გილოცავთ და... ფრთხილად იყავით! - კვირის პალიტრა

გილოცავთ და... ფრთხილად იყავით!

გამარჯობა ჩემო კარგო, კეთილო და მოწყალეო მკითხველო!

მე ხომ ვნერვიულობ და ვნერვიულობ, მაგრამ თქვენ ჩემი შვილი უნდა ნახოთ, რა დღეშია! -ახლა თუ რამე ნორმალურს არ გავაგზავნი, სამსახურიდან გამიშვებენ-მეთქი, - და გაგიჟდა ბავშვი: რა დროს ღორის დაკვლა და ნადირობა იყო, ჩვენზე არ უნდა იფიქრო?! ამდენი შვილი რომ გაგვაჩინე და ყოველ 15 წუთში რომ გირეკავენ რედაქციიდან, -რას შობი, რაფერაა საქმეო?! -იმ ხალხს რას "უჩივიო"?!

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პროვოკატორი, რომელსაც შვებულება არ ჰქონია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ეგონა, ბოლოს და ბოლოს, დამსახურებული დასვენებით ვისარგებლებო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ -დასვენება მერეც გეყოფა, ასე, 30 წლის შემდეგო, და აბა, ახლა მოყევი, რა ხდება მაქეთ გურიაში, ამას წინათ რომ "მიშა, მიშა!" იძახეს გურულებმა, ნამდვილად ასე შეუყვარდათ, ჩვენ რომ ვიცით, ის მიშიკო, თუ მართლა ფოთელები და სხვა მეზობლები მოგახმარეს საყვირლად და საძახებლადო?!

არა! რაც არ ვიცი, არ ვიცი, და დაბრალებაც არ არის წესიერი საქციელი, მაგრამ დღეს დილიდან სხვადასხვა "ვარიაციით" ვისმენ როგორც მიშას, ასევე მისი ოპოზიციის ავსა და კარგს, პლუსსა და მინუსს და საერთოდ, - ბატონებო და ქალბატონებო, "მიშისტებო" და "ბიძინისტებო", წესიერო და არაწესიერო ქართველებო და რაც მთავარია - ქართველებო და არაქართველებო: გილოცავთ ახალ წელს, შობას, ჭკუით იყავით და მიხედეთ ერთმანეთს!

საქმე რა არის, იცით? მე რომ შვებულებაში არ გავსულიყავი, სად მეცლებოდა იმისთვის, რომ ტელევიზორისთვიდს მეყურებინა და, - მთელი საქართველო ირანულ კიტრზე ზისო, - მომესმინა თვით პრეზიდენტისგან?! ანდა მე რომ ასე ნანინანატრი შვებულება არ მღირსებოდა, მექნებოდა იმის საშუალება, რომ ოპოზიციის მორიგი სიბრძნეები მომესმინა?!

ხომ იცით, რასაც ვგულიხმომობ?!

შალვამ, ჩვენმა შალიკომ, ლეიბორისტების მამამ - მეო, ისეთი კეთილად ნაშობშობილი ვარო, ბიძინას ვუბრძანე, ყოველ ქართველს 300 ლარი აჩუქეო და მაგან უარი თქვა; ვიცოდი, რომ მიშა მაგაზე კარგი კაცი იყო და ეს უბრალოდ, ამის დასამტკიცებლად შევთავაზეო!

საქმე ის არის, რომ მე ახლა ისეთ ადგილას ვარ, სადაც მხოლოდ "იმედი", "რუსთავი 2" და "გურია" უჩვენებს (წარმოიდგინეთ - პირველი არხიც კი არ არსებობს აქ). ახლა თავი ილია ჭავჭავაძე მგონია (განმანათლებლობის ამბავში), მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და P.S.-ში გეტყვით, რაც შემოგითვალეს გურულებმა...

P.S. პრეზდენტს  და ხელისუფლებას: თქვენ, ბიძიკოებო, ჩვენ აბდლები ხო არ გგონივართ?! გიყურებთ პატარა ხანს და მერე რაფერც გვიქნია, ისე ვიზამთ და თქვენ გინდა რევოლუცია დაარქვით და გინდა - მიტინგი!

ოპოზიციას: თქვენ, ბიძიკოებო, ჩვენ აბდლები ხომ არ გგონივართ?! გიყურებთ პატარა ხანს და მერე რაფერც გვიქნია, ისე ვიზამთ და თქვენ გინდა, რევოლუცია დაარქვით და გინდა - მიტინგი...

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"