დაფრთხნენ თუ არა სეპარატისტები ცხინვალსა და სოხუმში - ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის "აორთქლების" ეფექტი
დღეს, 28 სექტემბრის დილის 10:00 სთ-ზე, ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა თვითგამოცხადებულმა „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ“, რის შესახებაც მისმა „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამიანმა ბოლო ბრძანება გამოსცა...
ანუ უკვე არაოფიციალურადაც კი აღარ არსებობს ყარაბაღელი სომეხი სეპარატისტების ის „სახელმწიფო“, რომელსაც სამი ათეული წელი „უსწორდებოდნენ“ მოლდოვას დნესტრისპირელი სეპარატისტები ტირასპოლში და „ჩვენებური“ სეპარატისტები ცხინვალსა და სოხუმში...
არადა, კრემლის ძალისხმევით შექმნილ პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ოთხ სეპარატისტულ წარმონაქმნში, ყველაზე ძლიერი სწორედ ყარაბაღის სეპარატისტული დაჯგუფება გახლდათ, რომელსაც მხარში დიდხანს ედგა სომხეთის მთელი რესპუბლიკა და „ყარაბაღის არმია“ თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით აღემატებოდა ერთად აღებულ აფხაზ, ოს და დნესტრისპირელ სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ის მაინც „გაქრა“ და ჩვენს პლანეტას ერთი შეიარაღებული კონფლიქტის ზონა მაინც მოაკლდა.
მაგრამ რა განწყობა სუფევს დანარჩენ სეპარატისტულ წარმონაქმნებში?
ტირასპოლის სეპარატისტული ხელისუფლება, წესით, ყველაზე მეტად უნდა ღელავდეს: ჯერ ერთი, გვერდიდან ყარაბაღელი თანამოძმეები გამოეცალნენ; მეორეც - „მშობელ“ რუსეთთან სახმელეთო კავშირი არ აქვთ და, მიუხედავად იმისა,რომ მოლდოვას სამხედრო შესაძლებლობები ძალზე მოკრძალებულია, რუსეთთან ომში მყოფ უკრაინის არმიას შეუძლია დნესტრისპირელი სეპარატისტების მორჯულება და ამით ზურგში იმ საბრძოლო შენაერთების გამოთავისუფლება, რომლებიც დღეს მოლდოვას დნესტრისპირეთთან საზღვრის გამაგრებაში ცდებიან...
სამაგიეროდ, „ჩვენებურ“ ოს და აფხაზ სეპარატისტებს საერთო საზღვარი და სახმელეთო და საჰაერო (ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში კი - საზღვაოც) სატრანსპორტო დერეფნები აქვთ „დედა“ რუსეთთან, რამაც თავის დროზე გააადვილა იქ სეპარატისტული პროცესების გაღრმავება და დაეხმარა ქართულ არმიასთან საბრძოლო მოქმედებებისას გამარჯვებაში.
და მიუხედავად ყოველივე ამისა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც ადგილობრივი სეპარატისტი ლიდერები მაინც სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რა მოელით ერთ მშვენიერ დღეს მათ, თუკი... რუსეთის დახმარების იმედი აღარ ექნებათ, ისევე, როგორც ეს ყარაბაღელ სომხებს კრემლმა გაუკეთა...

კონფლიქტის არსი, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო ყარაბაღსა და ცხინვალისა და აფხაზეთის ომებს შორის, რადგან თუკი ყარაბაღის ომებში მთავარი მოწინააღმდეგები სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ, ხოლო რუსეთი ერთგვარი „მომრიგებლის“ როლს თამაშობდა (რომელმაც 1994 წელს ჯერ სომხებს მოაგებინა, ხოლო 2020 და 2023 წლებში კი - აზერბაიჯანელებს), ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს ომი, ფაქტობრივად, სწორედ რუსეთთან ჰქონდა, რომელშიც ოსი და აფხაზი სეპარატისტული ძალები ერთგვარ შირმას წარმოადგენდნენ, რომ მოსკოვს თავი შეიარაღებული კონფლიქტის ოფიციალურ მხარედ არ დაეფიქსირებინა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის პირველსავე დღეს, როდესაც გამოჩნდა, რომ ქართულ არმიას შეეძლო როკის გვირაბამდე რამდენიმე დღეში გასვლა, რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ღიად ჩაერთო ომში ჩვენ წინააღმდეგ...
თუკი კრემლი ოსი და აფხაზი სეპარატისტების ინტერესებს ისევე არ გაყიდის, როგორც ყარაბაღელი სომხების, განა ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში უნდა ჰქონდეთ იმის სრული იმედი, რომ უკრაინასთან გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარუმატებლობისა და თავად რუსეთის ფედერაციაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემთხვევაში, კრემლს დარჩება იმის ძალები ან სულაც - სურვილი, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს ისევ მუქთად „აჭამოს“ და მილიარდობით რუბლი კვლავ დაახარჯოს მათ?

და რას იზამენ ადგილობრივი სეპარატისტული ძალები, რომლებიც განვლილ ათწლეულებში მოსკოვიდან გამოგზავნილ მუქთა დახმარებას მიეჩვივნენ? ვის მიეკედლებიან ამჯერად?
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მუდამ ამაყობს იმით, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენთან ომი არ ყოფილა, რაც მართლაც შესანიშნავია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით არ უნდა ძლიერდებოდნენ და იარაღდებოდნენ, რადგან შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს დადგეს მომენტი, როდესაც აზერბაიჯანივით შეგვეძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაწყება, რადგან დღევანდელ მსოფლიოში (ისევე, როგორც ჩვენი წინაპრების პერიოდში) - ომით დაკარგულს ომითვე იბრუნებენ...
ამისთვის მზადყოფნა მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, საზოგადოებასაც მოეთხოვება, იმ საზოგადოებას, რომლის გარკვეულ ნაწილში ცნება "პატრიოტიზმი" დამცინავად ჟღერს, ხოლო ჯარში სამსახური კი, თურმე - დამამცირებლად...