გოგირდის აბანოები, სტალინური ტური, სტუმართმოყვარე ქისტები და კომუნისტური კურორტის ნანგრევები - რას წერს The Guardian საქართველოზე - კვირის პალიტრა

გოგირდის აბანოები, სტალინური ტური, სტუმართმოყვარე ქისტები და კომუნისტური კურორტის ნანგრევები - რას წერს The Guardian საქართველოზე

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian), რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „გოგირდის აბანოებიდან სტალინის სახლ-მუზეუმამდე: ხუთი მთავარი მარშრუტი საქართველოში“, რომლის ავტორია ჯეიმი ფულერტონი, მოგზაური ჟურნალისტი-ფრილანსერი). პუბლიკაციის ტექსტში, რომელშიც ავტორის შთაბეჭდილებებია გადმოცემული, რამდენიმე ქვესათაურია:

1) ყაზბეგის მთები

„სტეფანწმინდა, გერგეტის სამების მონასტერი, დარიალის ხეობა... კავკასიის ცად აზიდული გიგანტური ყინულოვან-თოვლიანი მწვერვალები. ასეთ სილამაზეს ევროპაში ვერსად იპოვით. აქ შესანიშნავი სალაშქრო ბილიკებია, თავს დაღლილად არ იგრძნობთ. ყაზბეგი არ ჰგავს საქართველოს სხვა მთიან ადგილებს, ვთქვათ, სვანეთს. ყაზბეგისკენ საქართველოს სამხედრო გზაზე ავტომობილით მოგზაურობისას თქვენ ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილებს, ძველი საბჭოური მოზაიკებით და ცხვრის ფარებით მოფენილ ხეობებს. ერთი თავისუფალი დღეც თუ გამოგიჩნდებათ თბილისში ყოფნის დროს, ყაზბეგი აუცილებლად უნდა ნახოთ“.

2) გოგირდის აბანოები

„წითელაგურიანი გუმბათები თბილისის „აბანოთუბანში“ და სპეციფიკური სუნი იმას მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე გოგირდის აბანოებთან ვართ, რომლებიც შუა საუკუნეების სტილით არის აგებული და ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის - ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. ქართული ენა მოსასმენად სასიამოვნო ენაა, მაგრამ იმავდროულად - რთულიც (შესწავლის თვალსაზრისით). „ჭრელი აბანო“ გამოირჩევა თავისი მშვენიერი ფასადით, რომელიც მეჩეთს მოგვაგონებს და შიდა მოზაიკით. გოგირდის აბანოში თქვენი სხეული და გონება სუფთავდება. ასაკოვანი, მაგრამ ენერგიული მექისე, შეიძლება ითქვას, თერაპევტის როლს ასრულებს“.

3) გორი - ისტორიული სტალინური ტური

„იოსებ სტალინი გორშია დაბადებული - თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე პატარა ქალაქში. მის სახლ-მუზეუმთან არსებულ საბჭოთა დიქტატორის ძეგლთან ტურისტები სელფს იღებენ და სტალინისსურათიანი ეტიკეტის მქონე ღვინოებს ყიდულობენ... თუ თქვენ სახლ-მუზეუმის ვერსიისაგან განსხვავებით ალტერნატიული ისტორია გსურთ მოისმინოთ, მაშინ გორელ აქტივისტსა და მოხალისე გიდს - ჟანა ოდიშვილს უნდა მიმართოთ. მან გორის დასათვალიერებლად უფასო ალტერნატიული მარშრუტი შექმნა. სტალინის პორტრეტების ნაცვლად, ჟანა გვაჩვენებს რუსეთთან 2008 წლის ომის კვალს, ნატყვიარ კედლებს, სარდაფში მოწყობილ მუზეუმს, სადაც ომის ამსახველი ექსპონატები ინახება. გორი ახლოს მდებარეობს სამხრეთ ოსეთთან, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჟანას საქმიანობა იმას მოწმობს, თუ რამდენად აქტუალურია თანამედროვე ისტორია მისთვის და მისი პოზიციის მქონე ადამიანებისთვის. სხვათა შორის, ჟანას შეუძლია თავისი ძველი ავტომობილით წაგიყვანოთ და ის „საიდუმლო“ ადგილიც გაჩვენოთ, სადაც სტალინის პირქვე დამხობილი ძეგლია, რომელიც 2010 წელს გორის მისივე სახელობის ქუჩიდან გაიტანეს“.

4) სტუმართმოყვარე ქისტებთან

„ოცი წლის წინ პანკისის ხეობა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და რომელიც უმეტესად მუსლიმანებით - ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული, ბევრისთვის აკრძალულ ზონას წარმოადგენდა. რუსეთის არმიის მიერ კავკასიის ქედის მიღმა დაწყებული „ჩეჩნეთის მეორე ომის“ დროს, ჩეჩენი მებრძოლები პანკისის ხეობაში გადმოვიდნენ და ძალადობის კერა შექმნეს... მათი წასვლის შემდეგ ყოფილმა პანკისელმა ადვოკატმა ნაზი დაქიშვილმა გადაწყვიტა ხეობა უფრო მიმზიდველად გაეხადა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ქართულ კულტურას ეკლესია-მონასტრებისა და ღვინის მიღმაც ეძებენ. მან სასტუმრო გახსნა და სტუმრებს ადგილობრივი გემრიელი კერძებით უმასპინძლდება. ამჟამად პანკისის ხეობა სრულიად უსაფრთხო ადგილია, მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა ჰარმონიულად ესადაგება ულამაზეს ბუნებას. სკოლის უფროსკლასელები გიდის მოვალეობას ასრულებენ, ისინი გვათვალიერებინებენ ძველი ციხის ნაშთებს, სოფლის ლუდსახდელს, თექის საამქროს. ცხენები პანკისში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც მეურნეობაში, ასევე - ტურიზმშიც“.

5) წყალტუბო - კომუნისტური კურორტის ნანგრევები

„ოდესღაც განთქმული და საბჭოურ-პარტიული ნომენკლატურისათვის განკუთვნილი კურორტ წყალტუბოს დიდებული სასტუმროები და მონუმენტური სანატორიუმები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, მიტოვებული და გაუდაბურებული გახდნენ, თუმცა ზოგან ჯერ კიდევ შემონახულია ხვეული კიბეები და დარბაზები, რომელთა ჩამსხვრეულ ფანჯრებზე ქარი ძველ ფარდებს არხევს... წყალტუბო ქალაქ-მოჩვენებას ჰგავს და შეიძლება ითქვას, ერთგვარ სამოთხეს წარმოადგენს ქალაქმშენებლობის ისტორიის მკვლევრებისათვის. აქ შეიძლება ნახოთ კომუნისტურ პერიოდში მთელი საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის აბაზანები, სადაც დღეს სარეველები ხარობენ და სანაგვედ არის ქცეული. ზოგიერთ სანატორიუმში აფხაზეთიდან ლტოლვილები ცხოვრობენ. ბოლო დროს დაიწყო ინვესტიციების მიზიდვა შენობების აღდგენისათვის“.

წყარო