"სიკეთის ჯავშანი დავკარგე... ეს დრო ყველაზე მეტი იყო ჩვენს თავგადასავალში" - რას წერს ნათია ბანძელაძე გოგიჩაზე
გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს:
"35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო… იმავე საღამოს სულ რამდენიმე წუთშივე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი - არაფერი ყოფილა… და თურმე ყველა/ფერი საუკეთესო იმ დღიდან დაიწყო. დიდი ტკივილის მიუხედავად, ახლაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებს, წინ ლამაზად გაფერადებულ ფერად-ფერად ნახატებად ვხედავ ჩვენს, ერთად გავლილ წლებს!
ამ 35-დან ცალკე ერთი ცხოვრება ვიცხოვრეთ, ის ორ წელიწადზე მეტი როცა ბრძოლაში შევედით, როცა ერთმანეთს უსიტყვოდ უფრო მეტს ვეუბნებოდით ვიდრე ოდესმე. ეს დრო ყველაზე მეტი იყო ჩვენს თავგადასავალში - როცა სიჩუმეში ვამბობდით ყველაფერს, როცა უთქმელად გამოვხატავდით ერთმანეთისადმი მადლიერებას!!!
მე უდიდესი მეგობარი, საოცარი ადამიანი მყავდა … მე სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ".