მესამე საბანკო ალტერნატივა ქართულ ბაზარზე - როგორ ვითარდება საბანკო სექტორი საქართველოში
საბანკო სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, რომელიც განვითარებადი ქვეყანაა, საბანკო სექტორი, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.
ქვეყანაში კომერციული ბანკის საქმიანობა მე-19 საუკუნეში დაიწყო და მას საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს. ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ საჭირო იყო საბანკო სექტორის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარება, რომ ქვეყანა გაძლიერებულიყო და კეთილდღეობის მაღალ დონეს მიეღწია. ბანკების არსებობისა და განვითარების მნიშვნელობას ჯერ კიდევ მაშინ კარგად აცნობიერებდნენ მნიშვნელოვანი პირები და სწორედ ამიტომ 1874 წელს დაარსდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომელსაც ილია 32 წელი ხელმძღვანელობდა.
თანამედროვე საბანკო სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში 1991 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ სექტორს სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება უწევს, თუმცა განვითარებას არ წყვეტს. მაგალითად, საწყის ეტაპზე ყველა მსურველი მარტივად იღებდა ლიცენზიას, რამაც გამოიწვია ის რომ 1993 წელს 250-მდე კომერციული ბანკი აღირიცხებოდა საქართველოში. მოგვიანებით, რეგულაციები გამკაცრდა და შესაბამისად, ბანკების რაოდენობაც შემცირდა. დღევანდელი წამყვანი ბანკების ინტენსიური განვითარება კი 2000-იან წლებში დაიწყო. 2015-17 წლებში მიმდინარეობდა გარკვეული კონსოლიდაცია საქართველოს ბანკების ბაზარზე. მოქმედი ბანკების რიცხვი 21-დან 16-მდე შემცირდა.
საქართველოში საბანკო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2017 წელი, როდესაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია დაეხმარა ქართულ ბანკს მისი პირველი ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული ევრობონდის ემისიაში. მან მოახდინა დაახლოებით 45 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, რაც დაეხმარა 250 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვაში, 20 საერთაშორისო ინვესტორისგან.
ზოგადად, ამჟამინდელი ქართული საბანკო სექტორის განვითარების ვექტორი მიმართულია სტაბილური და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისკენ, რასაც მოწმობს ყოველწლიურად ახალი საბანკო პროდუქტების შექმნა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. წამყვანი ქართული ბანკები, ტრადიციულ საბანკო სერვისთან ერთად, სულ უფრო ხვეწენ ონლაინ მომსახურებას და ციფრულ პროდუქტებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონცენტრირების მაღალი ხარისხი შეინიშნება. სამი ბანკი ფლობს აქტივების უდიდეს ნაწილს, ხოლო ორი უმსხვილესი ბანკი ბაზარზე აქტივების 80%-ს განაგებს. ეს ფაქტი კი მომხმარებლებისთვის ნაკლებად სახარბიელოა.
საბანკო სექტორის განვითარება ევროინტეგრაციასთანაც მჭიდრო კავშირშია. ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად მიიღოს მთელი რიგი კანონები. ამ ვითარებაში ქართული საბანკო სექტორის განვითარების ახალ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში პირველი ევროპული, ციფრული, ფინტექზე დაფუძნებული ბანკის შემოსვლა. პირველმა ციფრულმა ბანკმა „პეისერა ბანკ საქართველომ“ 2022 წელს მიიღო ლიცენზია. ფინტექ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბანკის შემოსვლით ბაზარზე ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, მარტივდება და იაფდება საერთაშორისო გადარიცხვები. თუ აქამდე საერთაშორისო გადარიცხვები ძირითადად Swift-თ ხორციელდებოდა, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ერთიანი ევრო გადახდის სისტემა SEPA. „პეისერა ბანკი საქართველო“ გახდა პირველი ბანკი, რომელმაც თავის მომხმარებელს გაუხსნა საერთაშორისო, ევროპულ IBAN და ასევე, საერთაშორისო, ქართული IBAN. აღნიშნულით კი მომხმარებელს წვდომა მისცა როგორც SEPA-ს-ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე, ისე საქართველოს ეროვნულ გადახდის სისტემაზე. შედეგად ბანკის მომხმარებლები ევროპული ფულადი ანგარიშსწორების სისტემის წევრები ხდებიან.
Single Euro Payment Area ანუ SEPA არის ერთიანი ევრო გადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს. ამ ეტაპზე SEPA-ს წევრები არიან: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) 3 ქვეყანა და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრი ქვეყანა. SEPA-ს წევრობაზე საქართველოს განაცხადი აქვს შეტანილი, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის SEPA-ს გადახდის სისტემაზე წვდომა მნიშვნელოვანი. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები. SEPA მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან - თავიანთ ქვეყანაში თუ მის გარეთ. შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისათვის საკორესპონდენტო ბანკის - შუამავლის გამოყენება. ეს მომგებიანია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისა და ბიზნესებისთვის.
ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, შემცირდება ტარიფები. სხვა ევროპულ ანგარიშებზე ფულადი ტრანსფერის განხორციელება „პეისერა ბანკ საქართველოს“ მეშვეობით ქართულ ბანკებზე უფრო დაბალი საკომისიოთია შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველას, ვინც „პეისერა ბანკ საქართველოს“ მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლებლობა ექნება პოზიტიური საკრედიტო ისტორია შეიქმნას არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საბანკო სისტემაშიც. ეს მათ სესხსა და სხვა საკრედიტო პროდუქტებზე ევროპული ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
ლიეტუვური კომპანია Paysera 2004 წელს დაარსდა. ის დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს, მომხმარებლის მოთხოვნები მარტივი ციფრული გადაწყვეტებით დააკმაყოფილოს. 18 წლის განმავლობაში კომპანიამ სანდოობის, სიმარტივის, სისწრაფისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა, კომპანიის საპარტნიორო ქსელი მოიცავს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, კოსოვოს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, შვეიცარიას და ახლა უკვე საქართველოს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 15 ლიცენზირებული კომერციული ბანკია. მწვავე კონკურენტულ გარემოში კი „პეისერა ბანკი საქართველო“ თამაშის სრულიად ახალ წესებს ამკვიდრებს.
(R)