"ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, ამ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება!" - კვირის პალიტრა

"ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, ამ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება!"

ირაკლი ალასანია: სააკაშვილი გრძნობს, რომ საფრთხე ახლოვდება. ხვდება, რომ ივანიშვილთან სამართლიან არჩევნებში დამარცხდება და ისიც იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა არჩევნებს არ გააყალბებინებს. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს ხელთ არსებული მექანიზმები გამოიყენოს. კერძოდ, განაგრძობს უსაფრთხოებისა და პოლიციის ქვედანაყოფების მობილიზებას, რაც ჩვენი თანამოაზრეების ლამის ყოველდღიურ ზეწოლაში გამოიხატება... მას ხალხის მხარდაჭერის იმედი არა აქვს და ამიტომაც არის მედიას ჩაბღაუჭებული.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციას საზოგადოება მოსალოდნელზე დიდი ინტერესით ელოდებოდა, თუმცა, ივანიშვილის გუნდი სტარტის აღებას მაინც არ ჩქარობს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ამ დაგვიანებას შობა-ახალი წლის დღესასწაულით ხსნის და საზოგადოებას ჰპირდება, რომ იანვრის ბოლოდან მათი მუშაობა გააქტიურდება.

- მიხარია, რომ საზოგადოება სასიკეთო ცვლილებებს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას უკავშირებს. მინდა ყველას ვუთხრა, - ჩვენ ის ძალა ვართ, ვინც იმედს არ გაგიცრუებთ... სხვათა შორის, თანამოქალაქეები ხშირად მეუბნებიან, ამ ხელისუფლების შესაცვლელად სამზადისი დროზე დავიწყოთო. მათი სიტყვები დიდ სტიმულს გვაძლევს, რათა ვიჩქაროთ ნელა...

- ამ ეტაპაზე რა საკითხებზე მუშაობთ?

- ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდსა და იმ საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" ჩამოაყალიბა, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებთ. ვემზადებით საარჩევნო ინფრასტუქტურის შესაცვლელად, აქტიური შეხვედრები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან. ბოლო კვირის განმავლობაში არაერთ რაიონსა და სოფელს ვესტუმრე და იქაურ მოსახლეობას პირადად ავუხსენი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ასე რომ, ჩვენ არ გვძინავს...

- დამეთანხმებით, რომ საჩხერეს თუ არ ჩავთვლით, რეგიონებში, საკმაოდ რთული სამუშაო გელით... მაგალითად, სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

- გეთანხმებით, მართლაც მწირი ინფორმაცია აქვთ. სამაგიეროდ, ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე. ყოველდღიურ ტერორზე რომ არაფერი ვთქვათ, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ყოველთვიურად იხურება საჯარო სკოლები, ბაგა-ბაღები, საავადმყოფოები. მოსახლეობა ხედავს, როგორი განსხვავებულია სახელისუფლებო არხების მიერ ნაჩვენები რეალობა მათ გარშემო არსებულისგან... სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მილიარდი გაუმჭვირვალეა, ანუ ამ თანხას მთავრობა თავის გემოზე ხარჯავს, მაშინ როცა სოფლის მეურნეობა განადგურებულია. მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნა სწორედ მისი აღდგენაა. ჩვენს გუნდს სოფლის მეურნეობის აღდგენის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა აქვს. ბიძინა ივანიშვილმა იცის, როგორ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და იმედია, ქართველი საზოგადოება მას დააფასებს.

- რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმა ტელეეთერია, რომელიც ჯერჯერობით არა გაქვთ.

- ამიტომაც ვაკეთებთ აქცენტს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და გრძელვადიან მედიამონიტორინგზე. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკულ მედიაჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პარალელურად, ჩვენ, პირადად მე, ვაპირებ, ყველა რეგიონი და სოფელი შემოვიარო და მათ ჩვენი სამოქმედო გეგმა გავაცნო. სააკაშვილი გრძნობს, რომ საფრთხე ახლოვდება. ხვდება, რომ ივანიშვილთან სამართლიან არჩევნებში დამარცხდება და ისიც იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა არჩევნებს არ გააყალბებინებს. ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს ხელთ არსებული მექანიზმები გამოიყენოს. კერძოდ, განაგრძობს უსაფრთხოებისა და პოლიციის ქვედანაყოფების მობილიზებას, რაც ჩვენი თანამოაზრეების ლამის ყოველდღიურ ზეწოლაში გამოიხატება.

ამ რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლში მცხოვრები პედაგოგი ია ბჟალავა VI საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს.…უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია...

- ჯერ კიდევ გაურკვეველია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საზოგადოების, თუნდაც იმ ადამიანების აქტიურობა უნდა გაიზარდოს, ვისაც ბატონი ივანიშვილი წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა?

- ქართველი საზოგადოება ამ მოთხოვნას ისე კატეგორიულად აყენებს, რომ სააკაშვილს სამართლებრივად არა აქვს უფლება ბატონ ბიძინას მოქალაქეობა არ აღუდგინოს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძლევს მაშინ, როცა, ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასაც არ ერიდება?

- მათმა ქმედებებმა უკვე კომიკური ხასიათი მიიღო, მაგრამ ამით რეალობას ვერ დაემალებიან, განაჩენს მაინც საზოგადოება გამოიტანს. ბოლო წლებმა გვასწავლა, რომ სააკაშვილს კანონი არაფრად მიაჩნია. მისი გუნდი ყოველთვის ირგებს თავის თავსა და ტანზე კონსტიტუციას. ასე რომ, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ივინაშვილის დასასუსტებლად სპეციალურ კანონებს იღებენ?! საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი პირდაპირ ჩაატარებდა არჩევნებს და ამით დაამტკიცებდა თავის ძლიერებას, მაგრამ მას ხალხის მხარდაჭერის იმედი არა აქვს და ამიტომაც არის მედიას ჩაბღაუჭებული.

- რამდენიმე პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის გადაწყვეტილება არაადეკვატური ნაბიჯია. ირაკლი ბათიაშვილმა ქუჩის აქციებზე უარის თქმას შეცდომა უწოდა.

- ამაზე ქართველმა საზოგადოებამ უკვე გასცა პასუხი და ირაკლის ვურჩევ, მაისის მოვლენები გაიხსენოს, როცა აქციის უამრავი მონაწილე დასახიჩრდა. ქუჩის აქციები თვითმიზანი არ არის. პირველად ქართულ პოლიტიკაში, საკუთარი თავი და საერთაშორისო თანამეგობრობა დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლების არჩევნების შეცვლის რესურსი გვაქვს. ამ პროცესში ვითარების გამწვავება და ქუჩის აქციები საჭირო იქნება თუ არა, ამას სიტუაცია გვიჩვენებს.

- ქართულ ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა "ქართული ოცნების" ფინანსური ანგარიში, თუ ვის რა თანხას უხდის ბიძინა ივანიშვილი. მონაცემების მიხედვით, 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის თინა ხიდაშელი 20 ათასს, დავით ზურაბიშვილი კი 10 ათას ლარს იღებენ. ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, თუ რა დამსახურებისთვის უხდიან მათ ამხელა თანხა.

- ასეთი ფაქტებით ხელისუფლება ფოკუსის სხვა რამეზე გადატანას ცდილობს. ეს თანხა ამ ადამიანებს, წინასწარ, წლიური ავანსის სახით გადაუხადდეს, რადგან ხელისუფლება დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთ კაბალურ კანონს იღებდა. გარდა ამისა, როცა კერძო პირი საკუთარ თანამშრომლებს გასამრჯელოს უხდის, მისი საქმეა რამდენს გადაუხდის. ჩემთვის და სხვებისთვისაც ის უფრო საინტერესო უნდა იყოს, თუ რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან. არავინ იცის და რატომღაც არც ინტერესდებიან, რაში იხარჯება მილიარდ-ნახევარი, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ გახარჯულ ყოველ თეთრზე გაცხოველებული ინტერესია. ახლახან ვიყავი შიდა ქართლის ოკუპირებული ზონის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში, მერეთში, ტყვიავსა და კიდევ რამდენიმე სოფელში. ყინვამ და უამინდობამ 50 სოფლის მცხოვრები მოსავლის გარეშე დატოვა, მაგრამ ამის შესახებ ხელისუფლება კრინტსაც არ ძრავს.

- მართალია, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაინც გკითხავთ: სპეციალისტები ბოლო დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოსაგვარებლად მათთვის ავტონომიების მინიჭებას მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოხვალთ, კონფლიქტების მოგვარების რა გზას აირჩევს თქვენი გუნდი?

- ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, - ამ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. რაც შეეხება ავტონომიებს, პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე ნებისმიერი შეთანხმება მოლაპარაკებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მთელ მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარების გასაღები ეკონომიკაშია. ჩვენ, ქართველები, აფხაზებისა და ოსებისთვის მიმზიდველი უნდა ვიყოთ. ომის შემდეგ წლები გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით აფხაზეთში საკმაოდ კარგი კონტაქტები მაქვს და სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია. 2005-06 წლებში სააკაშვილმა ეს რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, მაგრამ მისი წასვლისთანავე ჩვენ ამ შანსს გავაჩენთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)