"ზელენსკი დაღვრემილია, კიევისადმი დასავლური სოლიდარობა ჩუმად „ფანჯრიდან იპარება“ - El Mundo
"უკრაინის კონფლიქტის „საათი ჩართულია“, დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ევროპის სახელმწიფოებში დაგეგმილ არჩევნებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ვოლოდიმირ ზელენსკის და სარგებელი მოუტანოს ვლადიმერ პუტინს. კრემლის გათვლები უკვე მკაფიო კონტურებს იღებს - გაჭიანურებულ ომს თავისი ნაყოფი გამოაქვს: დასავლეთი ომით დაღლას ამჟღავნებს", - წერს ესპანური გაზეთი „ელ მუნდო“ (El Mundo) სტატიაში სათაურით - „უკრაინა: როცა კიევისადმი სოლიდარობა „ფანჯრიდან იპარება“ (ავტორი - სილვია რომანო).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ვლადიმერ პუტინი მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას. ზის კრემლში და სიტუაციას აკვირდება, არა მარტო იმიტომ, რომ საათი დროს რუსეთის სასარგებლოდ ითვლის, რომ მოსკოვს შეუძლია მობილიზაცია კიდევ ჩაატაროს და ფრონტზე ახალი ძალები გაგზავნოს, არამედ იმიტომაც, რომ მას აინტერესებს, რა მოხდება დასავლეთის ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - პოლონეთში, სლოვაკეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვაგან.
ევროპული ქვეყნების ბლოკში, რომლისგანაც უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებასა და მხარდაჭერას იღებდა, ახლა სიტუაცია მყიფეა და - არასტაბილური. მმართველი პარტიების ყურადღება ახლა შიდაპოლიტიკურ მომენტებზეა გადატანილი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ არჩევნების ჟამს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევისადმი დახმარების საკითხი გვერდზეა გადადებული და მათ უმთავრესად საკუთარი პრობლემების მოგვარება აინტერესებთ.
პირველი შემთხვევა უკვე მოხდა, თანაც იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია და დღემდე უკრაინასთან, შეიძლება ითქვას, ყველაზე ახლო კავშირი ჰქონდა და კიევის მიმართ ყველაზე მეტ სოლიდარობას ამჟღავნებდა. თითქოსდა, წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ქვეყანა პოლონეთია, რომლის პრემიერ-მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ ვარშავა ძველებურად ხელგაშლილი აღარ იქნება და კიევს იარაღის მხოლოდ მცირე ნაწილს მიაწვდის. ეს გადაწყვეტილება უკრაინისათვის „ცივი წყლის გადასხმას“ ნიშნავს.
და ეს იმიტომ ხდება, რომ „პოლონეთის ველებზე წინასაარჩევნო ქარი ქრის“. ქვეყანაში 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მმართველი ნაციონალისტური პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის ცეცხლშია გახვეული - ერთი პარტია უკიჟინებს მთავრობას, რომ ცოტას ეხმარება უკრაინას, მეორე პარტია კი - რატომ უწევს ასეთ გულუხვ დახმარებას კიევს და მონურად ემორჩილება მის მოთხოვნებს.
სლოვაკეთშიც, დიდი ალბათობით, 30 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკოსის - რობერტ ფიცოს პარტია გაიმარჯვებს. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება თავის მოწინააღმდეგეს - რობერტ ფიცოს „პრორუს პოპულისტს“ უწოდებს, მაგრამ ისე ჩანს, რომ სწორედ პოპულისტად შერაცხული პიროვნება იქნება ახალი პრემიერი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სურათს იძლევა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები.
მსგავსი რამ მოსალოდნელია ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს - ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაოფიციალურად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის შიდა პრობლემბზეა კონცენტრირებული. თანაც ამ რბოლაში სავარაუდო გამმარჯვებელი დონალდ ტრამპი მაინცდამაინც ისე მძაფრად არ გამოდის „უკრაინისა და ევროპის უპირველესი მტრის" - ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, როგორც ეს კიევს სურს.
დიდ ბრიტანეთში, როგორც გამოკითხვები მოწმობს, დიდად პოპულარული ხდება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტრამერი, რომელიც შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს. იგი სიტყვით უკრაინას დიდ დახმარებას დაჰპირდა, ახლა კი თავის პოლიტიკურ გამოსვლებში უკრაინას ნაკლებად ახსენებს. გარდა ამისა, ბრიტანულ პოლიტიკაში უკვე გაისმა უკრაინისათვის პირველი გამაფრთხილებელი ზარი, როცა ამას წინათ უკვე გადამდგარმა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, უკრაინის ლიდერებისაგან იარაღის გამუდმებული მეტი მოთხოვნის გამო, გაბრაზებულმა თქვა - „თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ „ამაზონის“ (Amazon) შეკვეთების ბიურო ვართ?“.
მოკლედ, ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის გამოფიტვისათვის აწარმოებს, უკვე პირველ ნაყოფს იღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი დაღვრემილია, კიევისადმი დასავლური სოლიდარობა ჩუმად „ფანჯრიდან იპარება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ