"მოღალატე და მამაძაღლ ფარცხალაძეს რომ გადაეფარები და იტყვი, ღირსეული კაციაო, მერე შენზე უარესი ვინღა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში?!" - კვირის პალიტრა

"მოღალატე და მამაძაღლ ფარცხალაძეს რომ გადაეფარები და იტყვი, ღირსეული კაციაო, მერე შენზე უარესი ვინღა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში?!"

"ყველაფერი იმის განცდას მიქმნის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული ეფ-ეს-ბეს დანამატია", - ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და არ გამორიცხავს, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. "გამოდიან და გვაშინებენ გადატრიალებით, ყოველ წუთს ევრომაიდანს გაიძახიან. მე მგონია, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ისიც არ იცის, რას მოჰყვა უკრაინაში ევრომაიდანი... და საერთოდ, თუ საქმე ევრომაიდნამდე მივა, მეც ვიბრძოლებ, ნებისმიერი ფორმით", - ამბობს ელისაშვილი და იმის შესახებაც გვიამბობს, თუ რა საკითხზე ესაუბრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს მაშინ, როცა პარლამენტში დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის საკითხის განხილვისას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე­ ალეკო­ ელისაშვილი გვესაუბრება:

- მამუკა მდინარაძესთან საკმაოდ მწვავე საუბარი მქონდა... იქ "ქართული ოცნებიდან" სხვებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მეუბნება, რა იცი, ბიჭო, აგენტი რომაა, დადე მტკიცებულებაო. ვეუბნები, კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლება მომეცი და დავდებ-მეთქი. მერე მეუბნება, მტკიცებულებები მათ უნდა დადონ, ვინც ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირაო. ამათი ლოგიკით, ამერიკელებმა უნდა კეთილინებონ და დაამტკიცონ, ფარცხალაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან რომ თანამშრომლობდა. ჯერ ის მაინტერესებს, ნუთუ მართლა ჰგონიათ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებს ხალხს? ეს ხომ სამარცხვინო განცხადებაა, მაგრამ სუს-მა ამაზე მეტად სამარცხვინო რამ თქვა, ფარცხალაძის საქმის მოკვლევას, შესწავლას ვიწყებთო. გამოდის, ამ სამსახურმა საკუთარი ფუნქციაც კი არ იცის - სუს-ი არის სამსახური, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იდგეს, კონტრდაზვერვა არ არის საგამოძიებო-სტრუქტურული ორგანო, რომელიც დამდგარ ფაქტზე უნდა იწყებდეს გამოძიებას. ამერიკელებმა რომ გვითხრეს ფარცხალაძეზე, ეგ კაცი ვიგინდარა და საქართველოს მოღალატეაო, სუს-ს ან მაშინვე უნდა უნდა მოეკეტვინებინა მათთვის, ამ ფრთიან ანგელოზს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო, ან მანამდე თავადვე უნდა გამოევლინა და დაეჭირა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახური კი მშვიდად გვეუბნება, მოვიკვლევთ­ საკითხს და თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსშიო. კარგად არიან ეგენი?! მართლა ჩალით­ ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა? დაზვერვის თანამშრომლებმა შესანიშნავად იციან, რომ მაგათი გულშემატკივარი ვარ და პარლამენტში მუდმივად ამ უწყების ბიუჯეტის გაზრდისთვის ვიბრძვი, მაგრამ იქ თუ ოპოზიციის თვალთვალისა და დომინოს თამაშის მეტს არაფერს აკეთებენ, ვეღარ ვიქნები მაგათი გულშემატკივარი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბოტასების ქურდი რომ შემოგვეპარა მთავარ პროკურორად და ჯაშუშიც ყოფილა.

- მდინარაძესთან რაზე შეთანხმდით?

- ვერაფერში ვერ დავარწმუნეთ ერთმანეთი. სააბოლოოდ მოვითხოვე, რომ პარლამენტში მოვიდეს კონტრდაზვერვის შეფი და წარმოადგინოს, თუ რამე აქვს.

- თქვენს განცხადებაში იმის თაობაზე, რომ თუ ევრომაიდნამდე მივა საქმე, ნებისმიერი ფორმით იბრძოლებთ, რა იგულისხმეთ.

- თუ ქვეყანაში რუსულ მმართველობას­ გააფორმებენ, აბა, რას ვიზამ?! ჯერ რა სასაცილოები არიან, ევრომაიდანს ისე რომ წარმოაჩენენ, თითქოს უკრაინისთვის ცუდი რამ მოხდა. ამ ხალხმა საკუთარ ქვეყანაში­ რუსული მმართველობის გაფორმება არ დაუშვა, პრორუს პრეზიდენტს ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარებინეს. ფარცხალაძეზე, მოღალატეზე, მამაძაღლზე ამბობენ, ღირსეული კაციაო. ამათ თუ ასე გააგრძელეს, თვითონ ვერ მივლენ არჩევნებამდე. მე არც ამერიკელების ბატონობა მინდა, უბრალოდ, ის ხალხი ჩვენთვის სასარგებლოდ გვეუბნება, მთავრობაში ოკუპანტი ქვეყნის აგენტი გყავთო, კურატორიც დაგვისახელეს. ის კი არა, რუსებმაც მკაფიოდ გვითხრეს, ეს არის ის კაცი, რომელიც ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში გვეხმარებოდაო, და მდინარაძეს მეტი რა მტკიცებულება უნდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი აგენტი გამოაშკარავდება. სუს-ის ხელმძღვანელი კი არა, უბრალო თანამშრომელიც რომ ვიყო, სირცხვილი­სგან თავს მოვიკლავდი. ფარცხალაძის თემა ერთადერთი ჩავარდნა ხომ არ არის?! წელიწადში ხუთჯერ გადატრიალებაზე ლაპარაკობენ, თითქოს მეტი საქმე არ ჰქონდეთ.

- გამორიცხავთ, რომ გადატრიალება, დესტაბილიზაცია მართლაც იგეგმებოდეს?

- მოღალატე და მამაძაღლ ფარცხალაძეს რომ გადაეფარები და იტყვი, ღირსეული კაციაო, მერე შენზე უარესი ვინღა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში?! ამათ როგორ უნდა გააგრძელონ ქვეყნის მართვა? ფარცხალაძე, რომელსაც სახეზე აწერია, რა ტუტუციცაა, მთავარ პროკურორად დაგვისვეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ ვართ და ვართ რუსეთის დანამატი.

- ზოგიერთი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ამბობს, სუს-ში რაღაც ჩანაწერები აქვთ და გამოქვეყნებასაც გეგმავენო.

- ეჭვი არ მეპარება, რომ ერთი-ორ ქარაქუცა ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რამდენიმე ტვინარეული ერთმანეთს რაღაც სისულელეებს რომ ელაპარაკება. არც იმას გამოვრიცხავ, ვიღაც "ნაცმოძრაობაში" ტვინარეული იყოს. ეგენი სულ ვერშემდგარ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, ტყუილად წვალობენ და მომხრეებსაც ტყუილად აწვალებენ.

"ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს არჩევნების გზით, მაგრამ ბოლო დროს ისეთ რაღაცებს აკეთებენ, არ გამოვრიცხავ, თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და დროზე ადრე მოუწიოთ ხელისუფლებიდან წასვლამ, და ეს ცუდი არ იქნება.

- პარლამენტმა პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის არჩევას. არადა, პრეზიდენტმა ორივე კანდიდატურა გასულ კვირას დაასახელა, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გამო განვითარებული მოვლენების შემდეგ უარი თქვა მისივე კანდიდატურების წარდგენაზე.

- მე არც დამიჭერია მხარი მაგ კანდიდატებისთვის. პრეზიდენტთან კითხვა მაქვს: რა პრინციპით შეარჩია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ნანა ყეინიშვილი. შევარდნაძის დროიდან მისი სახელი და გვარი სულ სკანდალებში, კორუფციულ გარიგებებსა და შავბნელ ისტორიებში ფიგურირებს. ზურაბიშვილს რაღაც შეეშალა, "ოცნებამ" კი, იმის მაგივრად სახელმწიფოებრივად ემოქმედა, მხარი დაუჭირა. საბოლოოდ, დაზიანებული რეპუტაციის ეროვნული ბანკი მივიღეთ.

განაგრძე კითხვა