30 წლის განმავლობაში "გაყინული" ტრაგედია - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის თვალით დანახული სოხუმის დაცემა
როდესაც ჟურნალისტს ეს ყველაფერი შენი თვალით გაქვს ნანახი და თავის თავზე გამოცდილი, ამაზე დაწერა თითქოს უფრო ადვილი უნდა იყოს, მაგრამ ამასთანავე ბევრად ძნელია, რადგან თვალწინ ჩაგიელვებს სოხუმის ბოლო დღეების ბრძოლები, წაგებულის და თავჩაქინდრულის გადმოსვლა კოდორის უღელტეხილზე, სახლში შენების გახარება ორკვირიანი დაკარგვის შემდეგ...
დღეს, 2023 წლის 27 სექტემბერს 30 წელი შესრულდა იმ 1993 წლის 27 სექტემბრიდან, როდესაც სოხუმი დავკარგეთ და სამიოდე დღეში აფხაზეთის დატოვებაც მოგვიწია...
დროებით დატოვება - ეს განცდა ცოცხლობს და იცოცხლებს, რადგან მსოფლიოს ისტორიაში ომით დაკარგულს ძირითადად ისევ ომით იბრუნებდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმაც კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, იმ აზერბაიჯანმა, რომელიც საქართველოზე ბევრად რთულ სიტუაციაში გახლდათ, ბევრად მძიმე მარცხით იწვნია, მაგრამ 29 წლის შემდეგ მაინც აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა...

საქართველოს კი ჯერ ეს არ „ემუქრება“...
განვლილი 30 წლის განმავლობაში განხორცელებული რამდენიმე მცდელობა, ძალის გამოყენებით როგორმე დაგვებრუნებინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი მაინც, 1998, 2001, 2004 და 2008 წლებში კრახით დამთავრდა...
ალბათ იმიტომ, რომ ამ საქმიდან თავიდანვე არაფერი გამოვიდოდა, რადგან რეალურ მოწინააღმდეგეს მარტო ოსი და აფხაზი სეპარატიტების ლიდერები კი არ წარმოადგენდნენ, არამედ მოსკოვის კრემლის ის ბინადრები, რომელთა სპეცსამსახურებიც თავად აგულიანებდნენ საქართველოს სხვადასხვა დროის ხელისუფლებაში მყოფ თავიანთ „გავლენის აგენტებს“-მიაშვებინეთ ქართული არმია ცხინვალსა და სოხუმზე, დაე დიდ ბრძოლებში ჩაერთონ და მერე რუსეთმა იცისო...
აზერბაიჯანის სტრატეგიის გასამეორებლად, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, საქართველოს დღეს არც საამისო უზარმაზარი ფინანსური რესურსები აქვს, არც ამ რაოდენობის არმია ჰყავს და არც ასეთი მრავალფეროვანი და თანამედროვე შეიარაღება აქვს, მაგრამ რაც უმთავრესია, ჩვენ მაშინვე რუსეთი დაგვიპირისპირდება, ის რუსეთი,რომელმაც ფაქტობრივად დასტური მისცა აზერბაიჯანს, ძალის გამოყენებით დაეწყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2020 წლის 27 სექტემბერს და დაესრულებინა 2023 წლის 27 სექტემბრისთვის...
ისე,მართლაც უცნაური დამთხვევაა - თუკი საქართველოსთვის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, აზერბაიჯანისთვის ეს თარიღი დიდი გამარჯვების მაუწყებელია...
და, სტატიის ბოლოს, მინდა გავიხსენე 30 წლის წინანდელი ჩემი ემოციები, როდესაც 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მდინარე მაჭარკის ხიდს ვიცავდით, საიდანაც გზა კოდორის ხეობისკენ მიდიოდა და რომელიც ათი ათასობით დევნილის ერთადერთ „გადარჩენის გზად“ იქცა...
...დილით, მაჭარკის ხიდის მორიგეობიდან მოვიხსენით და ორნი ზღვისკენ წავედით ხელ-პირის დასაბანად. ორღობეში მალულად რამდენიმე სიმინდის ტარო მოვტეხე, მაგრად გვშიოდა - რა ჩუმად ტეხავ სიმინდს, ხალხი სასახლეებს ტოვებს, ვიღას ახსოვს სიმინდიო, - დამცინა თანმხლებმა.
ჩავედით ზღვის პირას, ხელ-პირი დავიბანეთ, თან ზღვის სიღრმეს დაფიქრებული დავცქეროდი, - რა გველის წინ? გადავრჩებით?
მოულოდნელად ჰორიზონტზე შვიდი წერტილი შევამჩნიე.
ვხედავ, საკმაოდ სწრაფად მოცურავენ. წერტილები იყოფა, ხუთმა სოხუმისკენ "გადაუხვია", ორმა კი პირდაპირ ჩვენსკენ აიღო გეზი.
გადის მცირე დრო და ჩვენს წინ ორი უზარმაზრი სამხედრო ხომალდი აღიმართა. ორივე პლაჟზე ჩავიმალეთ, ავტომატები გადავტენეთ - აი, ის რისიც გვეშინოდა,მოწინააღმდეგე საზღვაო დესანტს გადმოსხამს კოდორისკენ მიმავალი გზის ჩასახერგად და სოხუმის ორმაგ ალყაში მოსაქცევად!
მართლაც, პლაჟზე ჯერ ერთი ხომალდი ამოდის სანახევროდ, მერე უკან გადის და მეორეს უთმობს ადგილს. მეორემაც ცხვირი ამოჰყო, ვცნობ, შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდია - აღებს აპარელს, საიდანაც ორი ჯავშანტრანსპორტიორი „ბტრ-80“ (საზღავაო დესანტის ვარიანტი) გადმოდის, აქეთ-იქით დგებიან და ტყვიამფრქვევიან კოშკურებს დასაშინებლად ატრილებენ.

ჯავშანტრანსპორტიორებს რუსი საზღვაო მედესანტეების ოცეული გადმოყვა და თავდაცვის პოზიციები დაიკავა.
რა ვქნათ? ვესროლოთ? ჩვენებს ხიდზედ უკვე ეცოდინებათ საზღვაო დესანტის შესახებ, რადგან ამ უზარმაზარი ხომალდების შემოსვლას ყველა ხედავდა, უბრალოდ, ჩვენზე ახლოს დესანტის გადმოსხმის ადგილზე არავინ იყო...
თავი შევიკავეთ სროლისგან და...მოვიგეთ - თურმე შეთანხმების თანახმად ამ სადესანტო ხომალდებს იძულებით დევნილები უნდა გაეყვანათ სამშვიდობოზე.
ადვილი წარმოსადგენია რა სისულელეს ჩავიდენდით ცეცხლი რომ გაგვეხსნა - ჩვენ კი მალევე "ჩაგვაჩუმებდნენ", მაგრამ უარესი ის იქნებოდა, დევნილების ევაკუაცია თუ მთლიანად არ ჩავშლიდით, სერიოზულად შევაფერხებდით...
საფარიდან გამოვედით, ხალხში შევერიეთ.მოულოდნელად ვიღაც გადამეხვია - ცოცხალი ხარ, ირაკლი! - კოლეგა ჟურნალსტები აღმოჩნდნენ. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა.
აქ რას აკეთებ? შენ ხომ ჟურნალისტი ხარ, წამოდი, რუსების ეს ხომალდი ფოთში უპრობლემოდ ჩაგვიყვანს, იქიდან კი თბილისში დაბრუნება რაღა პრობლემაა, - დაჟინებით მთავაზობდნენ კოლეგები.
მართლაც, რაღას ვაკეთებ ახლა აქ? თუკი ჟურნალისტი ვარ, მაშინ ვალდებულება მაქვს უკვე მოპოვებული მდიდარი მასალა, რაც შეიძლება მალე ჩავიტანო რედაქციაში, რათა მკითხველმა თვითმხილველი ჟურნალისტისგან დროულად გაიგოს იმ ტრაგედიის დეტალების შესახებ, რაც სოხუმის დაცემას უძღოდა წინ, - შემიჩნდა ეშმაკი.
კი მაგრამ, შენ იარაღი აიღე ხელში და ბიჭებთან ერთად ხიდსა და გზას იცავ! - მეუბნება სინდისი.
ავტომატი ხომ შენი არ არის, დაუბრუნე პატრონს, ჩაჯექი ხომალდში და დაუბრუნდი ოჯახს, რომელიც ერთი კვირაა დაკარგულად გთვლის, რაც შეგეძლო გააკეთე, შენ სახლში დაბრუნება დაიმსახურე... - უკან არ იხევს ეშმაკი, მაგრამ...
გაოგნებული ვუყურებდი, როგორ დაიხურა აპარელი. სადესანტო ხომალდმა უკან სვლა დაიწყო, ზღვაში გავიდა და გეზი ფოთისკენ - გადარჩენისკენ აიღო, კოლეგა ჟურნალისტები დასამშვიდობებლად ხომალდის გემბანიდან ხელს მიქნევდნენ...
დავრჩი. მაშინ არ ვიცოდი, წინ რა მელოდა,კოდორის ხეობის 42 კმ-ის ფეხით გადავლისას საკენიდან ჭუბერამდე და მერე უკან ისევ საკენში შვეულმფრენით დაბრუნებისას...
მაგრამ მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან მაშინ ეშმაკს არ დავუჯერე - ხომალდზე არ ავედი, ეს ჩემი პატარა პირადი გამარჯვებაა, რომლითაც ყოველთვის ვიამაყებ...