უკრაინელებს საკუთარი "ისკანდერები" გამოუჩნდებათ... ამერიკული ბალისტიკური რაკეტების სახით?!
ამერიკულ მასმედიაში ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკში, გაეროში სტუმრად მყოფ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას, მისმა ამერიკელმა კოლეგამ - ბაიდენმა, თურმე, პირობა მისცა უკრაინის არმიისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე...
ამ ამერიკული ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება-არმიწოდებაზე ერთ წელზე მეტია, დიდი ვაჭრობა მიმდინარეობს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველანაირად წელავს დროს, რომ ეს რაკეტები, რაც შეიძლება გვიან გადაეცეს უკრაინის არმიას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესი ნაწილი, როგორც დემოკრატიულ, ისე რესპუბლიკელთა პარტიებიდან, ამას დიდი დაჟინებით ითხოვენ თეთრი სახლისგან.
ამერიკელი ჟურნალისტები თვლიან, რომ მთავარი „მუხრუჭი“, რაც რაკეტების გადაცემის პროცესს ასე აჭიანურებს, ჯეიკ სალივანია, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
სალივანი თვლის, რომ მორიგი რუსული დაბომბვებისგან გამწარებულ უკრაინელებს შეიძლება „ხელი წაუცდეთ“ და 300 კმ ფრენის რადიუსის მქონე ეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ფედერაციის ქალაქებისკენაც კი მიმართონ და როგორი გახდება კრემლის საპასუხო ქმედება, ხომ არ გადაიზრდება ის უკვე რუსული ბალისტიკური რაკეტების ევროპაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე „სტუმრობაში“? - უფრთხიან თეთრ სახლში...

მას შემდეგ, რაც ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ კი - საფრანგეთმა უკრაინას Storm Shadow-სა და SCALP-EG-ის ტიპის „ჰაერი-მიწა“ კლასის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, რომელთა მოქმედების რადიუსი, ასევე, 280-290 კმ-ს აღწევს, მათი საშუალებით უკრაინელები ძალზე წარმატებულ წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ობიექტების მიმართ და ერთხელაც არ გაუშვიათ ეს ზუსტი რაკეტები უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რომელიმე რუსული სამხედრო აეროდრომის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები სისტემატურად აყენებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინულ ქალაქებს და, შესაბამისად, შურისძიებისთვის „მსუყე ლუკმას“ წარმოადგენენ...
აშშ-ის კონგრესმენების დიდმა ჯგუფმა, ორივე პარტიიდან წარმოადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციიდან კატეგორიულად მოითხოვს, რომ აშშ-მა სასწრაფოდ დაიწყონ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდება.
"ჩვენ ათასზე მეტი ასეთი ბალისტიკური რაკეტა გვაქვს და მათი ნაწილის უკრაინელი სამხედროებისთვის გადაცემის შემდეგ, ისინი შეძლებდნენ ღრმა ზურგში რუსი სამხედროების შტაბებისა და იარაღის საწყობების ზუსტი დარტყმებით განადგურებას, რაც უკრაინელებს გაუადვილებდათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", -აცხადებენ რესპუბლიკული და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელი ამერიკელი კონგრესმენები და ბაიდენის ადმინისტრაციას „ნამუსზე აგდებენ“ - თუკი ბრიტანელებს არ შეეშინდათ პუტინის და უკრაინას გადასცეს შორსმოქმედი Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები, მაშინ თეთრი სახლი რატომღა უნდა უფრთხოდეს კრემლს და არ აწვდიდეს უკრაინის განმათავისუფლებლებს სწორედ ისეთ რაკეტებს, რომლებიც ძალზე წაადგებოდათ კონტრშეტევებზე გადასულ უკრაინელ სამხედროებს?
არადა, 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვება „ჰაიმარსის“ დანადგარებიდან ხორციელდება და გამოირჩევიან მიზანში დიდი სიზუსტით მოხვედრის უნარით, რუს ოკუპანტებს ძალზე სერიოზულ პრობლემებს გაუჩენდნენ ფრონტის ხაზიდან 200-250 კმ-ის სიღრმეებშიც, სადაც რუსმა სამხედროებმა თავიანთი შტაბები და საბრძოლო მასალების საწყობები გაზიდეს, ამ ომში 80-90 კმ-ზე მოქმედი „ჰაიმარსების“ რაკეტების გამოჩენის შემდეგ...
რა თქმა უნდა, ვერც ATACMS-ები გახდებიან ამ ომის „ვუნდერვაფეები“ ანუ „საოცრება-იარაღი“, რომელიც ომის მოგების უპირობო გარანტიად მიიჩნევა, მაგრამ უკრაინის არმიის არსენალში რუსული „ისკანდერების“ მსგავსი ბალისტიკური რაკეტების მასობრივად გამოჩენა მართლაც ბევრ რამეს მოაქცევდა უკრაინელებისთვის სასიკეთოდ...
P.S. აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე პენტაგონმა უკრაინის არმიას შეიძლება MGM-140B (М39А1) ATACMS Block IA-ს მოდიფიკაციის არა უმეტეს 20-30 ბალისტიკური რაკეტა გაუგზავნოს, რომლებიც კასეტური ტიპის საბრძოლო ქობინით იქნებიან აღჭურვილნი (ერთ ასეთ საბრძოლო ქობინში 275 ცალი 600-გრამიანი М74 АРАМ ტიპის საბრძოლო ელემენტია ჩატვირთული).
პენტაგონმა 1993-2003 წლებში ამ მოდიფიკაციის 610 ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი შეიძინა, რომელთაგან დღეისათვის საწყობებში 500-მდე მაინც უნდა ჰქონდეს დარჩენილი, რომლებიც შეიარაღებიდან... ისედაც მოხსნილია ან კასეტური ქობინი ფუგასურითაა ჩანაცვლებული.
სულ, 1988 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ცნობილმა საიარაღო კონცერნმა „ლოქჰიდ მარტინმა“ 7 მოდიფიკაციის 3 700-ზე მეტი ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტა დაამზადა, რომლებიდანაც 600-მდე ამერიკულმა არმიამ საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა, მათ შორის 479 ცალი - 2003 წლის ერაყის ომში.