"გაიქცა დამნაშავე...გამვლელმა ახალგაზრდა სანიაღვრე არხში ჩავარდნილი ნახა" - რა დეტალები ხდება ცნობილი 23 წლის ბიჭის მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"გაიქცა დამნაშავე...გამვლელმა ახალგაზრდა სანიაღვრე არხში ჩავარდნილი ნახა" - რა დეტალები ხდება ცნობილი 23 წლის ბიჭის მკვლელობაზე?

შემზარავი დანაშაული დღეს ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში მოხდა. 23 წლის ავთო სიხარულიძეს ბოროტმოქმედმა დანით ჭრილობები მიაყენა, დამნაშავემ დაჭრილი ქუჩაში დატოვა და თვითონ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა სისხლისგან იცლებოდა, როცა ის გამვლელმა შემთხვევით სანიაღვრე არხში ჩავარდნილი ნახა. მამაკაცმა სასწრაფოდ სცადა ბიჭის გადარჩენა, თავისი მანქანით კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ბიჭი სისხლისგან დაიცალა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ავთოს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობდა. როგორც გვითხრეს, მეგობრის სახლში იყო სტუმრად და მას საშემოდგომო საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდა. როგორც ირკვევა, დამნაშავემ ტელეფონზე დაურეკა და სახლიდან გაიყვანა, მის შესახვედრად გასული ავთო კი სასიკვდილოდ დაჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია დამნაშავის ვინაობა.

როგორც ამბობენ, ის გოგოლესუბნის მაცხოვრებელია. რომელიც ციხიდან სამი თვის გამოსულია. თურმე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო.

რა გახდა ავთო სიხარულიძის მკვლელობის მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივების დაკითხვა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დანაშულის ირგვლივ მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გლოვაა მოკლულის სოფელ შუა ამაღლებაში, სადაც ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ყველას უყვარდა.

ბელა შათირიშვილი, მერის წარმომადგენელი შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში:

- შოკირებულები ვართ, მიმძიმს საუბარი, ისეთი მძიმე ამბავი მოხდა. ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია ავთუკა, მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. გამორჩეული ახალგაზრდა იყო, ყველაფერი კარგი შემიძლია ვთქვა ამ ბავშვზე, რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარდა. შეიძლება ითქვას ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია. გაოგნებულები, შეძრულები და შოკირებულები ვართ. გაგვანადგურა ამ ამბავმა მთელი სოფელი. ავთო გუშინ გახდა 23 წლის, დაბადების დღე გუშინ ჰქონდა. გოგოლესუბანში, მეორე სოფელში ვისთანაც იყო იმ ბიჭთან როგორც ვიცი მეგობრობდა. ამბობენ, რომ იქ ყოფნის დროს მისთვის ტელეფონზე დაურეკავთ, გამოსულა სახლიდან და ქუჩაში მოკლეს. დანა აქვს ჩარტყმული. სისხლისგან იცლებოდა, როცა შემთხვევით ნახა გამვლელმა. ბავშვი ჯერ კიდევ ფეთქავდა, ცოცხალი იყო, იმ მამაკაცმა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანა თავისივე მანქანით, მაგრამ გარდაიცვალა. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. სისხლისგან დაიცალა. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ძალიან კარგი ოჯახის შვილი, ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. ჰყავს პატარა დედმამიშვილები. ვინც ნახა ავთუკა, ის მამაკაცი დაკითხვაზეა წაყვანილი და მასთან გასაუბრება ვერ შევძელით. როგორც ამბობენ, მას უნახავს სახლის წინ სანიაღვრე არხები რომ არის იქ. სატვირთო მანქანაზე მუშაობს ის ადამიანი და მან სცადა ბავშვის გადარჩენა. დეტალები არ ვიცით. ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება ის მეგობარიც, რომლის სახლში იყო მისული.

- გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ახალი გამოსულია, ხომ არ იცით რა კონფლიქტი იყო მათ შორის?

- რამდენიმე საათის წინ მოხდა ეს ამბავი და მართლა შოკირებულები ვართ. არაფერი ვიცით ჯერჯერობით. ვისზეც ეჭვობენ, ის ბიჭი არის გოგოლესუბნიდან, ასე ამბობენ. არ ვიცით მის შესახებ არაფერი. ამბობენ, ციხიდან გამოსულიაო. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ ბიჭის არ ვიცი. ავთოზე ცუდის მთქმელი არ მეგულება. ისეთი გამორჩეული იყო. თბილისში ივნისის წყალდიდობის ტრაგედიის დროს ივლიტა ჯიბუტი რომ გარდაიცვალა, მაშინ მამამისმა დააწესა ივლიტას სტიპენდია სკოლის გამორჩეულ მოსწავლეებისთვის.ისე კარგად სწავლობდა, ავთო იყო ივლიტას სტიპენდიის მფლობელი. გუშინ ჰქონდა დაბადების დღე და ვიღაცამ სიცოცხლე მოუსწრაფა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას. მიზეზი არ ვიცით, ალბათ გამოძიება დაადგენს. ახლა ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ძალიან დიდი მწუხარებაა მთელ სოფელში. მეშვიდე წელია ამ სოფლის გამგებელი ვარ და არ მახსოვს ვინმეს რამე ცუდი ეთქვას ამ ბავშვზე. ისეთი ლამაზი იყო, გამარჯობას ღიმილით რომ გეტყოდა და თავის ლამაზ ცისფერ თვალებს შემოგანათებდა გული გაგითბებოდა. მართლა საოცარი ბიჭი იყო. ცრემლის გარეშე არ შემიძლია მასზე საუბარი. ძალიან მძიმეა, როგორ შეიძლება ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო და უსულგულოდ მიატოვო ბიჭი ქუჩაში, ბიჭი, რომელსაც არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია. კარგი, ლამაზი, წყნარი ბიჭი იყო. რომ შეხედავდი მართლა გული რომ გაგინათდებოდა ისეთი ახალგაზრდა მოკლეს...ბავშვი, რომლის მსგავსი სუფთა ადმიანები იშვიათია ამ თაობაში. ასეთი კარგი, ზრდილობიანი ბავშვი იყო და მას დანა დაარტყა, გაიქცა დამნაშავე. ველოდებით გამოძიებას, გვითხრეს მალე გაირკვევა ყველაფერიო. ძალიან განვიცდი, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ავთანდილ სიხარულიძის ოჯახის წევრებს და მის ახლობლებს უმძიმესი ტრაგედიის გამო. იმედია, მალე დააკავებენ დამნაშავეს და მთელი სიმკაცრით დაისჯება. ფაქტზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მოკლული ბიჭის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

(სპეციალურად საიტისთვის)

.