რუსეთის აგენტები გამსახურდიასა და შევარდნაძის გარემოცვაში - რუსი გენერლების "აღიარებითი ჩვენებები", რომლებიც დღეს აღარავის ახსოვს
ზოგიერთი მკითხველი კომენტარებში წერს: რატომ აქებთ შევარდნაძესო. პირიქით: თუ დაკვირვებით წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ „ბაბუს“ მოღვაწეობას ხანდახან უფრო კრიტიკულადაც კი ვაფასებ, ვიდრე იმსახურებს.
1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის შესახებ ჯერ–ჯერობით გადაწყვეტით არ შეიძლება მტკიცება: შევარდნაძეზე ეს თავდასხმა მხოლოდ გაფრთხილება იყო, თუ შემთხვევითობის გამო გადაურჩა „ბაბუ“ სიკვდილს. რუსეთის სპეცსამსახურები ამ ტერაქტის მომზადება–განხორციელებაში რომ მონაწილეობდნენ – ეს კი საკამათო არ უნდა იყოს. არ ვიცი, მათ დრო მისცეს შევარდნაძეს „გამოსასწორებლად“ თუ რაიმე სხვა ფაქტორი მოქმედებდა, ფაქტია, რომ 1996 წელმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. შემდეგ კი საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობის მრავალწლიანი ეპოპეა დაიწყო.
დღევანდელი გადასaხედიდან იოლია განსჯა. ვისაც 1991–1995 წლების ქაოსი და ანარქია ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ უკვე 1996 წლიდან ყველა სფეროში წინსვლა იგრძნობოდა: წინა წლის შემოდგომიდან ლარის შემოღებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გამოცოცხლებას, „საგარეო ფრონტზე“, შევარდნაძის დამსხურებით, კიდევ უფრო წინ ვიყავით. დღეს რომ ზოგიერთი იბრალებს: „საქართველო, როგორც სახელმწიფო მე შევქმენიო“ – ნურას უკაცრავად! გაღატაკებული და სამოქალაქო ომში ჩაძირული ქვეყნის – სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი, სწორედ რომ 1996 წლიდან დაიწყო და 2003 წლის ნოემბრისთვის, ავად თუ კარგად, სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე მუშაობდა. ამის დავიწყება არ შეიძლება. პრობლემები იყო? – უამრავი, თუმცა ნელი ნაბიჯებით ქვეყანა მაინც წინ მიიწევდა.
1996 წლის 8 მარტს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევისა და საქართველოს პრეზიდენტის, ედურად შევარდნაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ორივე პრეზიდენტი კარგ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ კითხვა დასვა პრეზიდენტები უცბად დაიძაბნენ და უმალ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ეს პროექტი არავის წინააღმდეგაა მიმართული და არავინ უნდა ინერვიულოსო. მაშინ ბაქო–სუფსის ნავთბოსადენის მარშრუტის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 1997 წლიდან ნავთოსადენის მშენებლობაც დაიწყო. რუსეთისთვის ეს პროექტი ეკონომიკურად დიდი არაფერი საფრთხის შემცველი არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. რუსეთის იმპერიის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ყოფილი კოლონიები დამოუკიდებლად გავიდნენ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, ამას კი შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მილსადენის მშენებლობაც მოჰყოლოდა. შედეგად რუსეთი დაკარგავდა ზემოქმედების უმნიშვნელოვანეს ბერკეტებს, რაც უკვე სერიოზული საფრთხე გახდებოდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1996 წლის ივნისის შემდეგ ეპიზოდურად თუ მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს რუსეთის სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები წყვეტდნენ. ელცინი კი ბებერი და ავადმყოფი ნოტარიუსივით მორჩილად ამტკიცებდა მათ გეგმებს.
1996 წლის 10 ივნისი: ელცინის წინასაარჩევნო როკვა, რომელიც კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა მისი ჯანმრთელობისთვის
საქართველოში იმ წლების ერთ–ერთი უდიდესი პრობლემა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმება, დაბინავება და საკვებ– სარჩოთი უზრუნველყოფა იყო. ასევე პრობლემა იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულ და სამეგრელოს ტყეებში გასულ მომხრეებთან დიალოგის დაწყება. ამ პრობლემებს და ზოგადად აფხაზეთის საკითხს, რუსეთი მუდმივად იყენებდა შევარდნაძის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედების მოსახდენად და პოლიტიკური ვექტორის ჩრდილოეთისკენ შესატრიალებლად. ფაქტობრივად, ჩვენმა ქვეყნამ საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული ფუნქცია შეიძინა თუ არა, რუსეთმა დაიწყო სიტუაციის დესტაბილიზაციის ოპერაციების ერთი მეორის მიყოლებით განხორციელება.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ასპარეზზე თავად არ ჩანდა და „უხილავი ხელით“ (ანუ სპეცსამსახურების საშუალებით) მოქმედებდა. სამწუხაროდ მაშინ რუსეთის სპეცსამსახურების ძირითად დასაყრდენს კიტოვანი–გიორგაძე–კვირაიასთან ერთად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და ეროვნული გვარდიის წევრები წარმოადგენდნენ. ბევრ მათგანს, პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, გულწრფელად სჯეროდა, რომ „იუდა შევარდნაძე“ უშლიდა ხელს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მისი ლიკვიდაციის შემდეგ მოახდენდნენ „კანონიერი ხელისუფლების“ აღდგენას და „საქართველოც გაბრწყინდებოდა“. რუსეთის სპეცსამსახურებიც ყოველნაირად აღვივებდნენ მათ ამ მოლოდინს და ილუზიებით კვებავდნენ „ზვიადისტებს“. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის იყვნენ საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული პირები, რომლებიც ერთგულად ასრულებდნენ მათ დავალებებს.
ვიცი რამდენად საფრთხილო და ფაქიზ თემას ვეხები, ამიტომ შევეცდები მხოლოდ ფაქტებზე და იმ პროცესების უშუალო მონაწილეების მოგონებებზე დაყრდნობით შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები.
ოთარ უბილავა, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და იმდროინდელი ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში (2012 წლის 21 მაისი) იხსენებდა: „ 1997 წელს შევარდნაძის აფეთქება თბილისის აეროპორტში გადავწყვიტეთ, ამისთვის ჩვენი კაცი (ყოფილი გვარდიელი) აეროპორტში მანქანების აკუმულატორების დამტენად მოვაწყვეთ. გეგმა ასეთი იყო: ვინაიდან ჩვენს კაცს ტრაპის მანქანების მომსახურებაც ევალებოდა, ერთ-ერთ ასეთ აკუმულატორში დისტანციური მართვის ბომბს დავამონტაჟებდით და როგორც კი შევარდნაძე ტრაპზე ავიდოდა, ბომბს ავაფეთქებდით. აეროპორტის ახლოს დავიქირავეთ ორი ბინა, საიდანაც ბომბი უნდა გვემართა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ საღამოს ჩვენს კაცს თანამშრომლებთან ერთად დაულევია, შემდეგ უჩხუბიათ, ერთი უცემია კიდეც, ამის გამო სამსახურიდან გამოაგდეს. რა თქმა უნდა, ოპერაცია ჩაიშალა...“.
შევარდნაძეზე თავდასხმის ეს ოპერაცია (ისევე, როგორც სხვა ტერაქტები) მოსკოვში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იგეგმებოდა და იქიდან იმართებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს კიდევ ერთი ამონარიდი ოთარ უბილავას იმავე ინტერვიუდან: „ ჩვენი სამხედროების დიდი ნაწილი მოსკოვში საგანგებო სიტუაციების (МЧС, ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ) სამინისტროს აკადემიის ეზოში საცხოვრებელ კორპუსში იყვნენ დაბინავებული (ეს ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა) და წვრილ ბიზნესს ეწეოდნენ. იქ ცხოვრობდა გურამ ლაკიაც. ერთხელ, სტუმრობისას, მითხრა, - აქ ჩემი კურსელი ვნახე, გენერალ-ლეიტენანტია, შოიგუსთან მუშაობს. ერთხელ დათვრა, სეიფი გამოაღო და რაღაც დოკუმენტაცია მაჩვენა, სადაც ეწერა, - საქართველოს საქმე 25 წლით ჰაერში უნდა იყოს გამოკიდებულიო“.
თქვენ როგორ ფიქრობთ: რუსეთის გასამხედროებული და სარეჟიმო სტრუქტურის საცხოვრებელ კორპუსში დაბინავებული (ვითომ იქ მხოლოდ ცხოვრობდნენ და ტერაქტებს არ გეგმავდნენ?), შევარდნაძის მიმართ შეურიგებელი გამსახურდიას მომხრე „ლტოლვილი სამხედროები“ ეფ–ეს–ბესა და გე–ერ–უს ნებართვის გარეშე მოხვდებოდნენ იქ? ინტერვიუერისგან ცოტა არ იყოს მიამიტურად ჟღერს: „ეს ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდაო“ – რუს გენერლებთან ურთიერთობა ვითომ შემთხვევითი იყო? რა თქმა უნდა არა. ვინ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტების დაგეგმვაში?
დროა ისევ ოთარ უბილავას მოვუსმინოთ: „ 1997 წლის შემოდგომის მიწურულს სმოლენსკში გამომიძახეს გურამ აბსანძესთან (მას იქ ალკოჰოლური სასმელების კომბინატი ჰქონდა). მითხრეს, - გაემზადე, უნდა წამოგვყვეო. დავთანხმდი. მოსკოვში წამოვედით. მანქანაში მე, გურამ აბსანძე, გურამ ლაკია და მძღოლი გურამი ვისხედით. გზაში ლაკიამ მკითხა, - თუ იცი, სად მივდივართო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. ლაკიამ ცოტა ხნის დუმილის მერე განაგრძო, - გენდობით და გეტყვით, - შევარდნაძეზე ტერაქტი გვაქვს დაგეგმილიო“.
როგორც უბილავას ინტერვიუდან ჩანს ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი აწ გარდაცვლილი, „ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი“ როზლანდ (გურამ) ლაკია (1944–2021) იყო. მისი ბიოგრაფია ძალზე საინტერესოა და ერთად გავეცნოთ.
გ. ლაკიამ 1963 წელს დაამთავრა ფოთის სარწყავ– სამელიორაციო ტექნიკუმი მექანიკოსის სპეციალობით. ერთი წლის შემდეგ ჩაირიცხა კალინინგრადის სამხედრო–საინჟინრო სკოლაში. 1966 წელს მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება და გაგზავნილ იქნა იმიერბაიკალეთის სამხედრო ოლქში. ამის შემდეგ ის თოთხმეტი წელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მსახურობდა. შემდეგ კი, როგორც საბჭოთა იმპერიის სანდო და ერთგული ოფიცერი, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დისლოცირებულ საბჭოთა კავშირის ჯარების ჯგუფში გადაიყვანეს. 1981 წელს მიანიჭეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1983 წელს დაამთავრა ვაიმარის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი. ორი წლის შემდეგ რ. ლაკია აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხედრო კომისრის მოადგილედ დანიშნეს.
მარჯვნივ პოდპოლკოვნიკი რ. ლაკია. ქალაქი იენა.1983წ.
1985 წელს რ. ლაკია გადმოიყვანეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. ამასთან დაკავშირებით რუსულ ენაზე ამ ათიოდე წლის წინ ინტერნეტში შექმნილ ავტობიოგრაფიაში, რომლის ავტორიც თავად გ. ლაკია იყო, ვკითხულობთ: „დავბრუნდი მცირე სამშობლოსთან ახლოს“ („поближе к малой родине“). „ურწმუნო თომებისთვის“ : იხ. https://kviu.3dn.ru/publ/1966/lakija_r_m/22-1-0-252
თუ ლაკიასთვის საქართველო „მცირე სამშობლო“ იყო , აბა „დიდი სამშობლო“ რომელი იქნებოდა? გამოიცანით – საბჭოთა კავშირი/რუსეთი. ამის შემდეგ უკვე ბევრი რამ გასაგები ხდება.
1986 -1990 წლებში რ. ლაკია საქართველოს სსრ მახარაძის რაიონის სამხედრო კომისარი იყო. შემდეგ კი მოვლენები საინტერესოდ ვითარდება: წარმოშობით ფოთელი, მახარაძის რაიონის ყოფილი სამხედრო კომისარი გურამ ლაკია, 1990 წლის დეკემბერში, საქართველოს უზენაეს საბჭოს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის“ უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე გვევლინება. როგორ და ვისი რეკომენდაციით აღმოჩნდა ლაკია ეროვნულ ხელისუფლებაში? როგორც გ. ლაკიას ერთ–ერთი ინტერვიუდან („თბილისელები“, 2019 წლის 28 დეკემბერი ) ირკვევა, ის არა მარტო ამ კომისიის, არამედ თავად პრეზიდენტ გამსახურდიას „კონსულტანტიც“ ყოფილა და „ბრძნულ“ რჩევებს სთავაზებდა გეოპოლიტიკურ საკითხებში. ლაკია ინტერვიუში აცხადებს: „ ბატონმა პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს (საუბარია 1991 წელზე– ბ.ა.) მკითხა, ვის უნდა მივკედლებოდით , რომ დაგვეცვა დამოუკიდებლობა, მაშინ მე მას შევთავაზე და მანაც მომიწონა, რომ საქართველოს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა აზერბაიჯანთან ერთად და შეგვექმნა ბუფერული ზონა კასპიისა და შავ ზღვებს შორის, რომ საბჭოთა კავშირი და ნატო დაგვეცილებინა ერთმანეთისთვის“. ამ „გენიალური“ რჩევის კომენტარი თვენთვის მომინდვია.
ამავე ინტერვიუში პოლკოვნიკი ლაკია, 1991 წლის 22 დეკემბერს შეიარაღებული დაპირისპირების ისტორიას იხსენებს და მისდა უნებურად, ძალზე მნიშვნელოვან საიდუმლოს ამხელს: „21-ში ჩემი 350 კაცით, ეროვნული გვარდიის წევრებითა და მოხალისეებით, დავიკავე უზენაესი საბჭოს შენობა. . . . ჩვენ არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დაპირისპირება. ტყვია-წამალს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისგან ვყიდულობდით“.
„ტავარის“ საყიდლად მისულ თენგიზ კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალ–პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი და და სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსი, გენერალ–მაიორი ვიქტორ ივანენკოვი მასპინძლობენ.
კიტოვანი რომ ამიერკავკასიის სარდლის უფროსის მოადგილე გენერალ–ლეიტენენტ სუფიან ბეპაევისგან ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ყიდულობდა იარაღსა და ტყვია–წამალს კარგად იყო ცნობილი. თუმცა ლაკიას ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსეთი ასევე ზვიად გამსახურდიასაც ამარაგებდა. ასე, რომ ორივე მხარე შეიარაღებასა და ტყვია–წამლს რუსეთის სამხედროებისგან ყიდულობდა: ქართველი – ქართველს კლავდა და თან ამაში ორივე მხარე რუსეთს დიდ ფულს უხდიდა! არ იფიქროთ, რომ იარაღით ვაჭრობა ამ გენერლების მხოლოდ პირადი ბიზნესი იყო, არ, ეს რუსეთის ხელისუფლების ნებართვით ხდებოდა, რათა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო სამოქალაქო ომი. ვითომ ამას ვერ ხვდებოდა გამსახურდიას ხელისუფლება ან პუტჩისტები? რა თქმა უნდა ხვდეოდნენ, თუმცა მაინც რუსეთს მიმართავდნენ დახმარებისთვის. ეჰ, მართლაც ოდესმე გვეშველება რამე?
დარწმუნებული ვარ ბევრ მკითხველს აღარც ახსოვს სუფიან ბეპაევის სკანდალური ინტერვიუ (იხ. „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ 20.12.1992), სადაც ის შემდეგს აცხადებდა:
გენერალ–ლეიტენენტი სუფიან ბეპაევი
„ომის კულმინაცია ორ დღეს 24 და 28 დეკემბერს დადგა. 24 [დეკემბერს] გამსახურდიას მომხრეებმა რუსთაველის პროსპექტიდან გამოდევნეს ოპოზიციონერები. კიტოვანი მზად იყო თამაშიდან გასულიყო და გაქცეულიყო . . სიტუაცია კრიტიკული იყო და რომ არა რუსეთის პატარა სამხედრო დანაყოფის დახმარება, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები დამარცხდებოდნენ. 28 (დეკემბერს) ოპოზიციონერები ვერ ახერხებდნენ ეთერში გასვლას: ამისთვის საჭირო იყო ტელეანძის ხელში ჩაგდება. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი . . .“.
ვერ გავიგე ამაზე მეტი რაღა „აღიარებითი ჩვენება“ სჭირდებოდათ გამსახურდიას მომხრეებს, რომ დარწმუნებულიყვნენ: რუსეთის პროვოცირებით დაიწყო სამოქალქო ომი, ისინი აქტიურად იბრძოდნენ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ამიტომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. მათთვის ბეპაევის ამ აღიარებამდეც კარგად იყო ცნობილი, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობის საარტილერიო დაბომბვაში და სხვა ოპერაციებშიც, თუმცა ამაზე თვალებს ხუჭავდნენ და ყველაფერს მაშინ მოსკოვში მყოფ შევარდნაძეს აბრალებდნენ. ორი წლის შემდეგ კი ისინი, იმ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, რომლებაც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
გურამ ლაკია 1992 წლის 6 იანვარს ერთ–ერთ ავტობუსში იმყოფებოდა, რომელითაც გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის შენობიდან გამოვიდნენ. მეტეხის ხიდთან ავტობუსებს პუტჩისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც გურამ ლაკია დაიჭრა და ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ლაკია გარკვეული პერიოდი ციხეშიც იმყოფებოდა და 1993 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის შეურთდა გამსახურდიას მომხრეებს და ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსადაც დანიშნეს. ლაკია აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 1993 წლის 3 ოქტომბერს ფოთის აღების ოპერაციას გურამ ლაკია ხელმძღვანელობდა. საქართველოში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1993 წლის ნოემბრიდან, გ. ლაკია უკვე მოსკოვშია. როგორ ფიქრობთ ყოფილი საბჭოთა ოფიცერი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა საბჭოთა კა–გე–ბეს მე–3 მთავარი სამმართველოს (სამხედრო კონტრდაზვერვა) „ღრმა დამუშავებაში“ (ისე აღმოსავლეთ გერმანიაში არავინ გაუშვებდა) და მათ კართოტეკებში, 1990–1993 წლების მოვლენების დროს და შემდგომ პერიოდშიც, რუსეთის სპეცსამსახურების „მეგობრული ყურადღებისა“ და მზრუნველობის გარეშე დარჩებოდა? ეს სულაც არაა რიტორიკული შეკითხვა და ვფიქრობ პასუხიც კარგად იცით.
ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ლაკია, სხვა ქართველ გვარდიელებთან ერთდ, მოსკოვში, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (МЧС) აკადემიის საცხოვრებელ კორპუსში წლების მანძილზე ბინადრობდა და შევარდნაძეზე ტერაქტების დაგეგმვა–განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული.
(პირველი ნაწილის დასასრული)