ფოტოგალერეა: აფხაზეთიდან დევნილთა ურთულესი გზა ჭუბერის უღელტეხილზე - კვირის პალიტრა

ფოტოგალერეა: აფხაზეთიდან დევნილთა ურთულესი გზა ჭუბერის უღელტეხილზე

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედია მოხდა - სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემას კი უამრავი ადამიანის დაღუპვა, დევნილობა, უსახლკარობა, შიმშილი და ვინ იცის კიდევ რამდენი გასაჭირი მოჰყვა...

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

1993023cj-1695809245.jpeg.jpg

1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს.

1993023bj-1695809245.jpeg.jpg

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

აფხაზეთიდან დევნილების უდიდესმა ნაწილმა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლა ჭუბერის უღელტეხილის გავლით მოახერხეს. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯონ ჯონსმა კი საქართველოს ისტორიას საოცარი კადრები შემოუნახა - როგორ გადიან ურთულეს გზას ჭუბერის უღელტეხილზე დევნილები.

ჯონ ჯონსი ქართველ დევნილებს სვანეთის მთებში გაჰყვა და მისმა კამერამ ჭუბერზე გადასვლის ტრაგიკული რეალობა ასახა. ჯონ ჯონსის ფოტოების ამ არაჩვეულებრივმა კოლექციამ 1993 წელს World Press Prize -ის ჯილდო მიიღო.

ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტოგალერეა: აფხაზეთიდან დევნილთა რთული გზა ჭუბერის უღელტეხილზე