პუტინმა ხელფასი გაიზარდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?
პუტინმა ახალი განკარგულებით საკუთარ თავს და პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს ხელფასი 5,5%-ით მოუმატა. დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
სახელმწიფო თანამდებობების პირთა ხელფასების 5,5%-ით ინდექსაცია, ასევე, სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეეხო.
"2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო თანამდებობის პირთა ფულადი ანაზღაურება 1,055-ჯერ გაიზარდოს,“ - წერია განკარგულებაში.
კერძოდ, თანამდებობების სიაში, რომლებიც სახელფასო ინდექსირებას ექვემდებარება, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სამინისტროების, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა ფედერალური ოფიციალური პირები შედიან.
პუტინმა, ასევე, ხელი მოაწერა განკარგულებას გენერალური პროკურორისა და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასების 5,5%-ით, ანუ 1,055-ჯერ გაზრდაზე.
ცნობისთვის: კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შემოსავლისა და ქონების დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს პუტინის შემოსავალმა 10,2 მლნ რუბლი (105,675 დოლარი) შეადგინა, რაც, 2020 წლის ბოლოსთან შედარებით, 2,1%-ით, ანუ 207,924 რუბლით (2,155 დოლარით) მეტია.
მიმდინარე წლის მარტში კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია შეავსო, თუმცა ის არ გასაჯაროვებულა.
2022 წლის დეკემბერში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ მიმდინარეობისას ოფიციალური პირების საშემოსავლო, ხარჯების დეკლარაციებისა და სხვა ინფორმაციის ინტერნეტსა თუ მედიაში სავალდებულო გამოქვეყნება გაუქმდა.
"ინტერპრესნიუსი"