კაცო, ეს კუტუნიოა? - კვირის პალიტრა

კაცო, ეს კუტუნიოა?

ზაფხულის მშვენიერი დღე იდგა, რომელიც ლოგიკურად დაღამდა. ცივილიზირებული სამყაროსათვის უჩვეულოდ, ჩვენთვის კი ჩვეულებრივად გადაჭედილია დედაქალაქის მთავარი მოედანი. არა, ამჯერად, არავის გადადგომას ითხოვენ. უბრალოდ, დღეს თბილისს ტოტო კუტუნიო ეწვია.

როგორც ყოველთვის ხდება, მომღერლის ქარიზმამ თუ დიდმა თავყრილობამ, დამსწრე პუბლიკა ეგზალტირებულ მასად აქცია. გულაჩუყებულმა ტოტომ იქვე შეგვიქო „სილამაზე ქართული“ და „სულიკოც“ გვისახსოვრა. მეორე დღეს დაგვტოვა. თან წაიღო, რამდენიმენულიანი ჰონორარი და ტკბილი მოგონებები საქართველოზე, რომელიც აფრენისთანავე დაავიწყდა.

გამოხდა ხანი. კუტუნიო და საქართველო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობას განაგრძობდნენ, მაგრამ აი, ხელვაჩაურში, ჩემი პრეზიდენტის მიერ გახსნილ სამკერვალო ქარხანაში, მკერავმა მაყვალამ მიშას კუტუნიოს კონცერტი გაახსენა. მიშა დაპირდა, რომ მას კუტუნიოს აჩვენებდა და რადგან ჩემი პრეზიდენტი პირობას ყოველთვის ასრულებს, მაყვალამ კუტუნიო ნახა.

ძალიან მალე, რიგით მეორე კონცერტი ბათუმში გაიმართა. მაშინ მომღერალმა, მკერავი მაყვალას „ჩაზასვის“ (თუ გასათხოვარი იყო, ვეღარასოდეს გათხოვდებოდა და თუ გათხოვილი, ალბათ, შესაბამისი იარლიყით გააგდებდნენ სახლიდან) შემდეგ, სცენაზე რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა „კაცი“ და ბოლოს ეგზალტირებულ მასას განუცხადა, რომ მომდევნო სიმღერას კაცებს უძღვნიდა. ბუნებრივია, ამაში არაფერია გასაკვირი, რომ არა იტალიური ენის ეშმაკობანი, რომლის მიხედვითაც, სიტყვა „კაცო“, ერთი ინტიმური ადგილის ყველაზე უხამსი სახელია. ამბობენ, რომ ამ შემთხვევას მცირე ინციდენტი უძღოდა წინ: როცა კუტუნიო ჩამოვიდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იცი კუტუნიო რას ნიშნავსო და იქვე განუმარტეს, რაც, ალბათ, სასიამოვნოდ არ უნდა დარჩენოდა და, მოგეხსენებათ, წყენამ გულში ჩარჩენა იცის.

ამ ორი ვიზიტის შემდეგ, კუტუნიოს ისე გავუშინაურდით, რომ 2012 წელს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ქართულ მაიამიდ წოდებული ბათუმი კი არ ვაჩვენეთ, აქვე, ორღობეში მივაწოდეთ მიკროფონი. ორღობე პირობითად, თორემ განახლებული, ახალი სტანდარტებით მოწყობილი გლდანის პარკი, როგორც ამბობენ, თავისი ულტრათანამედროვეობით, დისნეილენდს სჯობნისო.

თუ არ ვცდები, ნინო სურგულაძე იხსენებდა თავის შეხვედრას სოფი ლორენთან, რომელსაც ვერაფრით გააგებინა, რომ საქართველო რუსეთი არ იყო. ქართველი მომღერალი მაშინ ძალიან გაბრაზებულა, თუმცა სიმართლეს თუ თვალს გავუსწროებთ, არამარტო იტალიაში, მსოფლიოს მოსახლეობის იმ მცირე ნაწილის უმრავლესობას, რომელსაც საქართველოს სახელი რამეს ეუბნება, ჩვენი ქვეყანა რუსეთი ჰგონია.

სავარაუდოდ, ეს სტიგმა მოქმედებდა გაყინული სახელგანთქმული მომღერლის ცნობიერებაზე, როცა ტოტო კუტუნიომ გლდანის პარკის ულტრათანამედროვე სცენიდან არც მეტი, არც ნაკლები, ქართველ ქალებს: ირინას, ნატაშას, ლუდმილას და სხვებს მშვენიერი სიმღერა უძღვნა. უძღვნა და თან ისე, რომ დამსწრე საზოგადოებიდან პროტესტიც კი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ტოტო კვლავ აფრინდა ჰაერში, კვლავ წაიღო რამდენიმენულიანი ჰონორარი, კვლავ აფრენისთანავე დაავიწყდა მსოფლიოში სახელგანთქმული ქერა ნატაშები, ვერაჩკები და ირინოჩკები. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, ეს მისი უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში. უკანასკნელი არა იმიტომ, რომ იმდენად არ აინტერესებდა სად მღეროდა, ელემენტარული, ისიც კი არ გაიგო, რა სახელებს არქმევენ ქალებს საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ სიმღერები ჩვენი ჩრდილოელი მტრის ქალებს მიუძღვნა.

თუმცა, ოდესმე, თუ ვინმე დაინტერესდება და კუტუნიოს ამ „ინციდენტის“ შესახებ ჰკითხავს, ალბათ, მომღერალი თავს იმით გაიმართლებს, რომ რომ გეოგრაფია არასოდეს უყვარდა.