ცნობილი ქართველები - არჩილ გომიაშვილი - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველები - არჩილ გომიაშვილი

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", შეუძლებელია იმ მსახიობების დავიწყება, ვინც იქ თამაშობს. წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს კაშკაშა ვარსკვლავთა კრებული: დიდი ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, ვახტანგ ნინუა, ვასო გოძიაშვილი, ჯერ კიდევ ახალგაზრდები - სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია... მაგრამ მათ შორის არის კიდევ ერთი, ძალიან კოლორიტული, გამორჩეული და დასამახსოვრებელი კოსტაია, იგივე არჩილ გომიაშვილი, რომელიც მაშინ არცთუ ისე ცნობილი გახლდათ.

კოსტაია მკვირცხლი იმერელი შინამოსამსახურეა, რომელსაც ყველაფერი ეკითხება, რაც "კნიაზის" ძველ და "მოყანყალებულ" სასახლეში ხდება. გავა დრო და ვერიკო ანჯაფარიძე იტყვის: არჩილს სხვა რომ არაფერი ეთამაშა, მარტო კოსტაიათი ეკუთვნოდა სახალხო არტისტის წოდებაო.

"- რა ასმევთ ამდენ ყავას, დასკდნენ ამდენი ყავის სმით... ოონინა, ოონინა...…ჩვენთან სტუმრადაა უსტაბაში... თქვენი ვარ მე, თქვენი... წაი, გოგო, წაი, უშველე თავს..."- ამბობს კოსტაია სხვადასხვა ეპიზოდში და მისი დანახვისას შეუძლებელია სიცილის შეკავება...

არჩილ გომიაშვილმა დიდი აღიარება 1971 წელს მოიპოვა, როცა მან ლეონიდ გაიდაის ცნობილ ფილმში "თორმეტი სკამი" ოსტაპ ბენდერი ითამაშა.

არსებობს ასეთი ვერსია, - ფილმის გადაღება უკვე დაწყებული იყო იალტაში, როცა რეჟისორმა დეპეშა მიიღო: "ჩამოვდივარ, დამხვდით. ოსტაპ ბენდერი"...  სინამდვილეში არჩილს არანაირი დეპეშა არ გაუგზავნია. მას იმ პერიოდში პანტომიმის თეატრი და თავისი ბენდი "დიქსილენდი" ჰყავდა. მარტო თამაშობდა შვიდ-რვა როლს ერთად. ერთ-ერთ მის წარმოდგენას "ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე" ერქვა. ძალიან წარმატებული იყო ეს მინიწარმოდგენები და არჩილმა თავის ბენდთან ერთად მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. იალტაში მისი გასტროლები ფილმის გადაღებას დაემთხვა. ოსტაპის როლზე უკვე დამტკიცებული იყო მსახიობი და პირველი სერიის გადაღებაც დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფილმის დირექტორმა აფიშას მოჰკრა თვალი. დაინტერესდა და დაესწრო წარმოდგენას. არჩილის თამაშით აღფრთოვანებული დირექტორი მაშინვე გაიდაის მოსაყვანად გავარდა. გომიაშვილის თამაშის შემდეგ რეჟისორმა და დირექტორმა გადაწყვიტეა, ოსტაპი გამოეცვალათ, მათ არჩილი დაამტკიცეს მთავარ როლზე და ფილმის გადაღებაც თავიდან დაიწყო.

"თორმეტი სკამის" შემდეგ უცებ მოვარდა წარმატება. არჩილ გომიაშვილი მოსკოვში სამუშაოდ მიიწვიეს. იგი ჯერ მოსკოვის ლენინის სახელობის თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი პუშკინის სახელობის თეატრში. არჩილ გომიაშვილი 1990 წელს კომპანია "სითი ბიზნესის" პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

არჩილ გომიაშვილს მექალთანედ იცნობდნენ. მას სამი ოფიციალური ცოლი ჰყავდა, რომანები კი ვინ მოსთვლის... თუმცა, არჩილის ვაჟი, მსახიობი მიშა გომიაშვილი იხსენებს, მამაჩემს დედა მართლა დიდი სიყვარულით უყვარდა, უბრალოდ, დედა მოსკოვში ვეღარ გაჩერდა, რადგან ჩემი უფროსი ძმა თბილისში წამოვიდა, მამას კი იქ მარტო ვინ დატოვებდა? უამრავი ქალი გარს ეხვეოდაო...

ლიანა მანჯავიძე, მიშას დედა, არჩილის მეორე ცოლი გახლდათ. ლიანა და არჩილის და მეგობრები იყვნენ, ერთად მუშაობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ერთხელ დის თხოვნით არჩილი სპექტაკლის პრემიერაზე მისულა. თვალი ვერ მოაცილა ულამაზეს ლიანას. იმ დროს ლიანას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ თავს არავის უყადრებდა. არჩილმა კი მოახერხა და უმოკლეს დროში თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოს თავი შეაყვარა, თან ოც დღეში ცოლობაზეც დაითანხმა.

თურმე არჩილს არ ნდომებია, მისი ვაჟები (ლიანასთან მას ვაჟები ჰყავს) მსახიობები გამხდარიყვნენ. უფროსმა მხატვრობა არჩია, შუათანამაც სხვა პროფესია ამჯობინა, მიშამ კი მსახიობობა გადაწყვიტა. მის გადაწყვეტილებას დედამ დაუჭირა მხარი, მაგრამ არჩილი ეწინააღმდეგებოდა. იგი უმცროს ვაჟს თავისთან, მოსკოვში უხმობდა, უნდოდა, მიშას სარეჟისოროზე ჩაებარებინა... შვილმა მის სურვილს ყურადღება არ მიაქცია და მსახიობი გახდა. მამა ჯიუტად არ ცნობდა შვილს მსახიობად, მაგრამ როცა მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლში "მარადი ქმარი" მთავარი როლი შეასრულა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, სპექტაკლის სანახავად სპეციალურად ჩამოსულმა არჩილმაც ვერ დამალა აღფრთოვანება  და შვილს უთხრა: "მსახიობობა მართლა შენი საქმე ყოფილა და აქ უნდა დარჩე!"  ...და მიშაც "დარჩა".

მიშა ხშირად სტუმრობდა ხოლმე მამას. სიყვარული მასაც არაერთხელ ეწვია და ამის შესახებ პირველად მამა იგებდა ხოლმე.

- მამა, მიყვარს და რა ვქნა, მირჩიე რამე! - ეტყოდა ხოლმე ცნობილ არჩილ გომიაშვილს. ისიც ასე არიგებდა:

- არანაირი თამაში, რეალურ ცხოვრებაში ნუღარ გამართავ სპექტაკლს. იყავი ის, რაც ხარ!

როცა მძიმე სენით დაავადდა არჩილი, მას მიშა გვერდიდან არ მოსცილებია. დედამ, ლიანა მანჯავიძემ ისე განიცადა არჩილის უკურნებელი სენი, რომ ქმარყოფილის სიკვდილამდე გარდაიცვალა.

არჩილი 2005 წლის 31 მაისს გარდაიცვალა.

არჩილ გომიაშვილი საბჭოთა კინოისტორიას შემორჩა როგორც ოსტაპ ბენდერის უბადლო შემსრულებელი. გაიდაის ფილმის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მიუბრუნდნენ რეჟისორები ოსტაპის თემას, ძალიან ნიჭიერმა და ცნობილმა მსახიობებმაც შეასრულეს ბენდერის როლი, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო არჩილ გომიაშვილის დაჩრდილვა.

 

არჩილ გომიაშვილი

არჩილ გომიაშვილი 1926 წელს დაიბადა, ქალაქ ჭიათურაში. თავიდან ხატვით იყო გატაცებული. 1940-42 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ ხელოვნების ტექნიკუმში სწავლობდა. შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-ინტერნატში. სწორედ მაშინ დაინტერესდა თეატრით. მოსკოვიდან ჩამოსული ერთხანს მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, მერე ფოთის თეატრში გადავიდა. მალე ისევ დაუბრუნდა თბილისს და გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში განაგრძო მუშაობა.

(სპეციალურად საიტისათვის)