ახალი "M" ხუთი ათასად - კვირის პალიტრა

ახალი "M" ხუთი ათასად

საქართველოში ველოსიპედის "ბუმია". როგორც მაღალი ტრიბუნიდან ითქვა, ეს დიდი ხნის წინაც მოხდებოდა, რომ არა ერთი დაბრკოლება - ადრე ჩვენში ველოსიპედით სიარულისთვის მოხერხებული გზები არ იყო. ნახსენები "ბუმიც", ჯერჯერობით, მხოლოდ საველოსიპედო გზების მოწყობა-დაგებაში ვლინდება. კიდევ აგიტაცია-პროპაგანდაში, იქნება ეს დედაქალაქის ცენტრში აღმართული ველოსიპედის ძეგლი თუ ვიდეოკლიპები, მომღერლებისა და თვით ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.

ქუჩებში ველოსიპედზე შემომჯდარ მოქალაქეებს კი დღეს ნაკლებად შეხვდებით.  ის კი არა, ხალხში უკმაყოფილებას იწვევს მთელ ამ კამპანიაში თანხების ხარჯვა. არადა, ევროპასა და ამერიკაში ისეთი ველოსიპედები კეთდება, ზოგიერთი მათგანი მთლიანად რომ ამოიღებს ძეგლებში, ტრასებსა და კლიპებში დახარჯულ ფულს. თანაც, იქ ამ "მონსტრების" შექმნა არათუ უკმაყოფილებას, არამედ ხალხის კმაყოფილებასა და აღტაცებასაც კი იწვევს.

ამერიკელი ველომრბოლელ ლენს არმსტრონგის სახელი სპორტის მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი. 25 წლის არმსტრონგს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ არ შეეპუა სასიკვდილო სენს, იმკურნალა, კვლავ დაუბრუნდა სპორტს და მსოფლიოს პრესტიჟული ველორბოლის "ტურ დე ფრანსის" შვიდგზის გამარჯვებული გახდა. მისმა მაგალითმა მილიონობით ამ სენით დაავადებულს შეჰმატა მხნეობა და გამოჯანმრთელების იმედი გაუჩინა. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ველოსიპედების მოდელების შექმნაც სწორედ ამერიკელი სპორტსმენის სახელს უკავშირდება.

ამერიკულმა კომპანია "ტრეკმა" მის პატივსაცემად ველოსიპედის ექსკლუზიური მოდელი დაამზადა, რომლის დიზაინიც თანამედროვე ხელოვნების ცნობილ წარმომადგენელ დემიენ ჰერსტს შეუკვეთა. შედეგად შეიქმნა "ბატერფლაი" (პეპელა) - დღემდე არსებულთაგან ყველაზე ძვირად ღირებული ეგზემპლარი, რომლის გასაფორმებლად მხატვარმა, სხვებთან შედარებით, ყველაზე იაფ საშუალებას მიმართა, - ჰერსტმა ველოსიპედი ასეულობით ნამდვილი პეპლის გამომშრალი ფრთებით მორთო, რის შემდეგაც იგი ხელოვნების ნიმუშს დაემსგავსა და ფასიც შესაბამისი დაედო. "სოთბის" აუქციონზე ჰერსტისა და "ტრეკის" ერთობლივი ქმნილება 500 ათას დოლარად გაიყიდა. ველოსიპედი მართლაც თვალწარმტაცი იყო, თუმცა პეპლების სამშვენისებად გამოყენებამ ბუნების დამცველთა პროტესტი გამოიწვია.

ლეგენდარული ველოსიპედისტის საოცარმა გამარჯვებამ, რომელიც მან სიკვდილთან ბრძოლაში მოიპოვა, იაპონელი იოშიმოტო ნორაც აღაფრთოვანა და უახლესი კარბონის ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ველოსიპედი თავისი ნახატებით გააფორმა. მოდელზე, რომელსაც "ტრეკ იაშიმოტო სპედ კონცეფტი" უწოდეს ბავშვების სახეებია გამოსახული. ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე 200 ათას დოლარად გაიყიდა.

მესამე მოდელს, რომელიც ასევე არმსტრონგის სახელს უკავშირდება, ავანგარდულ მხატვრობასა და დიზაინთან ბევრი არაფერი აქვს საერთო, მისი ფასი "მარადიულ" ფასეულობებს ეფუძნება, -  მთლიანად ოქროთი და ძვირფასი თვლებითაა მორთული. ის შვედურმა კომპანია "აურუმანიამ" შექმნა. ველოსიპედის ფასი, რომლის ჩარჩო, თვლები და შანები 24-კარატიანი ოქროთია დაფარული და 600 ცალი სვაროვსკის კრისტალით არის მოოჭვილი, 101-114 ათასს შორის მერყეობს. დასაჯდომი და საჭეც უძვირფასესი ტყავისგანაა შეკერილი. სულ 10 ეგზემპლარი გაკეთდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველა გაიყიდა. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ამ "განძეულს" სიარულიც შეუძლია და კომპანიამ ათწლიანი გარანტიაც მისცა მყიდველებს.

არმსტრონგისადმი მიძღვნილი მეოთხე მოდელის შექმნა ასევე კომპანია "ტრეკს" უკავშირდება. კომპანიამ მისი გაფორმება ცნობილ იუველირს, ალან ფრიდმანსა და ასევე ცნობილ მხატვარს ლენი ფუტურის მიანდო. შედეგად რამდენიმე ათასად ღირებული ველოსიპედის სტანდარტულ მოდელზე 100 ცალი ბრილიანტის თვალი და 1-კარატიანი ინკრუსტირებული, ასევე ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი ციფრი 7 გამოისახა, რამაც მისი ფასი 75 ათასამდე გაზარდა. სწორედ ასეთი ოდენობის თანხა გადაიხადა "7 დაიმონდში" აუქციონზე ანონიმმა მყიდველმა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ "ოქროსა და ბრილიანტის" ველოსიპედების გაყიდვით შემოსული თანხა ლენს არმსტრონგის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

და ბოლოს, თუ ქვეყანაში ველოსიპედების "ბუმი" მართლა გაჩაღდა და ქართველებში მართლაც მოიკიდა ფეხი სატრანსპორტო საშუალებათა შორის ამ მართლაც ყველაზე ჯანმრთელმა და ეკოლოგიურად უვნებელმა სახეობამ, თავმომწონე თბილისელ, ქუთაისელ თუ ბათუმელ ახალგაზრდებს 5 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ. სწორედ ასეთი ფასი აქვს BMW-ს ქარხანაში აწყობილი ველოსიპედის "BMW M BIKE"-ის 2011 წლის მოდელს. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მასში თანამედროვე ტექნოლოგიები და მოდური დიზაინი იდეალურადაა ერთმანეთთან შერწყმული. კარბონისაგან დამზადებული ჩარჩო და დისკები შავი ფერის მქრქალი საღებავითაა დაფარული, რომლებზეც გამოსახულია ასო "M". დასაჯდომი და საჭე წითელი და შავი ფერის ძვირფასი და მაღალხარისხიანი ტყავისაა. აღჭურვილია ჰიდრავლიკური სამუხრუჭო და ზეთოვან-საჰაერო ამორტიზების სისტემებით. იწონის 12,9კგ-ს.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)