რა მოხდება 3 თვეში ანუ თამაშობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს?! - გია ხუხაშვილის ვერსია - კვირის პალიტრა

რა მოხდება 3 თვეში ანუ თამაშობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს?! - გია ხუხაშვილის ვერსია

“გაუგებარი, აბსურდული, ჩახლართული” - ასე აფასებს ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი ლიდერების ერთი ნაწილი. ხატია დეკანოიძის, გიორგი ვაშაძის, ალეკო ელისაშვილისა და რომან გოცირიძესათვის ამოცანად რჩება, თუ რატომ გადაიფიქრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა.

„ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ უწყვეტს მას მოქალაქეობას. ბიძინა ივანიშვილი თავის რეჟისურით, რომლითაც ათამაშებს ამ მარიონეტებს თავის გარშემო, ალბათ, სტივენ სპილბერგს შეიძლება შევადაროთ. ეს ყველაფერი არის თამაში, სცენარი. ისე კარგად ჩანს ეს ყველაფერი: რეჟისორი ივანიშვილი ისე კარგად ალაგებს - პრეზიდენტმა ეს უნდა თქვას, კობახიძემ ის უნდა უპასუხოს... მერე შათირიშვილის გრძელი წერილით ანაწილებს გლობალურ სამყაროს“, - ასეთია, მაგალითად გიორგი ვაშაძის პოზიცია.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცონერი ლიდერები, რომლებიც მიიჩნევენ - ზურაბიშვილი „ჯაშუში ფარცხალაძის“ დაცვაში აქტიურადაა ჩართული და შესაბამის ნეგატიურ დასკვნებს აკეთებენ, საკითხს ზედაპირულად უდგებიან. რა ხდება სინამდვილეში და რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ამის შესახებ გია ხუხაშვილი საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.

- აბსურდი ის არის, რასაც „ნაციონალები“ და მათზე აყოლილი სხვა პოლიტიკოსები ამბობენ, ფარცხალაძის პრობლემების პრიზმაში განიხილავენ საკითხს და ამიტომაც აკეთებენ ასეთ ნეგატიურ დასკვნებს. სინამდვილეში, ამ თემას უნდა შევხედოთ ხელისუფლების პრობლემების კუთხით და დავინახავთ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების დაპაუზება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს ერთი სული აქვს ფარცხალაძის საქმე როდის ჩაიფარცხება. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ავითარებენ „ნაციონალები“ ზურაბიშვილის შეთქმულების ვერსიას, მაგრამ ფაქტია, რომ ამას არ აქვს პოლიტიკური ლოგიკა.

- თქვენი ვერსიით, რა პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და რატომ იქნებოდა უფრო ხელსაყრელი, მისითვის მოქალაქეობის ჩამორთმევა?

- პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ მანევრის საშუალებას არ უტოვებს. უფრო მეტიც, დილემის წინაშე აყენებს - ფარცხალაძე უნდა გამოაცხადონ ჯაშუშად, ან უდანაშაულოდ და დააფიქსირონ, რომ არ ემორჩილებიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს, ამასთან, უნდა აამოქმედონ თურნავას ბრძანება და ააფეთქონ შენელებული მოქმედების ნაღმი. ეს უნდა გააკეთონ ძალიან სწრაფად, რადგან თუ დრო გაწელეს, გამოვა რომ ან თურნავას ბრძანება არ მუშაობს, ან სანქციები. ორივე უბედურებაა მათთვის.

- გამორიცხავთ, გამოძიებამ თქვას, რომ სინამდვილეში ფარცხალაძე უდანაშაულოა?

- გამოვრიცხავ. გამოძიებამ ეს რომ გააკეთოს, ჩაითვლება, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტს უპირისპირდება. ამას რაც მოჰყვება, ხომ ყველასთვის ნათელია?! ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ გამოუვალ ჩიხში მოაქცია. ფარცხალაძის გამართლება მათთვის ვაია, გამტყუნება ვუი. არიან ისტერიკაში და ამიტომ აკეთებს პაპუაშვილი აბსურდულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს, პრეზიდენტი ეროვნულ ბანკზე ზეწოლას ახორციელებს. როგორ შეიძლება, ზეწოლა მოახდინოს, ეროვნულ ბანკზე იმით, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ ართმევს?! ხელისუფლება ახლა ცუნგცვანგშია, მას არ აქვს კარგი სვლა. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, პრობლემას გაცილებით მარტივად გადააგორებდნენ.

- კანონის თანახმად, პრეზიდენტს უნდა თუ არ უნდა, სამ თვეში მაინც მოუწევს მოქალაქეობის ჩამორთმევა. რა შეიძლება მოხდეს ამ სამ თვეში?

- ამ სამ თვეში ბევრი რამ გაირკვევა! ამასობაში ხელისუფლებას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს მოხდება გამადიდებელი შუშის ქვეშ. ისტორიის ჩაფარცხვა არ გამოვა! მეც დარწმუნებული ვარ და ოპოზიციამაც მშვენივრად იცის, რომ სამი თვის შემდეგ ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას ჩამოართმევს.

- კულუარული ვერსიით, ზურაბიშვილს ფარცხალაძესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების შეცვლა გიორგი გახარიამ ურჩია

- ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ როგორც ვატყობ, „ნაციონალებს“ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადაბარგების ძალიან ეშინიათ, ნერვიულობენ, ეჭვიანობენ, არ იციან რა ქნან და ხან რას მიედებიან, ხან რას მოედებიან...

- შეიძლება ამ ეჭვიანობის გამო „ნაციონალებმა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ?

- არ ვიცი, მაგრამ ამას თუ გააკეთებენ, ეს ხარაკირის ტოლფასი იქნება მათთვის

. ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)