"დილას ხალხური სიმღერის მოსმენით ვიწყებ" - ვინ ხელმძღვანელობს "ახალი ბანას გუნდს"
5 ოქტომბერი "ახალი ბანას, ვაჟთა ახალგაზრდული გუნდის" დაბადების დღეა. დაარსებიდან 2 წლის თავზე, ანსამბლი უკვე ბევრმა გაიცნო. სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდები ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და ქართულმა საეკლესიო გალობამ გააერთიანა. მიზანიც და მისიაც ერთი აქვთ: ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის პოპულარიზაცია, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. კონცერტის სახით გუნდის პრეზენტაცია და მსმენელთან პირველი შეხვედრა "ქალაქის თეატრში" შედგა. სატელევიზიო ეთერებისა და რადიოგადაცემების მეშვეობით, ბიჭები საზოგადოების უფრო დიდმა ნაწილმა გაიცნო. "ახალი ბანას გუნდს", 21 წლის შატო კუბათაშვილი ხელმძღვანელობს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ბავშვობაში სპორტის რამდენიმე სახეობა ვცადე: ფეხბურთი, ცურვა, მაგრამ ერთხელაც, კიდევ ერთხელ რომ მირჩიეს, სიმღერის ნიჭი გაქვს და იქნებ სცადოო, მეც დავინტერესდი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. მახსოვს, 2013 წლის ზამთარში დავჯექი და 11 წლის ბავშვმა ინტერნეტში ფოლკლორული ანსამბლების ძიება დავიწყე..."
"ბოლო რამდენიმე წელია ხაშურში, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ამჟამად ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ტაძრის, მრგვალი მონასტრის ანალოგია. ჩვენ სამომავლოდ ამ ტაძრის მგალობელთა გუნდად მოვიაზრებით..."
"ჩემთვის ქართული სიმღერა ისეთი ფენომენია, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება და მასზეა დამოკიდებული. დილას გაღვიძებისთანავე, ხალხური სიმღერის მოსმენას ვიწყებ და ასე გრძელდება დღის ბოლომდე..."
"მუსიკალური სფეროს გარეშე ჩემს თავზე ვერ ვფიქრობ. შესაძლებელია ჩემი ცხოვრება ხალხური სიმღერის მიმართულებით არ განვითარებულიყო, კლასიკური მუსიკა მეცადა, მაგრამ ალბათ ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი, როგორც დღეს და ახლა ვარ. მრავალთა შორის, ქართული ხალხური და საეკლესიო გალობის მიმართულება ყველაზე მეტად მაინტერესებს და დიდი ოცნებაა, რომ ამ კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან აგურს ვდებდე მომავლისთვის..." სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე