"მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული... პოლიტიკამდეც ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არასოდეს გამოიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები პირადი მიზნებისთვის. როგორც ღარიბაშვილმა ე.წ. ჩარტერის სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა, მას შეძლებული ოჯახი ჰყავს და მისი ქონებრივი დეკლარაციაც ღია და გამჭირვალეა.
"მე არასოდეს მისარგებლია არ ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი ან ჩემი ოჯახის პირადი მგზავრობა ან სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასოდეს ვიყენებთ ბიუჯეტს და მეჩვენებინა რა იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი ბანდა.
მე, მადლობა ღმერთს, მყავს შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული. პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმაგრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს" - ამბობს პრემიერი.