"ივანიშვილი ნაპოლეონი არ არის" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ნაპოლეონი არ არის"

ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო მარათონია. რესპუბლიკელთა პირველ პრაიმერში მიტ რომნიმ გაიმარჯვა, რომლის  პროგრამაშიც საქართველოს საკითხს მცირე ადგილი უკავია. ამაზე სპეციალური სტატია ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: "რომნის საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში რუსეთსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს მხოლოდ ოთხი პარაგრაფი ეთმობა. საინტერესოა ქართული საკითხის მიჩუმათება. ხომ არ შეიძლება ეს იმის ნიშნად მივიჩნიოთ, რომ საქართველოს ვარსკვლავი ამერიკელ რუსოფობებს შორისაც კი ეშვება, ხოლო საქართველოსა და სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერა პოლიტიკური მარცხის ტოლფასია?" არის თუ არა ეს ვარაუდი საფუძვლიანი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

- მე ასე არ ვფიქრობ. ამერიკაში არსებობს პოლიტიკური ტრადიცია იმისა, რომ პრაიმერიდან პრაიმერამდე კანდიდატის პროგრამის პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს. როგორც წესი, არ იცვლება ხოლმე ფუნდამენტური საკითხები. მესმის ამგვარი ვარაუდის მიზეზებიც. საქმე ისაა, რომ საქართველოს თაობაზე რესპუბლიკელები ყოველთვის მეტს ლაპარაკობენ ხოლმე, ვიდრე დემოკრატები, მაგრამ დღეს ამერიკაში არსებული საკმაოდ რთული შიდაეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ნუ დაველოდებით, რომ კანდიდატები საქართველოზე ლაპარაკით დაიწყებენ და დაასრულებენ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას.

- საარჩევნო მარათონი დაიწყო საქართველოშიც. ჩვენთანაც ლამის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ჩვენი არჩევნების ბედზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხოლმე დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. რა იქნება ამჯერად?

- გეთანხმებით, რომ ყველა არჩევნებისას მნიშვნელოვანი იყო ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულება, მაგრამ არჩევნების შედეგებზე ამას არსებითი გავლენა თითქმის არასდროს მოუხდენია, იმის მიუხედავად, არჩევნები კარგად ტარდებოდა თუ ცუდად. უცხოელი დამკვირვებლები შეიძლება ლაპარაკობდნენ დარღვევებზე, მაგრამ ეს მთლიანობაში მიღებულ სურათს არ ცვლიდა. დღეს აშკარაა, რომ ევროპელები და განსაკუთრებით ამერიკელები მიანიშნებენ, რომ აღარ აპირებენ იმაზე თვალის დახუჭვას, რაზეც აქამდე ხუჭავდნენ. ისინი გაცილებით დიდი გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესებსაც და არჩევნების მიმდინარეობასაც როგორც 2012, ასევე 2013 წელს. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მათი პოზიცია არჩევნების შედეგებს ამჯერადაც არსებითად ვერ შეცვლის.

თუმცა აქ მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ორი ფაქტორი. პირველი, თუ რამდენად ეცლება ამერიკას და ევროპას საქართველოსთვის და მეორე, თავად საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს ამერიკაც საარჩევნო პროცესშია, ობამას თავისი გასჭირვებია. ამერიკული პრესა უკვე ძალიან მკაცრად აკრიტიკებს მის საგარეო კურსს. ასევე წელს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება არჩევნები და თანაც თითქმის არსად მმართველ პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია არა აქვს, ანუ ფაქტია, რომ ყველა თავისი შიდა პრობლემებით იქნება დაკავებული. როგორც უკვე ვთქვი, უმნიშვნელოვანესი იქნება პროცესების მიმდინარეობა საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა და ხელისუფლების საკანონმდებლო ცვლილებებმა უკვე დასავლეთის დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია და რას - ხელისუფლება.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებით უნდა ეშინოდეს თავისი ენთუზიასტი მომხრეების, უფრო სწორად, სულელურად ენთუზიასტებისა, რომლებიც სუპერკომკავშირული აქტიურობით ხშირად საქმეს აფუჭებენ. ვურჩევ ხელისუფლებას, ეს ხალხი მოთოკოს. ვგულისხმობ ჩინოვნიკებსაც და ზოგიერთ ახალგამომცხვარ არასამთავრობო ორგანიზაციასაც, მაგალითად ისეთს, დილით რომ დაარსდება და მის ხელმძღვანელს საღამოს უკვე დავით პაიჭაძე იწვევს გადაცემაში. ე. წ. "სუფთა პოლიტიკას" ვგულისხმობ. ეს სახელწოდება ან დემაგოგიაა, ან სრული დილეტანტიზმი. სად უნახავთ მსოფლიოში კრისტალურად სუფთა პოლიტიკა?  ვფიქრობ, ხელისუფლებას აქვს საკმარისი მხარდაჭერა ქვეყანაში და არ სჭირდება დემაგოგებისა და დილეტანტების აქტიურობა.

ვფიქრობ, არც ის საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებოდა, რაც გაატარა და რასაც ამხელა რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ რას ვიზამთ, პოლიტიკური კულტურა საკმაოდ დაბალი გვაქვს და ამგვარი გადაწყვეტილებებიც ამის ბრალია. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა უხაროდეს ხელისუფლებას, რომ ძლიერი ოპოზიცია ჰყავს, მაგრამ დემოკრატიამდე ბევრი გვაკლია. ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, მაგრამ არ დაიშლება და შემდეგ არჩევნებს ისევ მოიგებს. აი, ამგვარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ნორმალურ ქვეყნებში, ეს ნიკარაგუამაც კი მოახერხა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ის დაქსაქსულია. გამოჩნდა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სასტიკად უპირისპირდება ერთმანეთს, მაგალითად, ნათელაშვილმა ივანიშვილის ლანძღვაში ყველას აჯობა. გარდა ამისა, თვითონ ბიძინა ივანიშვილის მიმართაც მეტად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ეს მისი გამოჩენისთანავე ვთქვი და ლანძღვაც დავიმსახურე. მან მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია ჯერ ვერ დაგვანახა. თანაც ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯებს საკმაოდ მოუმზადებელი ხვდება. არადა, ეს მაინც ხომ უნდა ჰქონდეს გათვლილი. ნაპოლეონი ამბობდა, ჯერ ბრძოლაში შევალ და შემდეგ შექმნილი ვითარების მიხედვით ვიმოქმედებო. ივანიშვილი ნაპოლეონი არ არის. ამიტომაც ოპოზიციას სასწრაფოდ სჭირდება სწორი ტაქტიკა და სტრატეგია, მას მუდმივად ამომრჩევლის მაჯაზე უნდა ედოს ხელი, უამისოდ მისი კრახი გარდაუვალია.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)