მოგვიანებით ასევე ვირტუალურ სივრცეში წაიკითხავთ.

ამის პარალელურად კი პერუში, ჩილეში, ლიბიაში, ეგვიპტეში ან, რაღა შორს მივდივართ, აქვე, რუსეთში ადამიანები საკუთარ აზრსა და პროტესტს ღიად, კლავიატურისა და მაუსის გარეშე, მონიტორს მიღმა, რეალურ სივრცეში გამოთქვამენ.

ჩვენ კი, მას შემდეგ, რაც „ინფორმაციის მიმღები მექანიზმი“ გადასარევად ავამუშავეთ, ახლა, ის დრო გვაქვს, „ინფორმაციის გადამამუშავებელ მექანიზმსაც“ მივხედოთ ცოტა, თორემ ეჭვი მაქვს, სულ ცოტა ხანში ერთ დიდ ვირტუალურ ქვეყანად გადავიქცევით, რომელშიც არაფერი დარჩება იმ ლიბერალური, კონსერვატიული, პატრიოტული, ფუნდამენტური თუ სხვა სახის ღირებულებებიდან, ყოველ საღამოს მონიტორებთან მინჯდარები ასე თავგამოდებით რომ ვიცავთ.