"50 წიგნის" მეოთხე ათეული უკვე ცნობილია! - კვირის პალიტრა

"50 წიგნის" მეოთხე ათეული უკვე ცნობილია!

50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!” - გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ერთობლივი პროექტი.

პროექტის ფარგლებში გამოცემული ყოველი წიგნი მკითხველის მიერ დასახელებული და მოთხოვნილია.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე გამოცემულია 27 წიგნი. წინ კიდევ არაერთი არაჩვეულებრივი ნაწარმოები გველის. ჩვენი ერთგული მკითხველისთვის უკვე ცნობილია იმ წიგნების ჩამონათვალიც, რომლებიც ამ დროისათვის, გამოკითხვების შედეგად, უკვე შევიდა თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი “ორმოცდაათეულში”.

პროექტის გუნდი მოხარულია, რომ ჩვენ მიერ, თქვენი რჩევით გამოცემული ყოველი ტომი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამაზე მეტყველებს  თითოეული თქვენგანის გამოხმაურებები, რომლესაც ინტერნეტსივრცეში არსებული სხვადასხვა ფორუმისა და ჩვენი Facebook-ის გვერდის დახმარებით მუდმივად ვეცნობით. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდით Facebook-ის 39,000-მდე მომხმარებელს, რომელიც ყოველდღიურად ეცნობა ჩვენი პროექტის სიახლეებს და აქტიურად განიხილავს უკვე გამოცემულ წიგნებს.  რაც მთავარია, მკითხველები  მიგვითითებენ იმ წიგნებზე, რომლებიც მათი რჩეულია და სურთ, რომ იხილონ ჩვენი პროექტის ფარგლებში. შეგახსენებთ, ხმის მიცემა მიმდინარეობს ამ გვერდზე.

თქვენთვის უკვე ცნობილია 30 წიგნი ორმოცდაათეულიდან. ახლა გაგაცნობთ იმ წიგნებს, რომლებიც ორმოცდაათეულის მეოთხე ათეულს შეადგენს:

  • ჰაინრიხ ბიოლი - "კლოუნის თვალთახედვა"
  • დანტე - "ღვთაებრივი კომედია"
  • შარლოტა ბრონტე - "ჯეინ ეარი"
  • ვაჟა-ფშაველა - პოემები
  • ჰიუგო - "კაცი, რომელიც იცინის" [ორ ტომად]
  • სტაინბეკი - "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა"
  • გოეთე - "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, “არჩევითი ნათესაობა"
  • ტოლსტოი - "ანა კარენინა" [ორ ტომად]
  • კონან დოილი - "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"

ეს არის 9 წიგნი, რომელიც ხმათა უმრავლესობით, უკვე შევიდა ორმოცდაათეულის მეოთხე ათეულში. რაც შეეხება მეორმოცე წიგნს, აქ რამდენიმე პრეტენდენტია და მათ ხმათა თითქმის ერთნაირი რაოდენობა აქვს. ესენია:

ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე"

ჯონ გოლზოურთი - "ფორსაიტების საგა" (აღსანიშნავია, რომ "ფორსაიტების საგა"-ს სრული ვერსია ქართულ ენაზე არასდროს გამოცემულა. იმ შემთხევაში, თუ ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები თქვენს უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მკითხველი ნაწარმოების სრულ ქართულენოვან ვერსიას მიიღებს. და ეს  ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხდება)

ვირჯინია ვულფი - “მისის დოლოვეი”

ჩვენ არაერთხელ აგვიღნიშნავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შერჩეული წიგნები შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას  გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული წიგნებია. წიგნები, რომელსაც წიგნის მოყვარულები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.

შემოგვიერთდით, ერთად განვიხილოთ მეოთხე ათეული და რაც მთავარია, დაგვეხმარეთ მეორმოცე წიგნის შერჩევაში იმ სამი ნაწარმოებიდან, რომლის შესახებ უკვე მოგახსენეთ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ შესარჩევია მეხუთე ათეული. ეწვიეთ ამ გვერდს და მიეცით თქვენს რჩეულს!