კიბერუსაფრთხოების ახალგაზრდა ტრენერი გამოცდილებას სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს უზიარებს - კვირის პალიტრა

კიბერუსაფრთხოების ახალგაზრდა ტრენერი გამოცდილებას სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს უზიარებს

მიხეილ უბირია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტია. ის ასევე იყო ტრენერი „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსზე. პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

როგროც მიხეილ ამბობს, ის ბავშვობიდან იყო დაინტერესებული კიბერუსაფრთხოებით და დიდ დროს უთმობდა ამ სფეროს შესწავლას. მთავარი მოტივაციაც, გამხდარიყო ამ პროექტის ტრენერი, სწორედ ეს იყო. სურდა ამ სფეროში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა.

მისთვის, როგორც ტრენერისთვის, საოცარი გამოცდილებაა ამ პროექტში მონაწილეობა. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე კიბერუსაფრთხოება, როგორც სფერო ახლა იმკვიდრებს ადგილს. KIU-სა და USAID-ის თანამშრომლობით კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრეცენდენტი იქმნება.

„ჩემი აზრით, მსმენელებისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კიბერრისკებზე საუბარი, რის წინაშეც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიდგომები, პრევენციის გზები და კიბერუსაფრთხოების საწყისები ვფიქრობ ყველა სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის საჭირო გამოცდილებაა.“ - ამბობს მიხეილი და გვეუბნება, რომ სფეროში ცოდნის მიუხედავად უშუალოდ სწავლების პროცესში თვითონაც ძალიან ბევრი ახალი აღმოჩენა გააკეთა და უფრო სიღრმისეულად შეისწავლა ეს სფერო.

მიხეილი პირველად იყო ტრენერი და გვეუბნება, რომ მისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ტრენინგების ჩატარება. გამოცდილება, ­­რომელიც აქ მიიღო მის კარიერულ ზრდაშიც დაეხმარება. როგროც თავად აღნიშვანს, თვითონაც გაიარა ტრენერთა გადამზადების კურსი, სადაც უფრო კარგად გაიგო სხვადასხვა ხერხი როგორ ჩაეტარებინა ტრენინგები და ასევე ჩართული იყო პროექტის მომზადებაში.

„ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო გამოწვევა იყო „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის ტრენერობა. არასდროს ვყოფილვარ ტრენერი და აქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. მსურს, უფრო გავიღრმავო ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას უცხოეთშიც ვგეგმავ.“ - ამბობს მიხეილ უბირია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ტრენინგ კურსის - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო, სადაც 80 მონიწილე შეირჩა. მიხეილიც აქტიურად იყო ჩართული ტრენინგებში და უზიარებდა მის ცოდნასა და გამოცდილებას. პროექტში მონაწილე პირებმა უამრავი ახალი ინფორმაცია შეიძინეს და მას პრაქტიკაშიც იყენებენ. აქ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ როგორც კარიერულ წინსვლაში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.

მაღალი დაინტერესების გამო, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ საბაზისო ტრენინგ კურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სხვადასხვა დონის კურსის განხორციელება, რომელშიც 400 მონაწილე ჩაერთვება.

NS