სომეხთა მასობრივი წამოსვლა ყარაბაღიდან, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს - კვირის პალიტრა

სომეხთა მასობრივი წამოსვლა ყარაბაღიდან, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს

ამერიკულმა კომპანიამ Maxar Technologies გამოაქვეყნა ხელოვნური თანამგზავრით გადაღებული ფოტოები, რომელშიც ასახულია გრძელი საავტომობილო რიგები მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ აზერბაიჯანის წინაშე ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა, სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა ყარაბაღის მასობრივი დატივება დაიწყეს. ფოტოები ლაჭინის კორიდორშია გადაღებული.

1-1695800847.jpeg

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 28 ათასზე მეტმა ადამიანმა. სულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 120 ათასი სომეხი ცხოვრობდა და არსებული ინფორმაციით, მათი უდიდესი ნაწილი სომხეთში გამგზავრებას აპირებს. სომხეთის ხელისუფლება სასწრაფო ზომებს იღებს, რათა ამდენი ხალხი დააბინაოს.

მანამდე ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალებმა იარაღი და მძიმე ტექნიკა ჩააბარეს კომისიას, რომელშიც აზერბაიჯანელები და რუსები შედიან. ამასთან, აზერბაიჯანის არმია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეშუ უკვე შევა ე.წ. მთიანი ყარაბაღის "დედაქალაქ" სტეპამაკერტში(ხანკენდი) და ამით დასრულდება ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ისტორია.

პარალელურად, ერევანში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის ნაწილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს ღალატში და თანამემამულეების ბედის ანაბარად მიტოვებაში ადანაშაულებს.

2-1695800873.jpeg

3-1695800895.jpeg