გაამაგრე გუდიაშვილი - კვირის პალიტრა

გაამაგრე გუდიაშვილი

ალბათ, არც არაფერი მოხდებოდა, მერიას კიდევ ერთი უპრეცენდენტო (ამ სიტყვის სრული გაგებით) პროექტი არ დაეწყო: „გავარემონტოთ გუდიაშვილის სკვერიო“. არადა, თბილისის უბნების აღდგენა-გარემონტების ისეთი გამოცდილება გვაქვს, იუნესკო აღფრთოვანებული გვეუბნება, ვერ შეგიყვანთ დაცულ ძეგლებში, თქვენ რაღაც უფრო დიდ და გრანდიოზულში შესვლას იმსახურებთო.

ისე კი, რაღა სკვერს მიაწყდნენ, ცოტა იყო ირგვლივ გასარემონტებელ-გასაახლებელი? გარშემო მდგარ სახლებთან ჩურჩულით და ფეხაკრეფით თუ არ ჩაიარე, ის ორი შეყუდებული ფიცარი რყევას ვეღარ გაუძლებს და კედლები სულ თავზე ჩამოგეშლება, ალბათ. თუმცა, ენამ არ მიყივლოს, ემანდ მაგ სახლებსაც „ახალი სიცოცხლე“ არ შთაბერონ და სანაცვლოდ 50-სართულიანი ცათამბჯენები არ წამოჭიმონ.

ხუმრობა იქით იყოს და, გუდიაშვილის ბაღის დასაცავად გამართულ პირველ აქციაზე ალექსანდრე ელისაშვილი ამბობდა,   „ორასწლიანი ისტორიის მქონე მოედნის დანგრევას აპირებენ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ორას წელს საერთოდ ვერ ითვლისო“. ძველი ყოფილა ბატონო, რატომ აქამდე არ დაანგრიეს! გაგონილა სუპერთანამედროვე ქალაქში ეგეთი „ბებერი“ ადგილები იყოს? რას იტყვიან ტურისტები? რას იტყვის ევროპა? და საერთოდ, რას ვეტყვით ჩვენ ჩვენს შთამომავლობას? - წადით, ბავშვებო, გაისეირნეთ ნიკოლოზის დროინდელ 200 წლის სკვერში თუ აგერ, რამდენიმე წლის წინ აგებულ სუპერ-პუპერ თანამედროვე მოედანზე ითამაშეთო? რომელი ჯობია?

თან ჩვენ ხომ ევროპისკენ მივისწრაფით, იმ ევროპისკენ, დუბაი და სინგაპური რომაა. მაგ „ევროპას“ კიდევ მხოლოდ სიახლეები სჭირდება, სიახლეები და არაფერი სიახლის გარდა. შუშები, ამ შუშებში ნათურები, მობრტყელებულ-მოპრიალებული კედელ-იატაკი და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სულ ახალთახალაშენებული, ზიზილა!

ჰოდა, მითხარით, ვიღას სჭირდება ამის შემდეგ გუდიაშვილის სკვერისმაგვარი არქაული გარდმონაშთები? რა დროს ისტორიული ძეგლებია, ან ვის რაში აინტერესებს ქალაქის არქიტექტურული იერსახის მრავალფეროვნება? ვის რაში არგია ის ადამიანები, იქვე რომ ცხოვრობენ და ეს სკვერი მათთვის დასვენებისა და ერთმანეთთან ურთიერთობისთვის საუკეთესო საშუალება? თან, წარმოგიდგენიათ, გუდიაშვილის სკვერს ლამის საცხოვრებელ ადგილთან აიგივებენ! იმ აქციაზე ერთმა ხნიერმა კაცმა ისიც კი თქვა, „მე აქ უნდა დავიმარხოო“! რა სენტიმენტებია, ღმერთო ჩემო, ოცდამეერთე საუკუნეა, საქართველოს არნახული პროგრესის ხანა უდგას!

ახლა კიდევ აპირებენ, ყოველკირეულად დავიკავოთ ეს მოედანი და სიმბოლური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გავმართოთო. აი, ვინ უშლის პროგრესს ხელს! რაღა დროს ქუჩის აქციებია, არ იცით, რომ თითოეული ასეთი გამოსვლა ქვეყანას 30 წლით უკან სწევს? კიდევ კარგი, რომ მსოფლიოს განვითარებით 120 წლით ვუსწრებთ თორემ ხომ დაგვენგრეოდა თავზე ამდენი წლის ნაშრომ-ნაღვაწი. და ვის გამო? ვიღაც სამოქალაქო აქტივისტების, ქალაქის იერსახის შეცვლა რომ აწუხებთ და ისტორიულ ძეგლებზე ღელავენ.

ჰოდა, იმას ვამბობდი, ალბათ, არც არაფერი მოხდებოდა, მერიას კიდევ ერთი უპრეცენდენტო (ამ სიტყვის სრული გაგებით) პროექტი არ დაეწყო მეთქი. ამის გამო მოხდა ის, რომ  საზოგადოება ერთი პატარა, ვიღაცისთვის უმნიშვნელო, ბევრისთვის კი უმნიშვნელოვანესი სკვერის გადასარჩენად შეიკრიბა. ამ კვირასაც შევიკრიბებით და საქართველოს კიდევ 30 წლით უკან დავწევთ.

დაე.