"ზელენსკი შარს ეძებს... ეს უკვე უმადურობა კი არა, მტრობის დაწყებაა მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ" - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"ზელენსკი შარს ეძებს... ეს უკვე უმადურობა კი არა, მტრობის დაწყებაა მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ" - The Daily Telegraph

"კიევი ძალიან რისკავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქცევის გამო შეიძლება უკრაინამ მოკავშირეები დაკარგოს", - წერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ჯგუფის მრჩეველი პოლონეთთან ურთიერთობაში - ჯორჯ ბიჩინსკი გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ზელენსკის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო იზრდება რისკი, რომ შეიძლება უკრაინას მოკავშირეები ჩამოშორდნენ“. ავტორის აზრით, კიეველი ლიდერის „გამოხდომები“ პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც უკრაინული ხორბლის ქვეყნის შიდაბაზარზე შეტანა აკრძალეს, „ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე აღმაშფოთებელ შეცდომას“ წარმოადგენს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ჩვენ (ბრიტანელ და პოლონელ წარმომადგენლებს) ხერსონის ოლქში, დნიპროსა და ხარკოვში დახმარება ჩაგვქონდა, უკრაინელი ხალხის მიერ გამოხატული სითბო და კეთილშობილური დამოკიდებულება ყოველთვის თან გვდევდა. როცა ჩვენ უკრაინელ მესაზღვრეს ბრიტანული და პოლონური პასპორტები ვაჩვენეთ, იგი მოგვესალმა სიტყვებით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენ ჩვენიანები ხართ“. უკრაინელი სამხედროები ხელს გვართმევდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ მათი ქვეყნისათვის მძიმე წუთებში გამოვლენილი მხარდაჭერის გამო. ხერსონელი ირინა, მოხუცი ქალი, რომელმაც ახლობლები და სახლი დაკარგა, ჩვენს დანახვაზე ატირდა და მოგვეხვია.

შეიძლება ვინმემ პარადოქსულად ჩათვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ დიპლომატიური დისკუსიის დროს უკრაინის მხრიდან ასეთი თბილი მიდგომა არ შეინიშნება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამასწინანდელი „გამოხდომა“, როცა მან „მოსკოვის დამქაშის“ იარლიყი მიაწება პოლონეთს (და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს), პოლონელებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეებისათვის ძალიან ღრმად საწყენ და სამწუხარო შეფასებას წარმოადგენს. მათ გული ეტკინათ. დიახ, უკრაინა მტერთან მძიმე და სასტიკ ბრძოლას აწარმოებს, მაგრამ მისი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, შარს ეძებს და მოკავშირეებთან კინკლაობას იწყებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლებში სულ უფრო მეტად იგრძნობა მოკავშირეთა მიერ გაწეული დახმარების დაუფასებლობა. რასაკვირველია, დასავლელი მხარდამჭერები ბუნებრივ წყენას გამოხატავენ და კიევს ახსენებენ, რომ სიკეთისათვის მადლობის გადახდაა საჭირო. ამას ამბობდა ყოფილი ბრიტანელი თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეკ სალივანი. სხვათა შორის, არც ინდოელები დაივიწყებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი მრჩევლის გამონათქვამს ნახევარმილიარდიანი აზიური ქვეყნის „სუსტი ინტელექტუალური პოტენციალის“ თაობაზე.

სრულიად გასაგებია, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა უკვე 19 თვეა, ომშია ჩაბმული და, აქედან გამომდინარე, სტრესულ მდგომარეობაშია (და შესაძლოა, ზოგჯერ რაღაც-რაღაცები ვერ მოზომოს), მაგრამ დიპლომატიური უტაქტობის ხშირი გამოვლენები უკვე შეშფოთებას იწვევს. კიევის ასეთ მოქმედებას შეუძლია მოკავშირეების მხარდაჭერა შეასუსტოს. უკრაინას შეიძლება ძვირად დაუჯდეს ასეთი კინკლაობა: არ არის გამორიცხული, რომ მას ეკონომიკური და სამხედრო დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა შეუმცირდეს.

ალბათ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაშვებული ყველაზე შეუწყნარებელი შეცდომაა ის, რომ მან დავა დაუწყო პოლონეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს ხორბლით ვაჭრობის საკითხში. პოლონეთი უყოყმანოდ მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან. კიევში მყოფი პოლონელი ელჩი ერთადერთი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელსაც დედაქალაქი მთელი ომის განმავლობაში არ მიუტოვებია (როგორც ჩანს, ავტორმა არ იცის, რომ კიევი არც საქართველოს ელჩს დაუტოვებია - ს.კ.) და ქვეყნის მთავრობას დიპლომატიურ დახმარებას უწევდა. პოლონეთმა ფართოდ გაუღო კარი უკრაინელებს და მილიონობით ლტოლვილი მიიღო, მისცა მათ სასმელ-საჭმელი, ფული და ჭერით უზრუნველყო.

მე კარგად მახსოვს გაეროს ჩინოვნიკებთან საუბარი 2022 წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე. მათ თქვეს, რომ მთელი თავიანთი სამსახურის განმავლობაში ასეთი დახმარების ძლიერი ნაკადი ჯერ არ უნახავთ - როგორც სახელმწიფოს, ასევე - უშუალოდ პოლონელი ხალხისაგან.

პოლონეთი მხარს უჭერდა უკრაინას სამხედრო თვალსაზრისითაც - ალყაში მოქცეულ კიევს 300 ტანკი გაუგზავნა და ევროკავშირის სხვა წევრებზე ზეწოლა მოახდინა, რათა მათაც „ხელი გაენძრიათ“ და უკრაინას დახმარებოდნენ დრონებით, ტანკებით და თვითმფრინავებით, ძველი გერმანული ჩაფხუტების ნაცვლად.

და ყოველივე ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გონივრულად ჩათვალა ვარშავისათვის მიენიშნებინა, რომ პოლონეთი და მისი აღმოსავლეთევროპელი მეზობლები კრემლთან თანამშრომლობენ! წარმოგიდგენიათ? იგი მათ „აწვება“, რომ უკრაინული ხორბალი შეიტანონ და ამით საკუთარი ფერმერების მდგომარეობა გააუარესონ. პოლონეთს არ შეუძლია თავისი სოფლის მეურნეობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.

2022 წელს, როცა რუსეთმა უკრაინას ომი დაუწყო, ბრიუსელმა კიევს, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, ნება დართო თავისი მარცვლეული მთელ ევროპულ ბაზარზე დაუბრკოლებლივ გაეტანა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, პოლონეთში უკრაინული იაფი ხორბლის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა, რამაც, ბუნებრივია, ადგილობრივი ფერმერების პროტესტი გამოიწვია. მით უმეტეს, რომ თავიანთი ახლად გამომცხვარი უკრაინელი კონკურენტებისაგან განსხვავებით, პოლონელი ფერმერები ევროკავშირში დაწესებული ნორმების შესრულებისაგან არავის გაუთავისუფლებია. ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

საბოლოოდ, ევროკავშირმა პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში უკრაინული ხორბლის შეტანა აკრძალა, მაგრამ ტრანზიტი დატოვა. ჩამოთვლილი ქვეყნებისათვის დიდად გასაკვირად, ამას წინათ ბრიუსელმა თავისი აკრძალვა მოულოდნელად გააუქმა. ამის საპასუხოდ, პოლონეთმა და უკრაინის სხვა მეზობლებმა აკრძალვა ცალმხრივად აღადგინეს ან უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს.

მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა მარცვლეულის მაგნატებმა კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად საჯარო კონფრონტაცია აირჩიეს და ვარშავას, ბრატისლავას და ბუდაპეშტს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლეს, ჩვენი ხორბლის მათ ტერიტორიაზე გასაყიდად შეტანაზე უარს გვიცხადებენო. ეს უკვე უმადურობა კი არა, მტრობის დაწყებაა ერთგულ მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას მძიმე წუთებში მხარს უჭერენ.

თუ კიევი ასეთ მიდგომას გააგრძელებს, ის ქვეყნები, რომლებმაც თვითონ ბევრი რამ მოიკლეს და უკრაინას დაეხმარნენ, თავიანთ პოზიციას გადასინჯავენ და მხარდაჭერას შეამცირებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩემმა კოლეგა-მეგობრებმა, პოლონეთთან მიმართებით თავიანთი მთავრობის მიერ გამოვლენილი უტაქტობის გამო, ჩემთან საუბარში ბოდიში მოიხადეს.

ალბათ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინის ხელისუფლება რეალობას გააცნობიერებს და მიხვდება, მოკავშირეებთან დავა და სავაჭრო ომების გამოცხადება რუსეთზე გამარჯვებას ხელს არ შეუწყობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო