შოთა მალაშხია: "ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის გაუქმება არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებები"(?!) - კვირის პალიტრა

შოთა მალაშხია: "ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის გაუქმება არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებები"(?!)

უკვე ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ჩაუდგება სათავეში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე ჯერ არ აღსრულებულა. არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება მისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ამით ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის მინიჭებას გააჭიანურებს. რას აპირებს ხელისუფლება? გვესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია:

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას აპირებს ხელისუფლება, ეს იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სამართლისა და კანონის ფარგლებში მოხდება. ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის გაუქმება და არც შემდგომ ქალბატონი ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენა არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებები. ეს იყო სამართლებრივი საკითხები, ამიტომაც სასამართლო რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება. რაც შეეხება იმას, ვინ ჩაუდგება ივანიშვილის პარტიას სათავეში, ეს მათი საქმეა, რაც უნდათ, ის ქნან.

- ბატონო შოთა, ბოლო ხანს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებად აფასებს, თქვენ რას იტყვით?

- ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ქვეყანა და პოლიტიკური პროცესი დიდძალი უცხოური ფულისგან, მით უფრო, როცა ეს მტრულად განწყობილი ქვეყნიდან მოდის. ამიტომაც ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ თანხების გამჭვირვალობისა და მისი გამოყენების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული, მხოლოდ მისასალმებელია.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ მართლაც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ იღებენ კანონებს პარლამენტში?

- არა, გვარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კანონები მიიღება ყველა იმ ოლიგარქის მილიარდების საწინააღმდეგოდ, რომლითაც საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას შეეცდებიან. დღეს ამას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს.

- ბატონო შოთა, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში, როგორც თქვენ ამბობთ, ამ რუსულ ფულს სახელმწიფო პროექტებში ხარჯავდა და ამაში ხელისუფლება ხელს არ უშლიდა.

- ადრე ვთქვი და დღესაც გავიმეორებ. ყველა, ვინც საქართველოს აღმშენებლობასა და ქველმოქმედებაში დახარჯავს ფულს, ჩვენთვის მისაღები იქნება, თუნდაც ეს პუტინის ფული იყოს. მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანა დააბრუნოს უკან - რუსულ ორბიტაზე და ამით საქართველოს განვითარების შანსი მოუსპოს. სწორედ ამას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს და რომელიც საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ ეთნოწმენდას არ აღიარებს.

- მსგავსი რამ ივანიშვილისგან არ მომისმენია.

- კი, მაგრამ არ ადევნებთ პროცესებს თვალს? ეს ადამიანი აცხადებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ხელისუფლების ბრალია, შესაბამისად, რუსების მიერ მოწყობილი ეთნოწმენდაც ჩვენი ბრალი გამოდის. ამასვე ამბობენ მისი კოლეგა რესპუბლიკელები თუ ალასანიას პარტიის წევრები. ამით ისინი ერთმნიშვნელოვნად რუსულ ინტერესს ატარებენ. ეს არის საკითხები, რაზეც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს განსხვავებული აზრი.

- ბატონო შოთა, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ჯერ მხოლოდ "ქართული ოცნების" ნოემბერ-დეკემბრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არადა, კანონი, რომლის საფუძველზეც ეს სამსახური შეიქმნა, 30 დეკემბერს შევიდა ძალაში, ვინაიდან გაცხადებულია, რომ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა, ბევრი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის ნოემბერ-დეკემბრის ანგარიშის მოთხოვნა უკანონოა.

- ეს იურისტების საქმეა, მათ უნდა ჰკითხოთ. მე არ ვიცი კანონში რა და როგორ წერია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კანონიერად ხდება.

- ვინაიდან ბოლო ხანს მხოლოდ ოპოზიციის ფინანსებზე ლაპარაკობენ, აუცილებლად უნდა გკითხოთ: ახლახან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საახალწლოდ 1.948.350 ლარის მანქანები შეიძინა, ამათგან მინისტრ ზაზა გოროზიასთვის ნაყიდი მანქანის ღირებულება 122.000 ლარია. ამხელა ხარჯს გამართლებულად მიიჩნევთ?

- კი, მაგრამ მე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესყიდვებთან რა შუაში ვარ, თუ გნებავთ, ჩემი ხარჯებს შესახებ მკითხეთ და გიპასუხებთ.

- პარლამენტს ხომ ევალება მთავრობის ზედამხედველობა? სწორედ ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი.

- ჯერ უნდა გავარკვიო, რისთვის და რატომ იყიდეს ეს მანქანები, პირობას გაძლევთ, როდესაც მინისტრი ზაზა გოროზია მობრძანდება პარლამენტში, ამის თაობაზე აუცილებლად ვკითხავ. ჯერჯერობით კი ჩემი აზრი ასეთია: საბიუჯეტო თანხები უნდა დაიხარჯოს მიზანმიმართულად და მომჭირნედ. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)