რა ხდება ნანა ჯანელიძის ფილმში "იარე, ლიზა", რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია - ინტერვიუები სცენარისტთან, მწერლებთან და კინომცოდნეებთან - კვირის პალიტრა

რა ხდება ნანა ჯანელიძის ფილმში "იარე, ლიზა", რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია - ინტერვიუები სცენარისტთან, მწერლებთან და კინომცოდნეებთან

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. ამ საკითხს ფეისბუქზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა: "ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე... მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია", - წერს თეა წულუკიანი. წულუკიანის სტატუსს მოჰყვა პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების სტატუსები და ფილმის შესახებ პოლიტიკური დებატები გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად, რა ხდება ფილმში, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა.

ლია ტოკლიკიშვილი, ფილმ "იარე ლიზას“ სცენარის ავტორი:

- პირველი ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე, მთელი სიუჟეტით, ეს არის ანტირუსული, ანტიოკუპაციური ფილმი! ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახვო შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა. ეს ფილმი იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მოერეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში. ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში, როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი. ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებაზე და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში.

ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა, სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგვინეს ქვეყანა.

კინო არის კულტურის სფერო. კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარისკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ.

გურამ ოდიშარია, მწერალი, კულტურის ყოფილი მინისტრი:

- ამ ფილმის სცენარის ავტორი არ გახლავართ, არც შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. ფილმის ფინალში გამოყენებულია პასაჟი ჩემი "დევნილთა უღელტეხილიდან". გაუგებარია, ზოგიერთს რატომ ჰგონია, რომ ფილმი პრორუსულია. პირიქით, მანდ რუსული პოლიტიკის კრიტიკაა. ვისაც არ უნახავს, მეგობრულად ვურჩევდი, ნახოს. მეც აუცილებლად ერთხელ კიდევ ვუყურებ, და კიდევ - ვისაც "დევნილთა უღელტეხილი" არ წაუკითხავს, უმორჩილესად ვთხოვდი, წაიკითხოს.

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

- ეკატერინე, ლიზას როლის შემსრულებელი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ეკა და მე ვმონაწილეობდით ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, გვყავს აფხაზი მეგობრები სოხუმში და ვიცით, რა მნიშვნელოვანია დიალოგი ამ ორ მხარეს შორის, რადგან ბევრი მტრულად განწყობილი გვიქცევია მეგობრად...

ეკას ბოლო რომანი, ისევე, როგორც ჩემი, არის აფხაზეთზე. თუ არ იქნება დიალოგი, თუ არ იქნება პატიება, თუ არ იქნება ორივე მხრიდან ომის ტრაგედიების და საკუთარი შეცდომების აღიარება, ისე შერიგება არ მოხდება...

ანუ რა გვინდა, ომში მარტო ერთი მხარეა დამნაშავე? მარტო აფხაზები იყვნენ მკვლელები?

- კრიტიკოსები ამბობენ, ფილმი კულტურის სამინისტრომ დააფინანსა და რუსეთი სათანადოდ დამნაშავედ არ არის გამოყვანილიო...

- სალომე ჯაშის "მოთვინიერება" ვინ დააფინანსა? ვინ დააფინანსა ყველა ქართული ფილმი ? კინოცენტრმა არა? თუ უცხოპლანეტელი სპონსორები ჰყავდათ? აბსურდული არგუმენტია!

და რუსეთი ფილმში კარგადაა გამოყვანილი? თუ აგრესორად და მტრად? ჩვენ თუ არ მოვახდინეთ წარსულის გადაფასება, თუ ორივე მხარემ არ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, არ გავიაზრეთ მთელი ომი, მისი ტრაგედია და ვერ შევძელით ვერც პატიება, ვერც დიალოგი, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და ზუსტად ეს უნდა ჩვენს საერთო მტერს - რუსეთს! ამიტომ ეს ცალმხრივი წივილ-კივილი, როგორ გაბედეთ და აფხაზების ტკივილზე და მათ პოზიციაზე ასაუბრეთ, დაწერეთ, გადაიღეთო - ზუსტად რუსული ნარატივი და ჩვენი მტრის მიზანია, რომ მუდმივად ვიყოთ დაპირისპირებულები, ენგურის სხვადასხვა მხარეს ერთმანეთზე დაბოღმილები, ვატოლებდეთ ჩვენს მკვდრებს და ტკივილს და ვერასდროს ვერ გავუგოთ ერთმანეთს.

მე მყავს მეგობარი სოხუმში, ბიჭი, რომელსაც მამა ქართველებმა მოუკლეს. ის საქართველოში ჩამოვიყვანეთ და ეგონა, მტრებთან მოდიოდა, ახალ ომში. სამ დღეში ადამიანი ისე შეიცვალა და გარდაისახა, მეუბნებოდა, გადმოვსახლდები და ანაკლიის პორტში ან თბილისში დავიწყებ მუშაობასო. ზუსტად ესაა დიალოგის ძალა, ხელოვნების ძალა, ერთმანეთთან დიალოგის და საუბრის ძალა!

დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე:

- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმში ჩვენს დანაშაულებზეც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ნაჩვენებია ჩვენს საკუთარ პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე ... როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა მხრიდან, თანაპროპორციულად წარმოდგენილი, რაც ჩვენმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, ასევე - აფხაზებმაც. ორივე წყაროა გამოყენებული, როგორც აფხაზი პოეტის და მწერლის, ასევე, ქართველი სცენარისტის - ლია ტოკლიკიშვილის...

სიუჟეტი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინათ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე... იგი ყველაფერს მიატოვებს - სახლს, დედას, შვილს, ქმარს, ყოფილ საყვარელს... მიდის და მისი სვლა არის დაუოკებელი, ფაქტობრივად, ახალგაზრდა რეპორტიორის განცდებს აცოცხლებს. ლიზას როლს ეკა ტოგონიძე ასრულებს, პარალელურად, ნაჩვენებია ის ახალგაზრდა ლიზაც, რომელსაც შედარებით ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს. ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია დამდგმელი მხატვრის - გოგი მიქელაძის როლი.

- რამ გამოიწვია მაყურებლის ნაწილის პროტესტი?

- ვფიქრობ იმან, რომ პირდაპირ განვაცხადეთ, ჩვენც რაღაცაში რომ ვართ დამნაშავე... უმეტესად ვსაუბრობთ აფხაზების სასტიკ დანაშაულზე, რომლებმაც ახალდაბაში გაუგონარი რამ ჩაიდინეს, 500 ადამიანი დახოცეს, თავები მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს... ბევრი თვლის, რომ სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ დანაშაულზე საუბარი შეცდომაა...

ფილმში რუსეთზე ტონი ცოტა შერბილებულია. ნაკლებად არის აქცენტი რუსეთზე გამახვილებული, უფრო წინა პლანზე აფხაზურ-ქართული კონფლიქტია წამოწეული, ვიდრე ის რომ რუსეთი ინსპირატორი იყო.

მანანა გაბრიჭიძე

(სპეციალურად საიტისთვის)