"ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას წავაწყდი უცნაური მერქნის მქონე ხეს, ფოტო გადავუღე და... მაშინ დაიბადა ის, რასაც სხვა ადამიანები ხედავენ"
ბევრმა არ იცის, რომ ხელოვნების ეს მიმდინარეობა - ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს. საქართველომ, როგორც უძველესი ცივილიზაციის კერამ, შემოინახა და გადასცა მომავალ თაობას უძველეს კულტურათა ნაშთები, რომელიც ადასტურებს მის მჭიდრო კავშირს ახლო აღმოსავლეთსა და შუმერულ ცივილიზაციებთან...
ორნამენტებით მოხატული თექა მინახავს, მაგრამ იმას, რასაც მარი აფციაური ქმნის, ძნელად თუ შეხვდებით სადმე. მისი ნამუშევრები მართლაც გაგაოგნებთ.
"მუშაობის დროს დაბადებული ემოცია, რომელსაც სამყაროში ვუშვებ, ყოველთვის დადებითია...", - მეუბნება მარი.
გაიცანით კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი და ერთად გავიგოთ, როგორ დააკავშირა მან თექა და მხატვრობა ერთმანეთს.
- მამის მხრიდან წინაპრები გუდამაყრიდან მყავს, დედის მხრიდან კი ფშავიდან. მე თვითონ თბილისში დავიბადე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე.
ჩემი წინაპრებიდან გამომდინარე, მთა ყოველთვის მიყვარდა. მთის ტრადიციების სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. სისხლის ყივილს რომ ეძახიან ალბათ ეგ იყო. ამ ტრადიციების სიყვარული განსაკუთრებით გამიმძაფრდა 7 წლის წინ.
როგორც ადამიანს წყალი მოსწყურდეს, მსგავსი განცდა დამეუფლა და მივხვდი, რომ ხელოვნებით უნდა დავკავებულიყავი და რატომღაც მაინც და მაინც თექით (მატყლი ახლოს არის მთის ხალხთან).
ჩავუჯექი ინტერნეტს, უცხოურ საიტებზე მოვიძიე და შევუდექი სწავლას. თავდაპირველად ჩემთვის ვქმნიდი შარფებს და აქსესუარებს, შემდეგ ახლობლებმა რომ ნახეს, მოეწონათ და მათაც ვჩუქნიდი. მერე მხატვრებთან მივიტანე. 2 ნახატი დავხატე, ძველი თბილისის თემებზე. ერთი დავიტოვე, მეორე ჩავაბარე და მალე გაიყიდა, ირანელ ტურისტს შეუძენია. შემდეგ კიდევ შემიკვეთეს და ასე ჩავები ამ საქმიანობაში.
ძირითადად, ტურისტებისთვის ვქმნიდი ნახატებს. შარფებს და აქსესუარებს ქართველებიც ყიდულობენ, უფრო სასაჩუქრედ.
რატომღაც, ქართველებს მატყლის ხსენებაზე მხოლოდ ნაბადი და სვანური ქუდი ახსენდებათ, მაგრამ ის, რომ მისგან ულამაზესი და უნაზესი შარფების და ტანსაცმლის, ასევე, ნახატების შექმნაა შესაძლებელი ბევრმა არ იცის.
ჩემთვის ხელოვნება სულიერი ჰარმონიაა. რომელიც იწვევს გარკვეულ ემოციას, გრძნობას და ფიქრს. ვფიქრობ, ხელოვნება ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება. მეც ასე დამეხმარა თექაზე მუშაობა.
- საქართველოში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვა აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. თექის ნახატებში ძირითადად გეომეტრიული ორნამენტები დომინირებს. ასევე გვხვდება მცენარეული და ანიმალისტური ორნამენტული სიმბოლოები, მათი საკრალური მნიშვნელობა დღეს დავიწყებულია...
ნახატის ან ისეთი პეიზაჟების გადმოტანა თექაში, რომელსაც თქვენ ქმნით, საკმაოდ ძნელია... და, ჩემთვის, გარკვეულწილად, აღმოჩენაც იყო...
- თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით. საქართველოს მთიანეთში შენარჩუნებულია ცოდნა მატყლის მოპოვების, დამუშავების, ბუნებრივი საღებავებით შეღებვის და მოთელვის შესახებ. განსაკუთრებულია ამ ნიმუშების ფერთა მეტყველება და შეხამება. აქ დამახასიათებელია ჩამჯდარი, ღრმა, ბუნებრივი ფერები. ყველანაირი ნამუშევარი მინახავს, მაგრამ მე ჩემი მიდგომა მაქვს...
ნახატებს რაც შეეხება, მაგალითად, მომესურვა ზღვის დახატვა, ამისთვის ადამიანი ან ზღვის პირას უნდა იდგეს, ან ფოტო გადაუღოს, სახლში დახატოს, ან მზა ფოტო მოიძიოს. პირველი ვარიანტი ჩემს შემთხვევაში არ ამართლებს, მეორე ან მესამე ხერხს მივმართავ ხოლმე.
პროფესიით არ ვარ მხატვარი, თვითნასწავლი ვარ. ჩემი საუკეთესო მასწავლებელი ბუნება აღმოჩნდა, თავისი ფერთა შეხამებით. ვაკვირდები ყვავილებს და ასე გადმომაქვს ფერები თექაზე.
მე რომ თექას ვეხები და მასზე პეიზაჟის დატანებას გადავწყვეტ, იბადება ის, რაც მანამდე არ ყოფილა და ზუსტი ასლის გამეორებაც ვერ ხერხდება. გაზაფხული და შემოდგომა მიყვარს ყველაზე მეტად, მთა ხომ მიყვარს, გითხარით უკვე და ამ ყველაფერთან დაკავშირებულ განწყობებს თექაზე ავსახავ.
- მიუხედავად იმისა, რომ თექას დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში, 2003-2005 წლებში აღმოჩენასავით იყო თექის ხელნაკეთი ნივთები. გამოფენაზე, მაშინ, ისიც კი ითქვა - ძნელი წარმოსადგენია თექის მასალაში დამზადებულმა ჩანთებმა, პალტოებმა, ქვედაბოლოებმა, ჩექმებმა, საქორწინო კაბებმა - ეროვნული მოდის განვითარებაზე არ იმოქმედოსო. რამდენად დიდია დაინტერესება თქვენი ნამუშევრების მიმართ?
- თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამ ქსოვილის დამზადება და მისი მხატვრული დამუშავება უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
მოდის შეცვლის რა გითხრათ, მაგრამ შემოქმედებაში ხშირია გონების, ემოციის და გულის ჭიდილი. როცა ეს სამი რამ ერთიანდება, მაშინ იბადება სილამაზე. ის სილამაზე, რომელსაც თქვენ და სხვა ადამიანები ხედავენ. მუშაობის დროს დაბადებული ემოცია, რომელსაც სამყაროში ვუშვებ, ყოველთვის დადებითია.
დაინტერესებაც არის ასეთი ნამუშევრების მიმართ. ვფიქრობ, ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე, რომელიც მხატვრობასთან იქნება შერწყმული.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას წავაწყდი უცნაური მერქნის მქონე ხეს, ფოტო გადავუღე და მსგავსი მატერიის შექმნას ვფიქრობ, ფერთა მსგავსი შეხამებით და ფაქტურით...
- ამჟამად გადასაფარებლებსა და ლაბადებს ქმნით, ბროშებსაც, რაც შრომატევადია. გამოფენა ხომ არ გქონიათ?
- საკმაოდ შრომატევადია. საქართველოში ამ საქმიანობისთვის საჭირო მასალების ფართო არჩევანი არ გვაქვს.
წინასწარ იგეგმება ორნამენტი, ან პეიზაჟი, ფერების შერჩევა ხდება და დაჩეჩილი მატყლი იღებება ბუნებრივი ან ქიმიური საღებავებით...
არის პერიოდები, როცა სხვა საქმეებით ვარ დაკავებული და თექაზე ვერ ვმუშაობ. ასეთ დროს მენატრება, თავს ცუდად ვგრძნობ. საკმარისია, თუნდაც, პატარა გულსაბნევი ყვავილი გავაკეთო, რომ მაშინვე ძალების მოზღვავებას ვგრძნობ, შინაგანი სიხარულის განცდა მიბრუნდება და ვხვდები, რომ ეს არის ჩემი საქმე.
რაც შეეხება გამოფენას, პერსონალურ გამოფენაზე კი მიფიქრია, თუმცა ჯერ არ მქონია. ჩემს წარმოდგენებში სახელოსნოზე უფრო ვფიქრობ, სადაც მაქვს ბევრი ფერის თექა და ყველა საჭირო ნივთი, რაც ამ საქმიანობას სჭირდება და მე კი ვქმნი დაუსრულებლად... სადაც არ მეშინია ექსპერიმენტების და მასალის გაფუჭების...
სპეციალურად „კვირის პალიტრისთვის“ ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი.