არმაგედონი რუსებისთვის - უკრაინული რაკეტა რუს მაღალჩინოსნებს თათბირზე "შეუვარდა"
ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლში,რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის შენობაზე 22 სექტემბერს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგებზე ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი,რომლის სრული დადასტურების შემთხვევაში გამოვა,რომ უკრაინელებმა ნამდვილი.. არმაგედონი მოუწყვეს რუს ადმირალებსა და გენერლებს სწორედ მაშინ, როდესაც ისინი ერთად შეიკრიბნენ სათათბიროდ!
22 სექტემბერს ეს სარაკეტო დარტყმები სევასტოპოლის ცენტრში მდებარე შტაბის ისტორიულ შენობაზე დღისით-მზისით მოხდა,რამაც თავიდან დიდი გაკვირვებაც გამოიწვია-დღის სინათლეზე ხომ უფრო გაუადვილდებოდათ რუს მეზენიტეებს უკრაინული რაკეტების ჩამოგდება?

მაგრამ, თურმე საქმე სულ სხვა რამეში ყოფილა-ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მოქმედი უკრაინულ-თათრული პარტიზანული მოძრაობა-АТЭШ -ი ირწმუნება,რომ სწორედ მათ მოისყიდეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ შტაბში მომსახურე რუსი ოფიცერი/ოფიცრები(რომლებიც, ხელფასების დაგვიანების გამო სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდნენ ოჯახის სარჩენად) და მათ შეატყობინეს შტაბის შენობაში გაფართოებული სამხედრო თათბირის დაწყების ზუსტი დრო...
„ატეშმა“ ეს ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს გადასცა,მათ კი უკრაინის საჰაერო ძალებთან ერთად ოპერატიულად დაგეგმეს საჰაერო დარტყმის განხორციელების ოპერაცია სევასტოპოლის შტაბის შენობაზე...
მართლაც,დღისით სევასტოპოლის ქუჩებში მოსეირნეთა არაერთმა სატელეფონო ვიდეოკამერამ დააფიქსირა რუსი სამხედრო მეზღვაურების აკვამლებულ შტაბის შენობას თუ როგორ ხვდება კიდევ ერთი რაკეტა...
ვიდეოკადრებში გამოჩენილი რაკეტის კონფიგურაცია უტყუარს ხდის, რომ წერტილოვანი საჰაერო დარტყმები სწორედ Storm Shadow-სა ან SCALP-EG-ის ტიპის „ჰაერი-მიწა“ კლასის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა,რომლებიც უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილმა მოდერნიზებულმა Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენმა გაუშვა. საჰაერო დარტყმა ანექსირებული ყირიმის „დედაქალაქის“-სევასტოპოლის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე-რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის შენობაზე ვიზუალურად კი ძალზე ეფექტური გამოვიდა, მაგრამ რამდენად ეფექტიანი გამოდგა ის საბრძოლო ზიანის მიყენების თვალსაზრისით?
რუსულმა მხარემ, როგორც ყოველთვის იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ მათ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო იმ რაკეტამ, რომელიც მაინც მოხვდა შტაბის შენობას, მას მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა და შტაბში მყოფი ერთი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგულიო...

არადა თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო კადრები, რომლებსაც მეორე დღესვე დაემატა კომერციული თანამგზავრებიდან გადაღებული, ამ შენობის მაღალი ხარისხის ფოტოებიც, სულ სხვა რამეზე მეტყველებდნენ-შენობის დაზიანების ხარისხი ძალიან მაღალი იყო და რაკეტებმა როგორც ჩანს ჯერ რამდენიმე სართული ჩაანგრიეს და მხოლოდ ამის შემდეგ აფეთქდნენ უშუალოდ შტაბის შიგნით, რამაც ბევრად დიდი ნგრევა გამოიწვია. თავდასხმიდან მეორე დღეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა გენერალმა ბუდანოვმა დააკონკრეტა, რომ მისი მზვერავების მიერ მოპოვებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად,შტაბის შენობის სათათბირო დარბაზში გაფართოებული სხდომა მიმდინარეობდა და სარაკეტო დარტყმების შედეგად არანაკლებ 9 რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო დაიღუპა, 16 კი დაიჭრა,მძიმედ დაჭრილთა სიაში კი არიან რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხრეთი დაჯგუფების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი რომანჩუკი და შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ცეკოვი, ხოლო შავი ზღვის ფლოტის სარდლის ვიცე-ადმირალ სოკოლოვის მდგომარეობას ეხლა ვარკვევთო (მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოკოლოვი ცოცხალი ყოფილა)...
და,აი კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ,25 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა უკვე დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს-სევასტოპოლში მთავარი შტაბის შენობაზე ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებულია 34 რუსი ოფიცერი და დაჭრილია 105 სამხედრო მოსამსახურე. დაღუპულთა სიაში აღმოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი ვიცე-ადმირალი სოკოლოვიც, რაც უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების მიერ ერთად განხორციელებული ოპერაციის დიდ მიღწევაზე ლაპარაკობს, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მთავარი შტაბის აფეთქება ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში და თანაც ისე,რომ ლიკვიდირებული იყოს თავად სარდალი, ხოლო მწყობრიდან გამოყვანილი რამდენიმე უმაღლესი რანგის ოფიცერიც, ყოველთვის არ ხდება და ეს მართლაც ერთგვარ არმაგედონს წააგავს, მოწყობილს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ-ჯერ რაკეტებით უძირავენ ფლაგმანს,სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ და შემდეგ ისევ რაკეტებით,თავისივე სამუშაო ადგილზე მთავარ შტაბში ანადგურებენ ფლოტის სარდალ ადმირალს...
საგულისხმოა, რომ უკრაინელმა მზვერავებმა ასევე დააზუსტეს 13 სექტემბერს იმავე სევასტოპოლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგები, როდესაც სევასტოპოლის ორჯონიკიძის სახელობის გემთსარემონტო ქარხნის მშრალ დოკში მდგარ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდ „მინსკს“ ერთი,ხოლო მის გვერდით განთავსებულ დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავ „როსტოვ ნა-დონუ“-ს კი ორი ფრთოსანი რაკეტა მოხვდათ...

უკრაინელი მზვერავების მტკიცებით „მინსკის“ ბორტზე რაკეტის მოხვედრის შედეგად, რომელმაც მძლავრი ხანძარი გამოიწვია, დაიღუპა 62 რუსი სამხედრო მეზღვაური.
ერთი შეხედვით ეს ცოტა დაუჯერებლად მოჩანდა, რადგან მშრალ დოკში რემონტზე მდგარი სამხედრო ხომალდიდან ჩამოდის მისი ეკიპაჟი და დილაუთენია მასზე წესით, არც ქარხნის სპეციალისტები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ აქაც ოპერატიულმა სადაზვერვო ინფორმაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი-როგორც ირკვევა,უკვე გარემონტებულ „მინსკს“(რომლის საშტატო ეკიპაჟი 87 ოფიცერს,მიჩმანსა და მეზღვაურს შეადგენს) მეორე დღეს უნდა დაეტოვებინა მშრალი დოკი და ეკიპაჟმაც ეტყობა სრული შემადგენლობით დაიკავა თავისი სამუშაო ადგილები ზღვაში გასვლის წინა დღეს...
P.S.არ შემიძლია არ გავავლო ორი პარალელი: პირველი -ზუსტად 30 წლის წინ,1993 წლის სექტემბრის ბოლოს, სოხუმის დაცემის დღეებში მდინარე მაჭარკასთან ჩემს თვალწინ ნაპირს ორი დიდი სადესანტო ხომალდი მოადგა, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ გაუყოფელ რუსულ-უკრაინულ შავი ზღვის ფლოტს წარმოადგენდნენ და ქართველი დევნილები გაჰყავდათ ომის ქარცეცხლში გახვეული აფხაზეთიდან...
მეორე - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკვე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდებმა ოჩამჩირესთან ის რუსული სადესანტო დანაყოფები გადმოგვისხეს,რომლებიც შემდეგ ზუგდიდში,სენაკში და კოდორის ხეობაში შემოიჭრნენ...