"რატომ არ იცვლება მდგომარეობა მთელ რიგ სამსახურებში? - იმიტომ, რომ უპასუხისმგებლობა გაცილებით მარტივია. ამან მომიყვანა, ის ჩემი მეგობარია, იმის ხათრი მაქვს..." - კვირის პალიტრა

"რატომ არ იცვლება მდგომარეობა მთელ რიგ სამსახურებში? - იმიტომ, რომ უპასუხისმგებლობა გაცილებით მარტივია. ამან მომიყვანა, ის ჩემი მეგობარია, იმის ხათრი მაქვს..."

ღირებულებების მსგავსი სისტემის გარეშე, ადამიანებს შორის ურთიერთკავშირიც ვერ მყარდება

„მიუხედავად ძლიერი სურვილისა, წესებისაგან გავთავისუფლდეთ, საბოლოოდ, ყველანი მაინც სისტემას ვეძებთ“, - წერდა Maps of meaning-ის ავტორი ნორმან დოიჯი.

ადამიანის ცხოვრება ხომ ცვალებადია? წესით, ასეა სამყარო შექმნილი. თავად ადამიანიც მუდმივად ცვალებადია (მისი ბუნება - შინაგანი თუ გარეგანი). იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის ონტოლოგიურ უპირატესობას სწორედ ის წარმოადგენს, რომ მას არ აქვს გაქვავებული და დამთავრებული ყოფიერება, მის სპეციფიკას ქმნადობა, მოძრაობა ანუ განვითარება, მიზნობრიობა და თავისუფლება შეადგენს. ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და გაქვავებული არსება კი არაა, არამედ, მუდმივად ვითარდება და საკუთარ ყოფიერებასაც თავად აძლევს ფორმას...

ვაკვირდები ჩვენს ცხოვრებას და ვერ ვიჯერებ, რომ უკეთესი ყოფის შექმნა არ შეგვიძლია; იმის დაშვება გაცილებით მეტად მიჭირს, რომ შესაძლოა, უბრალოდ, არც გვინდა. ეს თუ ასეა, ერთადერთი, რის გამოც არ შეიძლება გვინდოდეს განვითარება, პასუხისმგებლობის არქონაა. მე ასე ვფიქრობ.

უპასუხისმგებლობაზე ვწერდი ჩემს წინა ბლოგში და შეუძლებელია, მეტი არ ვთქვა ამის შესახებ. ვიდრე პოლიტიკოსებზეც გავბრაზდები, გეტყვით, რომ ყველა კვლევაში, სტატიასა თუ სახელმძღვანელოში უძრავი მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ფსიქოლოგიური ინფანტილიზმი ითვლება. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი ვერ იზრდება... ზუსტად იგივე შეიძლება სჭირდეს სახელმწიფოსაც.

დღეს არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ ემჩნევა, რომ დეპოლარიზაცია და ქვეყნის განვითარება უნდა. პოლიტიკოსებში არ არიან ისეთები, ვისაც შეიძლება ჰქონდეს "ხალხის" შეგრძნება. ვინ ლაპარაკობს და ვინ მოქმედებს? ყოველი ადამიანი ექსპლუატირებულია მათ მიერ, იდეისა და ღირებულების სიღატაკემდეა მიყვანილი; უარყოფილია, როგორც მოქალაქე და ამ უკანასკნელსაც არა აქვს მოქმედების ანუ განვითარების მოტივაცია.

ეს ზოგადი პროცესები რაც ქვეყანაშია, როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა იტყოდა, არის ცრუ მამკვიდრებელი ანუ პირადული და არა - პიროვნული. სწორედ პირადული განსაზღვრავს ყველგან ყველაფერს. პირადულს ქვეყნის ინტერესებიც შეუძლიათ გადააყოლონ. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ყველა მართალია, ყველა პატრიოტია, ყველა ქვეყანას ეწირება, ყველა გმირია... ამიტომ გვიჭირს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა, განვითარებაზე ორიენტირება...

უმოქმედო მდგომარეობა, ერთი და იგივე მოწოდებები, ტერმინები, მოთხოვნები. ვთქვათ, 100 კაცი გამოვიდა ქუჩაში. მერე, სახლში რომ მიდის, ისევ ისე რატომ ცხოვრობს? ზუსტად იმავეს რატომ აკეთებს? რატომ არაფერს ცვლის საკუთარ პროფესიაში, ცხოვრებაში, გარემოში? კარგ ცხოვრებას ხომ ითხოვდი?

იცით, რა ამბავი გამახსენდა?

ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, ბრიტანეთში. კომპანიის მენეჯერი მარკი, თურმე, მთელი წელი მატყუებდა, ნახევარ ხელფასს მაძლევდა და დანარჩენს თავად „იჯიბავდა“. შევიტყვე თუ არა ეს ამბავი, ეგრევე რაიონულ იურიდიულ კომპანიას მივმართე სარჩელით. ვინ დადის იქ პოლიციასა თუ სასამართლოში, კანონს იმხელა ძალა აქვს, რომ შენი საქმე პოლიციამდე და შემდეგ სასამართლომდე თუ მივიდა, ბიზნესს დაკარგავ... მოკლედ, ჯერ ამ იურიდიულ სამსახურში მაქეს, მესამე ტიპის ქვეყნიდან ჩამოსული ხარ და არ შეშინდი, უსამართლობა გამოავლინე და ხმა ამოიღეო, მერე, ერთადერთი წერილი საკმარისი გახდა, რომ მარკმა ბოდიშები მიხადა და სრული თანხა დამიბრუნა.

და, მე როგორ მოვიქეცი? გავიმარჯვე და სამსახურიდან წამოვედი. სამი დღე მირეკავდა მარკი. შენ რატომ წახვედი, მართალი იყავი, კარგი თანამშრომელი ხარ, მე ვიყავი დამნაშავე და უნდა დაბრუნდეო. მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მრუდე აზროვნება მაქვს.

ჩვენთან როგორ არის? მართალი ხარ, მაგრამ ყველა მენეჯერის მხარეს დადგება, მენეჯერის, რომელიც ამრეზით გიყურებს და გიჯობს, დატოვო სამსახური, იმიტომ, რომ სიმართლე თქვი. იცი, შანსი რომ მიეცემა, სხვა მიზეზით, მაგრამ მაინც გაგიშვებს და ასე შემდეგ. განვითარებულ ქვეყნებში ასე არ არის. სიმართლე იქნება თუ კანონის დაცვა, თუკი ამის გამო მეზობელია, მეგობარია, თანამშრომელია, რიგითი მუშაა თუ სხვა, გაასაჩივრა, ხმამაღლა თქვა... ამისთვის „მტრად“ არ ცხადდება იმ გარემოსთვის.

აღარ არის დრო, შეიცვალოს ჩვენი მენტალობა?

რატომ ვეუბნებით ადამიანებს, რომ საშუალო ხელფასი 1780 ლარია, როდესაც ბიზნესს 600-ლარზე წლიდან წლამდე შეუძლია ამუშაოს თანამშრომელი?

რატომ არ იცვლება მდგომარეობა მთელ რიგ სამსახურებში? იმიტომ, რომ უპასუხისმგებლობა გაცილებით მარტივია. ამან მომიყვანა, ის ჩემი მეგობარია, იმის ხათრი მაქვს... სინამდვილეში, ვერ ვითარდებიან ადამიანები, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის აღება არ სურთ! წლების განმავლობაში მიდიხარ ამა თუ იმ დაწესებულებაში და ხედავ, დამოკიდებულება არ იცვლება; მომსახურება არ იცვლება...

აი, თუნდაც დააკვირდით პერიფერიებს და რაიონებს, როგორ შეიძლება ჩაღრმავებული და დატბორილი ან ჩანგრეული გზების პირზე ამაყად იდგე და ხალხს რაღაცას ჰპირდებოდე? ეს ხომ უპასუხისმგებლობაა!

უპასუხისმგებლობაა ერთმანეთის გასვრა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მოიხვეჭო, შენ გქონდეს გავლენები და სინამდვილეში არაფერი შეცვალო; უპასუხისმგებლობაა, არ გყოფნიდეს სინდისი აღიარო, რომ ის, რაც ვითომ არ მოგწონს სხვაში, არც შენ გეპატიება;

უპასუხისმგებლობაა, მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე ფიქრობდე, თანამშრომლებისთვის განვითარებადი პირობების გათვალისწინების გარეშე... რამდენი რამაა უპასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში?!

სადაც პასუხისმგებლობა არ არის, იქ ჩნდება ქაოსი! დაიმახსოვრეთ, ეს ასეა. უპასუხისმგებლობით კი ვერ ვქმნით უკეთეს ყოფას საკუთარი თავებისთვისვე.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ კონკრეტული სიტუაციის შეცვლით ცვლი საკუთარ თავს, შემდეგ - გარემოს და შემდეგ - ქვეყანას.

როგორც ჯორდან პიტერსონი იტყოდა: „კარგი ცხოვრებისთვის ადამიანს სჭირდება ღირებულებების მსგავსი სისტემა. ამ სისტემის გარეშე ადამიანებს შორის ურთიერთკავშირიც ვერ მყარდება.“ ასეთ სისტემას კი პასუხისმგებლობიანი ადამიანები ქმნიან, რომლებიც ხდებიან მოტივატორები ყველა მოქალაქისთვის.