გლოვად ქცეული ზეიმი - ვინ არის ქუთაისში შემზარავი ავტოავარიისას დაღუპული სამი მეგობარი, რომლებიც დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ
26 სექტემბერს, ღამის საათებში ქუთაისში, ავტომშენის ქუჩაზე უმძიმესი ავტოავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა მართავდა, ტაქსის დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაქსიში მყოფი სამი ქალი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გარდაიცვალა, ასევე, ტაქსის მძღოლიც და დაზიანებები მიიღო მეორე ავტომობილის მძღოლმაც.
სოციალურ ქსელში ამ უმძიმესი ავარიის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობდნენ მოქალაქეები დამსხვრეულ მანქანაში მყოფი ადამიანების დახმარებას. ვიდეოში ისმის ხმა:"ცოცხალია!" ასევე, ისმის ერთ-ერთი თვითმხილველის მოთქმა-გოდება.
როგორც ამბობენ, მეორე ავტომობილის მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ცნობილია გარდაცვლილი ქალბატონების ვინაობა. როგორც ირკვევა, ისინი ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში წლების მანძილზე ერთად მუშაობდნენ. თაიზა, ნანა და დოდო თანამშრომლები და მეზობლები იყვნენ. იმ საბედისწერო დღეს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და იქიდან ტაქსით სახლებში ერთად ბრუნდებოდნენ...
სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან გარდაცვლილებს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან თაისა ბობოხიძე, დოდო ხეცაძე და მათი მეგობარი ნანა, რომლის გვარი, სამწუხაროდ, ვერ დავადგინეთ.
"გუშინ მწვანე ბაზრის იმ კუთხეში, სადაც მუდამ საუკეთესო ხილეული იყიდება, უჩვეულო სიჩუმე იდგა. გვერდიგვერდ ორ დახლს და მესამესაც – მოპირდაპირე მხარეს ხილზე მუშამბა ჰქონდა გადაფარებული. მათი პატრონები ღამით ვიღაც თავგასული, მთვრალი მძღოლის მსხვერპლი გახდნენ.
"ისეთი ლამაზი საღამო გაუტარებიათ ამ საწყლებს, მერე სახლში ტაქსით წასულან და… ვისი დაბადების დღეც იყო, ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. ის გოგო სულ ტირის და მოთქვამს... მთელი ბაზარი ამ დღეში ვართ. ვაიმე, ჩვენი თაიზა! ვაიმე, ნანა! ვაიმე, დოდო!.. მთელი ქუთაისი ამ საშინელ ტრაგედიაზე ლაპარაკობს, ყველაზე მძიმედ კი მწვანე ბაზარი განიცდის – ეს სამი, უწყინარი ქალბატონი ხომ წლების მანძილზე მუშაობდა აქ. წამიერად შეწყდა სამი სიცოცხლე, წამიერად გაფრინდა სამი ოჯახის იმედი და სიხარული", – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.
"ხილს თაიზასთან ვყიდულობდი. ამ ზაფხულს ბალი ვიყიდე და დამრჩენია. მეორე დღეს სამსახურიდან გავიარე. მითხრა, ის გავყიდე, ცელოფნით რომ შემენახა, ხომ დალპებოდა. აგერ, აირჩიე, რომელიც გინდა და აგიწონიო. თითქოს პატარათი ამახსოვრებ ადამიანს სამუდამოდ თავს. ძალიან დამწყდა გული. კეთილი, მშრომელი, პატიოსანი ადამიანები იყვნენ", - წერს ერთ-ერთი გარდაცვლილის მეზობელი.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)