"ჩვენ მოგვატყუეს! - უკრაინა მოკავშირეებს თავის უშუალო სამეზობლოში კარგავს" - Foreign Policy
ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (FP - Foreign Policy) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „უნგრეთი უკრაინას დახმარებას უწყვეტს: ბუდაპეშტი, რუსეთის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულებით, ნატოს და ევროკავშირს აღიზიანებს“ (ავტორი - ალექსანდრა შარპი, FP-ის რედაქტორის მოადგილე).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ვიდრე უკრაინა ატლანტის ოკეანის იქითა ნაპირზე მხარდაჭერას ეძებს, კიევი მოკავშირეებს თავის უშუალო სამეზობლოში კარგავს. ორშაბათს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინას მხარს არ დაუჭერს არც ერთ საგარეოპოლიტიკურ (საერთაშორისო) საკითხში, ვიდრე კიევი უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს მშობლიური ენით სარგებლობის უფლებას არ აღუდგენსო. როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, მკაცრად აკრიტიკებს უკრაინის მიერ 2027 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენების გამოყენებას ზღუდავს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღებით 150 ათას უკრაინელ მოქალაქეს, ეთნიკურ უნგრელს, მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება წაართვა.
ამით ვიქტორ ორბანმა უკრაინას თავისი უკმაყოფილო პოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენა, თანაც იმ დროს, როცა ევროკავშირი ემზადება, უკრაინას პოტენციური წევრობის სტატუსი მიანიჭოს. ბლოკში გაწევრებისათვის მტკიცე გარანტიების მიღება კონსენსუსით მოხდება ანუ მხარდაჭერა ერთსულოვანი უნდა და თუ ამ დროს უნგრეთი წინააღმდეგი იქნება, კიევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დიდი პრობლემები გაუჩნდება. უკრაინას დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობა სურს, მით უმეტეს - ახლა. მას იმედი აქვს, რომ თუ ევროკავშირში გაწევრდება, საომარი მოქმედებებით დანგრეული ეკონომიკის აღდგენა და განვითარება უფრო გაიოლდება.
ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლებების დაცვის სურვილით არის განპირობებული, ალბათ, სადავო არ არის, მაგრამ მის ანტიუკრაინულ პოზიციას სხვა მიზეზებიც აქვს - მაგალითად, ის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტთან. ამ ორ, უკიდურესად მემარჯვენე ავტოკრატ პოლიტიკოსს ერთმანეთთან „ანათესავებს“ ერთნაირი მიდგომები, იდეოლოგია და ხედვები დასავლური ექსპანსიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტი ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიცირებაზე მუშაობს, უნგრეთი ძველებურად არის დამოკიდებული მოსკოვზე - ნავთობისა და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების თვალსაზრისით.
ეს პირველად არ ხდება, როცა უნგრეთი უკრაინის წინააღმდეგ დემარშებს აკეთებს. ხშირად ვიქტორ ორბანის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და კრემლის დასამშვიდებლადაა მიმართული, ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ.
გავიხსენოთ, რომ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უნგრეთმა კიევს უარი განუცხადა იარაღის მიწოდებაზე და უპირატესობა სამხედრო მხარდაჭერას კი არა, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებას მიანიჭა. მაგრამ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული განცხადებით ჰუმანიტარული დახმარების საკითხიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ევროკავშირს უსაყვედურა - რატომ მთხოვ უკრაინული ხორბლის იმპორტს ჩემს ტერიტორიაზე და „სოლიდარობის დერეფნის“ შექმნას ხორბლის ტრანზიტით გატარებისთვისო? როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, იგი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის არც ტრანზიტს და არც შიდაბაზარზე გაყიდვას, არ დააზარალებს საკუთარ ფერმერებს.
„ბრიუსელი გვარწმუნებდა, რომ უკრაინის ხორბლის გარეშე აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა შიმშილით დაიხოცებოდა“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა, - "მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ მოგვატყუეს“. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ როცა შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფანს“ პრობლემები გაუჩნდა, უკრაინის ხორბალი საზღვარგარეთ ევროკავშირის ქვეყნების მეშვეობით უნდა გასულიყო, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დანიშნულების ადგილზე არ ჩასულა: იაფ უკრაინულ ხორბალზე, რომელიც „დამშეული აფრიკელების“ დასაპურებლად იყო განკუთვნილი, ევროკავშირის მაძღარი ქვეყნებიც უარს არ ამბობდნენ.
ორშაბათს უნგრეთმა ასევე განაცხადა, რომ არ შეეცდება ნატოში შვედეთის გაწევრების ფორსირებას ანუ ბუდაპეშტი „არ იჩქარებს“ სტოკჰოლმის განაცხადის რატიფიცირებას და დასძინა, რომ „შვედეთის უსაფრთხოებას არავინ ემუქრება“.
სხვათა შორის, ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ უნგრეთი მდუმარედ ეთანხმება ნატოს პოზიციას შვედეთის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიქტორ ორბანის ხმამაღალი განცხადება ამას არ ადასტურებს. ისევე, როგორც ევროკავშირში, ჩრდილოატლანატიკურ ალიანსში გაწევრებისთვისაც კონსენსუსია აუცილებელი და შვედეთის მიღებისათვის ყველას, 31 ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. თავდაპირველად ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ თურქეთის მსგავსად, შვედეთის სურვილს დაეთანხმებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ანკარაც და ბუდაპეშტიც უნისონში მოქმედებენ, რატიფიკაციის პროცესს აჭიანურებენ.
მოამზადა სიმონ კილაძემ