"ირონიაც ასეთი უნდა... წულუკიანი ნანა ჯანელიძის წინააღმდეგ იყენებს მისივე ფილმს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. ამ საკითხს ფეისბუქზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა:
"ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!!
ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე...
მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს.
ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია." - წერს თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანის პოსტსა და ფილმს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:
"წულუკიანი ნანა ჯანელიძის წინააღმდეგ იყენებს მისივე ფილმს, რომლის შინაარსიც ერთი ერთში იმეორებს ქართული ოცნების რიტორიკას “აფხაზ ძმებზე” და მეტწილად “გარეჯი საქართველოას” ავტორის ავტობიოგრაფიულ ბოდვას წარმოადგენს.
საკუთარი პარტიის შინაარსსაც კი უპირისპირდება, პირადი რომ დაიკმაყოფილოს და ურჩ რეჟისორს გაუსწორდეს.
ირონიაც ასეთი უნდა" - წერს ჩერგოლეიშვილი.